ახალი ამბები

ტარიელ ნაკაიძე: სახელმწიფო რელიგიური უმცირესობების უფლებების უხეშ დამრღვევად გვევლინება

22 ოქტომბერი, 2014 • • 1190
ტარიელ ნაკაიძე: სახელმწიფო რელიგიური უმცირესობების უფლებების უხეშ დამრღვევად გვევლინება

“სამწუხაროდ, აღნიშნული ფაქტების მთავარი მაპროვოცირებელი ძალა სახელმწიფოა და ნაცვლად იმისა, რომ უზრუნველყოს უმცირესობის უფლება, დაიცვას მოქალაქის უფლებები, გვევლინება მთავარ როლში, როგორც უფლების უხეში დამრღვევი. ქობულეთში, მუსლიმის სასწავლებელზე ღორის თავის აჭედება პოლიციის თვალწინ ხდება, რასაც მათი მხრიდან არანაირი რეაქცია არ მოჰყოლია. მაგრამ როცა მუსლიმი თემი ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხეში არსებულ საკუთარი სამლოცველოს დანგრევას, უსახურ კლუბად ქცევას აპროტესტებს, ამ დროს პოლიცია თავს ესხმის და აპატიმრებს მათ.  მოვუწოდებთ და ვთხოვთ ყველას, საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, სრულიად საქართველოს მოსახლეობას, მთელ საქართველოს მოსახლეობას, განურჩევლად რწმენისა და ეთნიკური ჯგუფისა, შეაჩერეთ სოფელ მოხეში მეჩეთის დემონტაჟი. დღეს ჩვენი ქვეყანა განსაცდელშია. ყველა ერთად აღვუდგეთ წინ უსამართლობას. ვფიქრობთ, ეს არ არის მხოლოდ მუსლიმი თემის პრობლემა, ეს არის ჩვენი ქვეყნის წინსვლისა და განვითარების შეჩერების პრობლემა. ჩვენი ქვეყნის შემდგომი უსაფრთხოებისა და სიმშვიდის შენარჩუნების პრობლემა”.-ამბობს ნაკაიძე.

 

დღეს, 22 ოქტომბერს სოფელ მოხეში ძველი მეჩეთის შენობასთან 50-მდე პოლიციელი დილიდან იყო მობილიზებული, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, იქ ერთ-ერთი შენობის აღდგენითი სამუშაოები დაიწყო, რომელსაც სახელმწიფო ტენდერში გამარჯვებული კომპანია ახორციელებს. ადგილობრივი მუსლიმები მეჩეთის ნაცვლად კულტურული ცენტრის და ბიბლიოთეკის მშენებლობის წინააღმდეგია. ჭელის მინარეთის წინამძღვარი ჯამბულ აბულაძე ამბობს, რომ 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნების წინ მათ მუფთი ჯემალ პაქსაძე მოხეს მეჩეთის გადმოცემას დაპირდა და უთხრა, რომ ეს საკითხი სახელმწიფოსთან მოგვარებული იყო. მისივე თქმით, ასე არ მომხდარა და ჯემალ პაქსაძემ ისინი მოატყუა, რის გამოც მას უნდობლობას უცხადებენ.

 

ძველი მეჩეთის ტერიტორიაზე სამუშაობის დაწყებას ადგილობრივ მუსლიმების უკმაყოფილება მოჰყვა. ადგილობრივი მცხოვრები ოთარ გორგაძე ამბობს რომ პოლიციამ რამდენიმე ადამიანს  ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. მომხდარი ინციდენტის გამო შსს-მ 14 პირი დააკავა, აქედან 11 მათგანი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის, ხოლო 3 მათგანი სისხლის სამართლის კოდექსის მუხლებითაა დაკავებული.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი