ახალი ამბები

TI-ის კვლევა: ვინ არიან და რა ქონებას ფლობენ მოსამართლეები

5 დეკემბერი, 2014 • • 1102
TI-ის კვლევა: ვინ არიან და რა ქონებას ფლობენ მოსამართლეები

მონაცემთა შესწავლის შედეგად რამდენიმე ტენდენცია გამოიკვეთა:

 

მოსამართლეთა უმრავლესობას, 168-დან  87 მოსამართლეს სხვადასხვა საფინანსო დაწესებულებაში სესხი აქვთ.

 

“განსხვავებით მინისტრებისგან, სესხით აღებული ყოველთვიური ვალდებულება ხელფასის ადეკვატურია, იქვე მითითებულია თანამსესხებლები, ესენი არიან მათი ოჯახის წევრები, როგორც წესი, და ასევე მითითებულია მათი შემოსავალი. ამ კუთხით კითხვა არ გაგვჩენია, განსხვავებით მინისტრებისგან. ზუსტად ამიტომაც ვამბობ, რომ ძალიან დადებითი ეფექტი დატოვა ამ მონაცემების შესწავლამ”,- ამბობს ორგანიზაციის პროექტების მენეჯერი გია გულავა.

 

მაგალითად, თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანის 2014 წლის ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ახვლედიანს იპოთეკური სესხის სახით 2009 წელს აღებული აქვს 86 000 აშშ დოლარი. სესხის დაფარვის გამო ახვლედიანმა ერთი წლის მანძილზე 20 750 ლარი გაიღო, რაც თვეში 1729 ლარია. 2014 წელსვე ხელფასის სახით, როგორც მოსამართლემ, ახვლედიანმა 65 000 ლარი აიღო, ხოლო როგორც ლექტორმა- 24 562 ლარი, ჯამში, 89 562. გამოდის, რომ ყოველთვიურად მამუკა ახვლედიანის შემოსავალი 7 463 ლარია და ამ თანხიდან მხოლოდ 1729 ლარს იხდის სესხის სახით, ხოლო 5 734 ლარი სხვა ხარჯებისთვის რჩება.

 

განსხვავებული შედეგები აჩვენა “საერთაშორის გამჭვირვალობა – საქართველოს” მიერ რამდენიმე თვის წინ  მინისტრებისა და მისი მოადგილის მიერ აღებული სესხების შესწავლამ. შესწავლის შედეგად გამოირკვა, რომ მინისტრების და მისი მოადგილეების სესხის ყოველთვიური გადასახადი ხელფასის ნახევარზე მეტს შეადგენს და  ზოგ შემთხვევაში აღემატება კიდეც.

 

დეკლარაციებში ორგანიზციამ ვერ აღმოაჩინა ინფორმაცია მოსამართლეების მიერ ძვირადღირებული საჩუქრის მიღების შესახებ. დეკლარაციაში მითითებული საჩუქრები ძირითადად ოჯახის წევრებისგანაა მიღებული.

 

რაც შეეხება მოსამართლეთა სამუშაო გამოცდილებას, ანგარიშის თანახმად, ხელმძღვანელ პოზიციაზე მყოფი 15 მოსამართლიდან 11 წარსულში პროკურატურაში ან სხვა ძალოვან უწყებაში მუშაობდა.

 

“2012 წლამდე ძირითადად ის ხალხი ინიშნებოდა თანამდებობაზე, რომელსაც აღმასრულებელ ხელისუფლებასთან ჰქონდა კავშირი”,- ამბობს გია გულავა. მისივე განცხადებით, ეს ტენდენცია 2012 წლიდან შეიცვლა და ხელმძღვანელ თანამდებობაზე დანიშნული 3 ახალი მოსამართლიდან სამივე სასამართლო სისტემის ძველი თანამშრომელია.

 

ანგარიშის მომზადებისას გამოიკვეთა რამდენიმე შემთხვევა, როდესაც მოსამართლეების ოჯახის წევრები იურიდიულ მომსახურეობას ეწევიან. ორგანიზაციის განცხადებით, დადებით შეფასებას იმსახურებს ის, რომ მოსამართლეთა უმეტესობას პარალელურად აკადემიურ საქმიანობას ეწევა.

 

ანგარიშის ნაწილი ეთმობა მოსამართლეთა გენდერულ გადანაწილებას. მიუხედავად იმისა, რომ 168 შესწავლილი მოსამართლიდან 85 ქალია, ადმინისტრაციული ფუნქციები, პალატთა კოლეგიის თავმჯდომარის პოზიცია კაცებს უკავიათ.  ამას გარდა, ხელმძღვანელ პოზიციაზე მყოფი 15 მოსამართლიდან მხოლოდ ორია ქალია.

 

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” უზენაესი სასამართლოს, თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს, თბილისის ქუთაისის და ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეების შესახებ ინფორმაცია შეისწავლეს. ორგანიზაციამ გამოიყენა ის დოკუმენტები, რომლებიც სხვადასხვა ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა, მათ შორის, ქონებრივი დეკლარაციები და მოსამართლეთა რეზიუმები.

 

“ვაპირებთ, რომ შევქმნათ მონაცემთა ბაზა, სადაც იქნება ეს ინფორმაცია, რომელიც იქნება მუდმივად განახლებადი. ვაპირებთ გავაფართოვოთ ეს წრე, ეს ინფორმაცია უაღრესად მნიშვნელოვანი იქნება უმაღლესი იუსტიციის საბჭოსთვის, რომელიც დაკავებულია მონიტორინგით, ასევე, იმ ორგანიზაციებისთვის, ვინც აპირებენ ან ახორციელებენ სასამართლო სისტემის მონიტორინგს. ჩვენ მუდმივად დავაკვირდებით მოსამართლეთა დეკლარაციებს”, -ამბობს უგულავა.


ქონებრივი დეკლარაცია ასახავს იმ ქონებას, რომელიც თავად მოსამართლეებმა გასააჯაროეს. საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს თანამდებობის პირების მიერ შევსებულ დეკლარაციებში მითითებული ქონების სიზუსტის დადგენას ამა თუ იმ საჯარო უწყების მიერ.

მასალების გადაბეჭდვის წესი