ახალი ამბები

დემეტრაშვილი: საპარლამენტო უმრავლესობის არარსებობას შეიძლება მთავრობის გადაყენება მოყვეს

5 ნოემბერი, 2014 • • 1803
დემეტრაშვილი: საპარლამენტო უმრავლესობის არარსებობას შეიძლება მთავრობის გადაყენება მოყვეს

ავთანდილ დემეტრაშვილი ამბობს, რომ საპარლამენტო უმრავლესობა იმ შემთხვევაში დაიშლება, თუ “თავისუფალი დემოკრატების” ათწევრიანი ფრაქცია გავა კოალიციიდან და საპარლამენტო უმრავლესობას დარჩება 73 ხმა, რომელიც არ იქნება საკმარისი კონსტიტუციის გადასინჯვის, ორგანული კანონისა და ბიუჯეტის მიღებისთვის.

 

“ყველაზე საინტერესო ის არის, რომ შეიძლება შეიქმნას პრობლემები ბიუჯეტის მიღებასთან დაკავშირებით. ბიუჯეტის მიღებასთან დაკავშირებით შეიძლება დადგეს მთავრობის პასუხისმგებლობის საკითხი”, – ამბობს დემეტრაშვილი.

 

კონსტიტუციონალისტის აზრით, მთავარი საკითხი არის ბიუჯეტის მიღების საკითხი. თუ პარლამენტმა პირველ იანვრამდე არ მიიღო ბიუჯეტი, რასაც სჭირდება სიითი შემადგენლობის უმრავლესობა, 76 ხმა, ამ შემთხვევაში მთავრობას კიდევ ორი თვე მიეცემა ახალი ბიუჯეტის წარსადგენად.

 

იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტმა ბიუჯეტი არ მიიღო, მაშინ პარლამენტი მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურას დაიწყებს, ან ეს პროცესი პარლამენტის დათხოვნით დასრულდება, განმარტავს დემეტრაშვილი. თუმცა მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადებას სჭირდება საპარლამენტო უმრავლესობა:

 

“ანუ იმ შემთხვევაში, თუ უმრავლესობა აღარ იქნება, საქმე გვექნება ინსტიტუციურ კრიზისთან, რომელსაც შეიძლება მოყვეს ან მთავრობის გადაყენება, ან პარლამენტის დათხოვნა”, – განმარტავს ავთანდილ დემეტრაშვილი.

 

დემეტრაშვილი ხაზს უსვამს იმას, რომ სამი ხმის მოგროვება არ არის ძნელი პარლამენტში, არიან უფრაქციო და თავისუფალი დეპუტატები და მათი მიმხრობის შემთხვევაში  “ქართული ოცნება” საპარლამენტო ხმების უმრავლესობას მოაგროვებს.

 

“მე არ ვამბობ იმას, რომ აუცილებლად შეიქმნება ასეთი რამ. მე არც იმას გამოვრიცხავ, რომ “თავისუფალი დემოკრატების” პოზიცია იქნება შერჩევითი, ანუ ზოგიერთი რამეს მათ შეუძლიათ დაუჭირონ მხარი და შეუძლია არც დაუჭირონ”, – ამბობს დემეტრაშვილი.

 

კითხვაზე, თუ რა როლი აქვს საქართველოს პრეზიდენტს კრიზისების დროს, დემეტრაშვილი ამბობს, რომ პრეზიდენტს შეუძლია საჭიროები შემთხვევაში კანონებს ვეტო დაადოს. დემეტრაშვილის თქმით, პრეზიდენტის უფლებამოსილება ძალიან ზოგადია.

 

“ძალიან ზოგადია პრეზიდენტის უფლებამოსილებები. მას შეუძლია თავისი განცხადებებით, თავისი ვეტოთი გარკვეული გავლენა მოახდინოს. მას შეუძლია მოიწვიოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა და იმსჯელოს ამ საკითხზე. თუმცა რეპრესიული ღონისძიებების გატარება მას არ შეუძლია”, – ამბობს დემეტრაშვილი.

 

ირაკლი ღარიბაშვილმა გუშინ თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ალასანია თანამდებობიდან დაითხოვა, ხოლო დღეს – მისი მოადგილეები. საქართველოს მთავარ პროკურატურაში თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების წინააღმდეგ თანხის გაფლანგვის ბრალებით გამოძიება მიმდინარეობს.

 

ალასანიამ გუშინ განაცხადა, რომ პროკურატურის მოქმედებები არის შეტევა საქართველოს ევროპულ კურსზე. დღეს არის დაგეგმილი კოალიცია “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს შეხვედრა.

კონსტიტუციონალისტი ავთანდილ დემეტრაშვილი. ფოტო: რადიო თავისუფლება
კონსტიტუციონალისტი ავთანდილ დემეტრაშვილი. ფოტო: რადიო თავისუფლება

მასალების გადაბეჭდვის წესი