ახალი ამბები

ფარული მოსმენები: დატოვა თუ არა პრემიერმა სივრცე NGO-ებთან დიალოგის გაგრძელებისთვის

31 ოქტომბერი, 2014 • • 1183
ფარული მოსმენები: დატოვა თუ არა პრემიერმა სივრცე NGO-ებთან დიალოგის გაგრძელებისთვის

“მას შემდეგ, რაც პრემიერმა პირდაპირ დააფიქსირა პოზიცია,  რომ ის ეწინააღმდეგბა ყველანაირ მოდელს გარდა იმისა, რომ შსს-ს ჰქონდეს გასაღები, მაშინ მე თვითონ ვერ ვხვდები, რაღა აზრი აქვს ამ სამუშაო ჯგუფს”, – უთხრა ნეტგაზეთს არასამთავრობო ორგანიზაცია სიდას ხელმძღვანელმა, ზვიად დევდარიანმა, რომელიც “ეს შენ გეხებას” ფარგლებში ფარულ მოსმენებზე ე.წ. გასაღების შსს-ს სისტემიდან გარეთ გატანას ლობირებს.

დღეისათვის არსებული პრაქტიკით, სამართალდამცავ უწყებებს საკომუნიკაციო ოპერატორების არხებზე პირდაპირი დაშვება აქვთ და ნებისმიერი მოქალაქის ინტერნეტკომუნიკაციის ან სატელეფონო საუბრის მიყურადება შეუძლიათ, თუ სასამართლო ნებართვას მოიპოვებენ, მაგრამ გასულ წლებში დაგროვილი ათასობით ფაილი, რომელიც 2013 წელს განადგურდა, მოწმობს იმას, რომ ჩანაწერები ყოველთვის სასამართლოს ავტორიზაციით არ კეთდებოდა. არასამთავრობოთა კოალიცია “ეს შენ გეხებას” კამპანიის ფარგლებში ე.წ. გასაღების შსს-ს სისტემიდან გამოტანას ითხოვს, რაც იმას ნიშნავს, რომ სამართალდამცველებს მოქალაქეების კომუნიკაციებზე პირდაპირი წვდომა აღარ ექნებათ. პარლამენტში ბოლოს დარეგისტრირებული საკანონმდებლო ცვლილებების ვარიანტით, NGO-ები მმართველ გუნდს ე.წ. ორი გასაღების სისტემას სთავაზობენ, რომლის მიხედვითაც სისტემაზე წვდომა და ჩართვის მექანიზმი სასამართლოსა და მობილურ ოპერატორებს ექნებათ, თუმცა, როგორც ირკვევა, ხელისუფლებას ეს ვარიანტი არ მოსწონს:

 

“სახელმწიფო ვერ ანდობს ქვეყნის უსაფრთხოებას, საიდუმლობას და უშიშროებას უცხოურ კომპანიებს და უცხო ქვეყნის მოქალაქეებს. მეორეც, მე ვიცი, რომ საკმაოდ გართულებული აქვთ სამართალდამცავ ორგანოებს იგივე სასამართლოსთან ურთიერთობა, ძალიან ხშირ შემთხვევაში მათ აქვთ მთელი რიგი წინააღმდეგობები, რადგან ხშირად ძალიან მყარად დასაბუთებულ შემთხვევბშიც კი ვერ ახერხებენ ნებართვის მიღებას. აქედან გამომდინარე, ჩემი შეფასებით, ეს გამოიწვევს სრულ კოლაფსს”,- განაცხადა ღარიბაშვილმა 30 ოქტომბერს მთავრობის სხდომაზე. მისივე თქმით, არც ერთ ევროპულ ქვეყანაში “გასაღებს” კომპანიები არ ფლობენ.

 

საიას იურისტი გიორგი გოცირიძე ფიქრობს, რომ სასამართლოს ნაწილში პრემიერმა თავისი განცხადებით პირდაპირ დაადასტურა, რომ გასაღებს მოსამართლის ნებართვის გარეშე იყენებდნენ:

“გასაღების მიზანი რა არის? სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება, მაგალითად, იმისათვის, რომ მიყურადების პროცესი დაიწყო, პირველ ეტაპზე უნდა მიმართო სასამართლოს, მოიპოვო ბრძანება და შემდგომ უნდა მიმართო იმ პირს, ვისაც გასაღები აქვს, რომ გადაწყვეტილება აღსრულდეს. თუ სასამართლოს გადაწყვეტილება არ გვაქვს და მოსამართლემ პროკურორს მოსმენის შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარი უთხრა, მაშინ რაში გვჭირდება გასაღები? უკანონო მოსმენებისთვის? ეს ხომ აბსურდია. პრემიერ-მინისტრის ეს განცხადება არის არაპირდაპირი დადასტურება, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე ამ გასაღებს იყნებედნენ უკანონო მოსმენებისთვის”.

რაც შეეხება ოპერატორებს და იმას, რომ მათ უკან უცხოელები დგანან, გოცირიძის თქმით, ეს არგუმენტად საერთოდ არ გამოდგება, რადგან უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებს სურვილის შემთხვევაში ამა თუ იმ პირის მოსასმენად სულაც არ სჭირდებათ მობილური ოპერატორების გასაღები, რადგან ამას სხვა საშუალებებითაც გააკეთებენ:

 

“იგივე გავიხსენოთ სნოუდენის სკანდალი და ანგელა მერკელის საუბრების ჩაწერა. ეს ხომ არ მომხდარა გერმანიაში მოქმედი მობილური ოპერატორების მეშვეობით, არადა გერმანია არის ის ქვეყანა, რომლის გასაღებიც არის მობილური ოპერატორების ხელში, მაგრამ ანგელა მერკელის საუბრის ჩასაწერად გერმანიაში მოქმედი ამერიკული კომპანიები არ გამოუყენებიათ. იგივე საქართველოს მაგალითი, წლების განმავლობაში ჩვენთან შსს-ს აქვს გასაღები, მაგრამ ამის მიუხედავად რუსეთის სპეცსამსახურებმა მაინც მოახერხეს პრეზიდენტ სააკაშვილის საუბრის ჩაწერა და მისი ინტერნეტში განთავსება. გასაღების მობილური ოპერატორებისათვის გადაცემა უსაფრთხოების რისკებს არც ზრდის და არც ამცირებს”, – ამბობს გოცირიძე და დასძენს, რომ პრემიერის მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ევროპაში ფარული საგამოძიებო მოქმედებების დასაწყებად საჭირო ჩართვის მექანიზმს, იგივე გასაღებს ოპერატორები არ ფლობენ, სიმართლეს არ შეესაბამება. მისი თქმით, პირიქით, ევროპის უმრავლეს ქვეყნებში, მათ შორის საფრანგეთსა და გერმანიაში, ეს მექანიზმი სწორედ ოპერატორების ხელშია.

 

საქართველოს პარლამენტმა 2014 წლის 1 აგვისტოს დაამტკიცა კანონპროექტი ფარული მიყურადების შესახებ. ცვლილებები შევიდა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში, რომლის მიხედვითაც ფარული მიყურადება უნდა განხორციელდეს მაშინ, თუ ეს წარმოადგენს აუცილებელ, შესაბამის და პროპორციულ საშუალებას ლეგიტიმური მიზნების მიღწევისთვის. აგვისტოში მიღებულმა კანონმა პერსონალურ მონაცემებზე პირდაპირი წვდომის უფლება, ე.წ. გასაღები კვლავ დაუტოვა შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომელსაც კვლავ შეუძლია მოქალაქეების სატელეფონო საუბრების მოსმენა ან ელექტორნული კომუნიკაციების თვალთავლი ისე, რომ საქმის კურსში არ ჩააყენონ ჯიესემ ოპერატორები და ინტერნეტ პროვაიდერები. გარდა ამისა აგვისტოში დამტკიცებულმა კანონმა არ შექმნა კონტროლის მექანიზმი. 2014 წლის აგვისტოში „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში 1 ნოემბერი განისაზღვრა იმ ვადად, რა დრომდეც პარლამენტს შესაბამისი რეგულაციები უნდა შეემუშავებინა. ამ საკითხზე სამუშაოდ შეიქმნა კომისია პარლამენტის წევრების, მთავრობის წარმომადგენლების და არასამთავრობოების მონაწილეობით. კომისიას უნდა ემსჯელა და ნოემბრამდე შეემუშავებინა კანონპროექტი, რომელიც განსაზღვრავდა, ვის ექნებოდა იმ მოწყობილებების “გასაღები”, რომლითაც ხორციელდება ფარული მოსმენა/თვალთვალი. ნოემბრამდე ამ საკითხის გადაწყვეტა ვერ მოხერხდა და 30 ოქტომბერს პარლამენტმა შსს-ს მოქალაქეების კომუნიკაციებზე პირდაპირი და წვდომა თებერვლის ბოლომდე გაუხანგრძლივა.

 

ნეტგაზეთი დაინტერესდა, ხომ არ აპირებენ “ეს შენ გეხებას” წარმომადგენლები ზემოხსენებული სამუშაო ჯგუფის დატოვებას პრემიერის შესაბამისი განცხადების შემდეგ:

 

“ჩვენ ვფიქრობთ, რომ მაქსიმლაურად, ბოლომდე უნდა ამოვწუროთ ყველა რესურსი, რომელიც სამუშაო ფორმატში არსებობს. შევეცდებით, რომ დისკუსიას მივაღწოთ”, – ამბობს ჟურნალისტი ლაშა ტუღუში.

 

კითხვას, დატოვა თუ არა პრემიერის განცხადებამ სივრცე დიალოგისთვის, იგი ასე პასუხობს:

 

“ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. ყველა შესაძლებლობა უნდა გამოვიყენოთ, რათა პროცესი კონსტრუქციული იყოს”, – ამბობს იგი.

 

განსხვავებულად ფიქრობს “ეს შენ გეხებას” კიდევ ერთი წარმომადგენელი ზვიად დევდარიანი, თუმცა ტუღუშისაგან განსხვავებით პარლამენტის მიერ ფარული მოსმენების კანონმდებლობაზე სამუშაოდ შექმნილი ჯგუფის წევრი არ არის:

 

“რაღაზე უნდა ვიმსჯელოთ? ერთადერთი იმაზე, რომ გასაღები შსს-ს ხელში დარჩეს, ოღონდ რაიმე ტიპის კონტროლის მექანიზმიც ხომ არ იყოს… გამოდის, რომ სივრცე სხვა არაფრისთვის რჩება. შესაბამისად, მე ვერ ვხდები, რა არის ამ სამუშაო ჯგუფის ამოცანა. პრემიერის მხრიდან რეალურად გამოთქმულია პოზიცია, რომ ის არც ერთ სხვა ვერსიას არ დაუჭერს მხარს. თუ მთავრობა არ დაუჭერს მხარს, შესაბამისად, არც საპარლამენტო უმრავლეოსბა დაუჭერს და ალბათ სხვა ვერსიას არც აქვს არჩევის ვარიანტი”, – ამბობს დევდარიანი.

ფარული მოსმენების საკითხის დარეგულირებას ხელისუფლებისაგან არა მხოლოდ არასამთავრობოები, არამედ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაც მოელის, რომელმაც 1 ოქტომბრის რეზოლუციაში ასეთი რეკომენდაცია ჩაწერა:

 

“ასამბლეა შეშფოთებას გამოთქვამს სამართალდამცავი უწყებების მხრიდან საქართველოს მოქალაქეების სისტემური უკანონო მიყურადების გამო, რაც საქართველოს მიერ ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციის მიხედვით ნაკისრ ვალდებულებებს არღვევს.

 

მიუხედავად იმისა, რომ მივესალმებით ბოლოს გატარებულ ზომებს ამ საკითხის მოსაგვარებლად, საჭიროა ყოვლისმომცველი კანონმდბელობა მიყურადებისა და პერსონალური მონაცემების დამუშავების რეგულირებისთვის”, – ნათქვამია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი