სამართალი

საკანონმდებლო ცვლილებები დისკრიმინაციის აღმოსაფხვრელად

3 დეკემბერი, 2014 • • 1298
საკანონმდებლო ცვლილებები დისკრიმინაციის აღმოსაფხვრელად

 

სახალხო დამველის მართლმსაჯულების დეპარტამენტის უფროსის ნათია კაციტაძის თქმით, მოქმედ კანონში ხარვეზები სამი მიმართულებით არსებობს. სახალხო დამცველს არ გააჩნია ბერკეტი, რომლის მიხედვითაც შესაძლო დისკრიმინაციის დროს, საჯარო სამართლის იურიდიულ პირის მსგავსად, კერძო პირებს  10 დღის ვადაში მოთხოვნილი ინფორმაციის წარდგენა დაავალდებულოს.

 

“ანტიდისკრიმინაციული კანონის მიხედვით, კერძო პირებმა ნებაყოფლობით უნდა წარადგინონ ეს ინფორმაცია. ვალდბულება იმისა, რომ მათ ეს ინფორმაცია მიაწოდონ სახალხო დამცველს, კანონმდებლობით გარანტირებული არ არის”- ამბობს კაციტაძე

 

მიუხედავად იმისა, რომ ომბუდსმენის რეკომენდაციების შესრულების ვალდებულება, მოქმედი კანონის თანახმად, არც საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს და არც კერძო პირებს არ აქვთ, როგორც კაციტაძე განმარტავს, სახალხო დამცველს აქვს მექანიზმი, რისი საშუალებითაც რეკომენდაციის შეუსრულებლობის შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოს წინააღმდეგ სასამართლოს მიმართოს და მოითხოვოს ქმედების განხორციელება ან აქტის გამოცემა:

 

“როცა საქმე ეხება არაადმინისტრაციულ ორგანოს, მსგავსი ბერკეტი სახალხო დამცველს არ გააჩნია. თუკი ომბუდსმენი კერძო პირებთან მიმართებაში გასცემს რეკომენდაციას და იგი არ შესრულდა, მისი აღსრულების სხვა ეფექტური მექანიზმი ამ კანონის მიხედვით არ გაგვაჩნია”.

 

კიდევ ერთი ხარვეზი ანტიდისკრიმინაციული კანონის იმ ნორმას უკავშირდება, რომლის მიხედვითაც, თუკი საქმე სასამართლოშია გასაჩივრებული, სახალხო დამცველმა მისი განხილვა უნდა შეაჩეროს. ეს განსაკუთრებულ პრობლემას შრომით დისკრიმინაციასთან დაკავშირებულ საქმეებზე ქმნის. შრომითი გათავისუფლების დროს შრომის კოდექსი და საჯარო სამსახურის შესახებ კანონი ერთი თვის ხანდაზმულობის ვადას ითვალისწინებს, ანტიდისკრიმინაციული კანონის თანახმად კი, გასაჩივრების ვადა 3 თვეა, ამიტომ მომჩივანი არჩევნას სასამართლოს სასარგებლოდ აკეთებს და პირდაპირ იწყებს დავას:

“შრომითი დავების შემთხვევაში, პირის პირველადი ინტერესი, თუნდაც იგი ამტკიცებდეს დისკრიმინაციას მის მიმართ და ამ საფუძვლით მის გათავისუფლებას,  ბრძანების გაუქმებაა. ამიტომ გასაჩივრების ვადის გაშვება რეალურად პრობლემრია, შეიძლება მომავალში ვეღარ მიაღწიონ მთავარ შედეგს – სამსახურში აღდგენას, ამიტომ მათთვის მნიშვნელოვანი იქნება ეს საქმეები სასამართლოში გასაჩივრდეს, რაც ნიშნავს იმას, რომ სახალხო დამცველი ამ საქმეებზე შესწავლას ვეღარ გააგრძელებს”.

 

 

სახლახო დამცველის აპარატის წარმომადგენლის გარდა ანტიდისკრიმინაციული კანონის ეფექტურობასთან დაკავშირებულ ხარვეზებზე ისაუბრა იურისტმა გიორგი გოცირიძემ, რომელიც კონფერენციაზე  ფონდ  “ღია საზოგადოება -საქართველოს” მხარდაჭერით მოქმედ დისკრიმინაციასთან მებრძოლ არასამთავრობოების კოალიციას წარმოადგენდა.

 

მას შემდგ, რაც ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტის თავდაპირველი ვერსია შეიცვალა და თანასწორობის ინპექტორის ინსტიტუტის შემოღების იდეა გაუქმდა, ხოლო ანტიდისკრიმინაციულ კანონზე ზედამხედველობის ფუნქცია სახალხო დამცველმა შეითავსა, გაუქმდა ის ჩანაწერიც, რომელიც ინსპექტორს დისკრიმინაციის შემთხვევაში დაჯარიმების საშუალებას აძლევდა.  გიორგი გოცირიძე ამბობს, რომ მხოლოდ და მხოლოდ მორალური ზიანის  ანაზღაურების მექანიზმი არსებობს სასამართლოში, მაგრამ მორალური ზიანის კრიტერიუმი გაუგებარი და ბუნდოვანია:

 

“ის ზიანი, რაც მსხვერპლმა განიცადა, თანხაში როგორ უნდა იყოს გამოხატული, ეს რეალურად არ არის განჭვრეტადი ჩვენი კანონმდებლობით. ის სანქციები, რაც კანონის დარღვევას მოჰყვება, არ არის ეფექტური, პროპორციული, არ არის  დამარწმუნებელი დისკრიმინაციის ჩამდენი პირისთვის. პარლამენტი კიდევ ერთხელ უნდა მიუბრუნდეს აღსრულების მექანიზმის საკითხს. არაა სავალდებულო,  ომბუდსმენი  რეპრესიულ ინსტიტუტად ვაქციოთ, შეიძლება დავუტოვოთ მას რეკომენდაციის ფუნქცია, მაგრამ სასამართლოს შემთხვევაში უნდა იყოს მორალური ზიანის კრიტერიუმები მკაფიოდ განსაზღვრული. როდესაც ამ კანონის განხილვა მიმდინარეობდა ადამიანის უფლებათა კომიტეტში, შევთავაზეთ მინიმალური და მაქსიმალური ოდენობა ყოფილიყო გაწერილი, თუმცა პარლამენტმა ეს ინიციატივა, სამწუხაროდ, არ გაიზიარა”,- ამბობს გოცირიძე.

 

კანონის აღსრულების ეფექტურ მექანიზმებთან დაკავშირებული ხარვეზების გარდა, შეხვედრაზე ხაზი გაუსვეს ისეთ საკითხებს, რომლებიც ცნებების განმარტებას და სხვა შინაარსობრივ ნორმებს უკავშირდება. ადამიანის უფლებების ეროვნული ინსტიტუტის აკადემიური თანადირექტორი გიორგი მშვენიერაძე ამბობს, რომ ზნეობის ცნების შემოტანა დისკრიმინაციის ამკრძალავ კანონში ყველაზე საკამათოა.

 

“დისკრიმინაციული მოპყრობა არ მიიჩნევა დისკრიმინაციად, როდესაც ეს საზოგადოებრივი წესრიგის და ზნეობის დასაცავად კანონით განსაზღვრულ მიზანს ემსახურება. ვინც იურისტები ვართ, ვიცით, რომ ზნეობის დასაცავად კანონით განსაზღვრული მიზანი ვერასდროს ვერ იმოქმედებს, რადგან არ შეიძლება კანონი ზნეობის დასაცავად ადგენდეს რამეს, რადგან ზნეობა, მორალი  აბსოლუტურად სხვა კატეგორიაა. ამ დებულების კანონში გაჩენა იყო დაყვავება იმ ადამიანებისადმი, ვინც კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდნენ კანონის იმ სახით მიღებას, რომლითაც შესაძლებელია რეგულირების ქვეშ მოქცეულიყო ყველა ადამიანი, მათ შორის  სექსუალური ორიენტიცის ნიშნით. ეს იყო მათთვის “გადახდილი ხარკი”, რამაც შესაძლებელია სამომავლოდ აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვიოს საზოგადოებაში, რადგან კანონის ისეთ განმარტებას, რომელიც მორალისთვის და ზნეობისთვის შეუფერებლია, ოპონენტები ყოველთვის გამოიყენებენ”.

 

მართალია, ანტიდისკრიმინაციული კანონი 2014 წლის მაისში მიიღეს, თუმცა სახალხო დამცველის აპარატში თანასწორობის დეპარტამენტი 20 ნოემბერს შეიქმნა, დეპარტამენტის ხელმძღვანელად მაკა გიოშვილი კი 24 ნოემბერს დაინიშნა. მანამდე დისკრიმინაციულ მოპყრობასთან დაკავშირებულ საჩივრებს სახალხო დამველის მართლმსაჯულების დეპარტამენტი იღებდა.  სახალხო დამცველის აპარატში სულ 40-მდე განცხადება შევიდა, თუმცა  ამჟამინდელი მდგომარეობით თანასწორობის დეპარტამნტი 12 საქმეს განიხილავს. მათ შორისაა შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა პოლიტიკური მოტივებით და პროფესიული კავშირის კუთვნილების გამო.  ამას გარდა, ადამიანს სექსუალური ორიენტაციის ნიშნით უარი უთხრეს დაწესებულებაში მიღებაზე, რესტორანში შეშვებაზე. ასევე, მათ პოლიციამ შეკრების უფლება არ მისცა.

 

ახალ საკანონმდებლო ინიციატივებზე სახალხო დამცველის აპარატის სხვადასხვა დეპარტამენტი ერთობლივად მუშაობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი