ახალი ამბები

თავისუფალი დემოკრატები: ქვეყნის ევრო-ატლანტიკურ კურსს ექმნება აშკარა და რეალური საფრთხე

19 თებერვალი, 2015 • • 1009
თავისუფალი დემოკრატები: ქვეყნის ევრო-ატლანტიკურ კურსს ექმნება აშკარა და რეალური საფრთხე

“ბიძინა ივანიშვილის პირადმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში, ზურა აბაშიძემ გააკეთა საგანგაშო განცხადება, რომლის თანახმადაც „ნატოსთან თანამშრომლობა არანაირად არ არის მიმართული იმ მიზნისკენ, რომ საქართველოში განთავსდეს ნატო-ს სამხედრო ინფრასტრუქტურა და რომ ასეთი გეგმა ბუნებაში არ არსებობს და დღეს და ხვალ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება დღის წესრიგში არ დგას“. მაშინ, როდესაც მიმდინარე წლის ბოლოს იმართება ნატოს მინისტერიალი და მომდევნო წელს ნატოს სამიტი, ეს განცხადება არის ღია დადასტურება იმ ფაქტის, რომ ჩვენი ქვეყნის ევრო-ატლანტიკურ კურსს ექმნება აშკარა და რეალური საფრთხე, რაზედაც „თავისუფალი დემოკრატები“ დიდი ხანია მივუთითებთ. რადგან ნატოს უელისის სამიტზე მიღებული არსებითი პაკეტი სწორედ ის გეგმაა, რომელიც ითავლისწინებს ნატოს ინფრასტრუქტურის განთავსებას საქართველოში და ქვეყნის საბოლოო მიზნის, ნატოში გაწევრიანების ხელშეწყობას. უელსის სამიტის ჩათვლით, ჩვენი ყველა ქმედება იყო მიმართული საქართველოს ნატოში გაწევრიანებისაკენ, რაც, ბუნებრივია, ასევე არის ალიანსის მყარი გადაწყვეტილება”,-ნათქვამია “თავისუფალი დემოკრატების” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

თავისუფალი დემოკრატები მიმართავენ  საქართველოს პრეზიდენტს, გააკეთოს საჯარო განცხადება და დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია ამ განცხადებასთან დაკავშრებით. ასევე, მიმართავს საგარეო და ევროატლანტიკურ სამინისტროებს, რომ გაემიჯნონ აღნიშნულ განცხადებას და დააფიქსირონ საკუთარი ერთგულება ნატოში საქართველოს გაწევრიანებისადმი.  პარტია მიმართავს არასამთავრობო ორგანიზაციებს, გამოხატონ საკუთარი მოქალაქეობრივი პოზიცია და არ მისცენ უფლება მთავრობას გადაუხვიოს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური კურსიდან.

 

დღეს, 19 თებერვალს საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძემ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პასუხად განაცხადა, რომ ნატოსთან თანამშრომლობის მიზანი არაა საქართველოში ნატოს სამხედრო ინფრასტრუქტურის განთავსება.

 

“ბრიუსელშიც, თბილისშიც, მოსკოვშიც, კარგად იციან, რომ დღეს და ხვალ საქართველოს გაწევრიანება ნატოში დღის წესრიგში არ დგას. ჩვენი ურთიერთობა მესამე ქვეყნებთან ან საერთაშორისო ორგანიზაციებთან კარასინთან საუბრის თემა არ არის”, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

 

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა გუშინ განაცხადა, რომ რუსეთი შესაბამის ნაბიჯებს გადადგამს იმ შემთხვევაში, თუ ნატო პრაქტიკულ ნაბიჯებს გადადგამს საქართველოს ალიანსში ჩასათრევად

მასალების გადაბეჭდვის წესი