ახალი ამბები

ივანიშვილის თქმით, ყიფიანის და მასთან დაპირისპირებული თანაგუნდელების შერიგებას ცდილობდა

30 აპრილი, 2015 • • 965
ივანიშვილის თქმით, ყიფიანის და მასთან დაპირისპირებული თანაგუნდელების შერიგებას ცდილობდა

“სპორტის მინისტრზე რამდენი ხანია მიდის დებატები, რომ საკუთარ გუნდთან აქვს პრობლემები. მე პირადად ძალიან მესიმპათიურება ყიფიანი და ძალიან დიდ პატივს ვცემ. ძალიანაც განვიცადე. არ დაგიმალავთ, მქონდა მცდელობა მათი შერიგების, მაგრამ არ მოხერხდა და პრემიერმა მიიღო ეს გადაწყვეტილება… რაც მთავარია, თვითონ მიიღო გადაწყვეტილება. პრემიერი მას ესაუბრებოდა და ესეც გაცხადებულია. ყველაზე დიდი კითხვა, რაც ისმის, არის ის, თუ რატომ შფოთავთ ასე”,- მიმართა ჟურნალისტებს ივანიშვილმა, რომელიც “თბილისი მარიოტში”  „მოქალაქის“ და „საზოგადოება 2030“-ის ორგანიზებით გამართულ ეკონომიკურ კონფერენციაზე – „საქართველოს ეკონომიკა – მიღწევები და გამოწვევები“- იმყოფება.

 

შეკითხვაზე, რა სტატუსით ცდილობდა ლევან ყიფიანისა და პარლამენტის სპორტის კომიტეტის წევრების შერიგებას, ივანიშვილმა უპასუხა, რომ ყველა მათგანს იცნობს და მათთან მეგობრობს. მისივე თქმით, ადრეულ ეტაპზე ცდილობდა მათ შერიგებას.

 

29 აპრილს სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი ლევან ყიფიანი თანამდებობიდან გადადგა.

 

“არ მინდა შევიდე დაპირისპირებაში ჩემივე გუნდის წარმომადგენლებთან”,– განაცხადა გადადგომისას ლევან ყიფიანმა.  მან ის დაპირისპირება იგულისხმა, რაც პარლამენტის სპორტის კომიტეტს მასთან ჰქონდა. კომიტეტი ლევან ყიფიანის მუშაობით უკმაყოფილო იყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი