ახალი ამბები

ღარიბაშვილი: დაგეგმილი 5%-იანი ეკონომიკური ზრდის გადახედვა მოგვიწევს

21 თებერვალი, 2015 • • 874
ღარიბაშვილი: დაგეგმილი 5%-იანი ეკონომიკური  ზრდის გადახედვა მოგვიწევს

“ჩვენ ვაპირებთ გადავხედოთ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებს. მაგალითებს გეტყვით – აზერბაიჯანმა სულ ახლახან გამოაცხადა, რომ მათი ეკონომიკური ზრდა იქნება 1.5%. სომხეთის და მოლდოვას- 0%, ევროპაში ეკონომიკური ზრდის მაქსიმუმი 1-2%-ია. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვერ ვიქნებით გამონაკლისი. დაგეგმილი გვქონდა 5%-იანი ზრდა, მაგრამ შექმნილ სიტუაციაში მოგვიწევს ამის გადახედვა და ამის თაობაზე აქტიურ კომუნიკაციას დავიწყებთ საზოგადოებასთან უახლოეს დღეებში”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ ლარის გაუფასურების ტენდენციის გამო 30 იანვარს განაცხადა, რომ ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების გადაწყვეტილება მიიღო. ქადაგიძემ განაცხადა, რომ ლარის გასამყარებლად ეროვნული ბანკი პირველ ეტაპზე სავალუტო ინტერვენციებს განახორციელებს და რეფინანსირების განაკვეთს გადახედავს. ამ ინსტრუმენტების გამოყენების შემდეგ კი ქვეყანაში 2015 წელს დაგეგმილი ეკონომიკური ზრდა 5% ვეღარ იქნება. მთავრობას ამ პროგნოზის გადახედვა და ბიუჯეტის კორექტირება მოუწევს.

 

ეროვნულმა ლარმა აშშ დოლართან მიმართებაში გაუფასურება 2014 წლის ნოემბრიდან დაიწყო. 20 ნოემბერს 100 აშშ დოლარის ყიდვა 177 ლარად იყო შესაძლებელი, 21 თებერვლის მონაცემებით კი, 100 დოლარის ყიდვისთვის 221 ლარია საჭირო. ლარის გაუფასურების გამო ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების გადაწყვეტილება მიიღო.
 

მასალების გადაბეჭდვის წესი