ახალი ამბები

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის სიახლეები და სტატისტიკა

22 დეკემბერი, 2014 • • 2011
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის სიახლეები და სტატისტიკა

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ, დღეს ექსპო-ჯორჯიაში საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის 2 წლის ანგარიში წარადგინა. 

 

სამინისტროს მიერ წარმოდგენილი სტატისტიკით, 2014 წლის 20 ნოემბრის მდგომარეობით გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურებით 493 145-მა ბენეფიციარმა ისარგებლა. გადაუდებელი სტაციონარული მომსახურება 162 016-მა ბენეფიციარმა მიიღო. ქიმიო-ჰორმონო და სხივური თერაპია 31 598 პაციენტს დაენიშნა, გეგმიური ქირურგიული ჩარევა კი 71 172-ს, ხოლო კარდიო ქირურგია 2 448 პაციენტს. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში 60 970 ორსულმა იმშობიარა. 

 

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ შეკრებილ საზოგადოებას საგარანტიო ფურცლის გამარტივებული პროცედურის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. ბენეფიციარს საგარანტიო ფურცლის წამოსაღებად სერვის-ცენტრში მისვლა აღარ მოუწევს, პასუხი ელექტრონულად გადაეგზავნება კლინიკას. დავით სერგეენკოს განცხადებით, ჯანდაცვის სფეროში მომავალი სიახლე მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა იქნება:

 

“საქართველოში მცხოვრები მოქალაქეების 100% უზრუნველყოფილია სამედიცინო დაზღვევით. იყო დრო, როდესაც ადამიანებს მთელი ქონების გაყიდვა უხდებოდათ იმისთვის, რომ სამედიცინო ხარჯები დაეფარათ. სახელმწიფოს უფლება არ აქვს, თავისი მოქალაქე უფულობის გამო მოკლას. ამ ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ადამიანებს ჰქონდეთ ხელმისაწვდომი ჯანდაცვა. ბუნებრივია, არის პრობლემები, რომელთა აღმოფხვრაზეც სისტემატურად ვმუშაობთ. ბოლო პერიოდის მდგომარეობოთ, ჯანდაცვის დანახარჯებიდან ძალიან მაღალია მედიკამენტებზე დახარჯული თანხა. ზოგი კვლევის მიხედვთ ეს არის 40%, ზოგი კვლევით კი 60%, რაც წარმოუდგენლად მაღალია და მკურნალობის ხარჯების 1/3 -ზე მეტი არ უნდა იყოს. ჩვენ უკვე დავიწყეთ რამდენიმე პროექტი, მაგალითად, “ინტერფერონი” რომელიც შევთავაზეთ 60%-იანი ფასდაკლებით. ახალი გაფართოება იქნება ძირითად ესენციურ წამლებზე, იმედი გვაქვს, რომ მნიშვნელოვანი ფასდაკლება მოხდება.” 

 

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის ზაზა სოფრომაძის განცხადებით, მოქალაქეებისთვის საგარანტიო წერილებთან დაკავშირებული წესი გამარატივდა:


“თუკი აქამდე ოპერაციებისა და სხვა დანიშნულებისთვის საჭირო საგარანტიო წერილი პაციენტს თავად უნდა წამოეღო ჯანდაცვის ცენტრიდან და შემდეგ თავადვე უნდა მიეტანა დანიშნულებისამებრ, დღეიდან ამ ფუნქციას საკუთარ თავზე ჯანდაცვის სამინისტრო აიღებს. ანუ, მოქალეებს მოუხდება მხოლოდ წერილის დატოვება, რომელსაც სამინისტრო ამა თუ იმ კლინიკას თავად გადაუგზავნის დადებითი პასუხის შემთხვევაში. მოქალაქეებს პასუხი ტექსტური შეტყობინებით მიუვათ”. 

 

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას დადებითად აფასებენ კლინიკების ხელმძღვანელები.

 

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი დავით გაგუა (კლინიკის ხელმძღვანელი) “ნეტგაზეთთან” საუბარში ამბობს, რომ პროექტის ფარგლებში პაციენტები იღებენ ევროპაში აღიარებულ ყველაზე მაღალტექნოლოგიურ სერვისს:

 

“სერვისის მაღალი ხარისხი კლინიკებისთვისაც მომგებიანია. გვაქვს საშუალება განვვითარდეთ და ეს სერვისი მივაწოდოთ იმ დონეზე, როგორც არის ევროპაში. დაწყებული გაიდლაინების და პროტოკოლბის დანერგვით, იმიტომ რომ  ყველა ანალიზი კეთდება ამ პროტოკოლების მიხედვით. სანებართვო პირობებში ჩადებულია ისეთი აპარატურა და მოთხოვნები, რომელი სერვისით სარგებლობაც შესაძლებელი ხდება კარგი დაფინანსების პირობებში.”

 

რესპუბლიკური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის მოადგილე სამკურნალო დარგში ზაზა კაციტაძე ამბობს, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამამ კლინიკაში ჩატარებული ოპერაციების რაოდენობა გაზარდა: 

 

“ჩვენთან წელიწადში ტარდება 450 ოპერაცია გულზე. პაციანტების დაახლოებით 98% სარგებლობს სახელმწიფო დაზღვევით. ადამინები ვერ იკეთებდნენ ოპერაციებს. საყოველათაო დაზღვევამ მოგვცა ის, რომ რეალუად მოხსნა დაძაბულობა და პაციენტებსა და ექიმებს შორის. სამედიცინო საზოგადოებას მისცა საშუალება განვითარდეს. ჩნდება დიდი რაოდენობის ინვესტიცია, რომელიც კლინიკის აღჭურვილობაზე იხარჯება. ნელ-ნელა პროგრამა იხვეწება. შეიცვალა მომსახურების ფორმები. პაციენტი აღარ მიდის სამინისტროში, რომ ხელახლა წამოიღოს საგარანტიო წერილი. ეს უკვე კომპიუტერით ხდება.”  

 

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს ინფორმაციით, კორპორაციული დაზღვევით საქართველოში 400 ათასი მოქალაქე სარგებლობს: 

 

“მოქალაქეები თავისი სურვილით ტოვებენ ორპორაციულ დაზღვევას და გადმოდიან საყოველთაში. პროგრამის მასშტაბი იზრდება.  მოცდის პერიოდი შემცირდა და მოქალაქეებს აქვთ არჩევანის უფლება. მათ მოემსახურება ის დაწესებულება, რომელიც სურთ, რომ აირჩონ. დაგეგმილი ამბულატორიის შემთხვევაში დაწესებულებები მაქსიმუმ 1 თვე ან თვენახევარში იღებენ დაფინასებას. ფინანსური რისკები არ არსებობს. სახელმწიფომ ფული უფრო ეკონომიურად მართა და პროგრამის ფარგლებში 50 მლნ ლარით ნაკლები დავხარჯეთ.” 

 

ჯანდაცვის მინისტრმა, პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებში არსებულ ხარვეზებზე და პრობლემებზე ისაუბრა. მინისტრის ინფორმაციით, საქართველოში პირველადი ჯანდავცის მოდელი თანდათან უნდა შეიცვალოს. 

 

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა 2013 წლის 28 თებერვალს ამოქმედდა. 2013 წლის 1 ივლისიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა გაფართოვდა.   

 

არასამთავრობო ორგანიზაცია “სოცკოდექსმა” საყოველთაო ჯანდაცვის პროექტის გარემონიტორინგი 2014 წლის 22 მაისს დაასრულა. პროექტი ფრიდრიხ ებერტის ფონდის პარტნიორობით განხორციელდა. არასამთავრობო ორგანიზაციას კვლევის განხორციელებაში 800 მოხალისე ეხმარებოდა.

ბენეფიციარის დაბალი ინფორმირებულობა, პროფილაქტიკური სერვისის გაუთვალისწინებლობა, მედიკამენტების მაღალი ფასი – ეს არის სამი ძირითადი ხარვეზი, რაც არასამთავრობო ორგანიზაცია “სოცკოდექსის” მიერ განხორციელებულმა კვლევამ აჩვენა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი