ახალი ამბები

დემოკრატების სამი დეპუტატი სავარაუდოდ კოალიციაში რჩება

5 ნოემბერი, 2014 • 1103
დემოკრატების სამი დეპუტატი სავარაუდოდ კოალიციაში რჩება

ამის შესახებ “დემოკრატების” ერთ-ერთმა ლიდერმა ვიქტორ დოლიძემ განაცხადა 5 ნოემბერს “კურიერთან” საუბრისას.   მისი ინფორმაციით, ისინი რჩებიან კოალიციაში.

 

“ისინი იზიარებენ იმ ფუნდამენტურ ღირებულებებს, რაც აქვს თავისუფალ დემოკრატებს, თუმცა ვიღაცა ვიღაცას გამოაკლდება, ეს პოლიტიკური პროცესია და ისინი ჩვენი მეგობრები არიან”, – განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.

 

კოალიცია “ქართულ ოცნებაში” შეიძლება დარჩეს “თავისუფალი დემოკრატების” კიდევ ერთი წევრი გედევან ფოფხაძე, რომელიც არ ესწრებოდა 5 ნოემბერს ირაკლი ალასანიას მიერ გამართულ საგანგებო ბრიფინგს.

 

ვიქტორ დოლიძემ განაცხადა, რომ დღეს გედევან ფოფხაძე შეუერთდა შეხვედრას კოალიციის პოლიტსაბჭოს სხდომას, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რჩება თუ არა ფოფხაძეც კოალიციაში.

კოალიცია “ქართული ოცნება” ვერ შეინარჩინებს საპარლამენტო უმრავლესობას, თუკი მას “თავისუფალი დემოკრატების”  7-ზე მეტი წევრი დატოვებს. 

 

“თავისუფალმა დემოკრატებმა” კოალიცია 5 ნოემბერს დატოვეს. 4 ნოემბერს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თანამდებობიდან გადააყენა თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია, რომელიც “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერია. მინისტრების პოსტი თავიანთი განცხადებით დატოვეს ალექსი პეტრიაშვილმა, მინისტრმა ევროინტეგრაციის საკითხებში და საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ.  ალასანიას მინისტრობიდან დათხოვნას წინ უძღვოდა თავდაცვის სამიმინისტროს მაღალჩინოსნების დაკავება, რაც ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა  საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციის პროცესთან ბრძოლად შეაფასა.

მასალების გადაბეჭდვის წესი