ახალი ამბები

იდენტობა: ჭიკაიძის შეურაცხყოფის შემსწრე პოლიციელის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო

3 დეკემბერი, 2014 • • 1192
იდენტობა: ჭიკაიძის შეურაცხყოფის შემსწრე პოლიციელის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო

არასამთავრობო ორგანიზაცია “იდენტობის” იურისტის ნინო ბოლქვაძის თქმით, პაატა დობორჯგინიძის წინააღმდეგ გამოძიება სიცოცხლის მოსპობის მუქარის მუხლის მიხედვით მიმდინარეობს. დობორჯგინიძეს მისმა მეგობარმა ქალმა უჩივლა. “იდენტობა” დობორჯგინიძის ინტერესებს იცავს.

 

ორგანიზაცია “იდენტობა” აცხადებს, რომ დობორჯგინიძე უდანაშაულოა და მის მეგობარს ქალს პოლიციამ ძალით დააწერინა საჩივარი და მას იმიტომ დევნიან, რომ იგი დაკავშირებულია პოლიელების ჩხუბთან, რომელიც 2014 წლის 18 ივლისს მოხდა და როდესაც შს მინისტრ ალექსანდრე ჭიკაიძეს აგინეს. 

 

ბოლქვაძის თქმით, პოლიციელის ბინიდან იარაღი ამოიღო პოლიციამ და მისი თანამშრომლები დაიკითხნენ. “იდენტობის” ცნობით, დობორჯინიძე პროკურატურაში პირველად მისი მეგობარი ქალის საჩივრის საფუძველზე 5 ნოემბერს მოხვდა, თუმცა მაშინ ბრალი არ ჰქონდა წარდგენილი. თუმცა, მას შემდეგ, რაც ადვოკატს დაუკავშირდა, იგი პროკურატურიდან გამოუშვეს.

 

“იდენტობამ” 10 ნოემბერს გამოაქვეყნა განცხადება, რომ დობორჯგინიძის დევნა მიმდინარობდა უმიზეზოდ. მას 7 ნოემბერს გამოუცხადეს საყვედური დაგვიანების გამო, მაშინ, როცა იგი ნახევარი საათით ადრე მივიდა სამსახურში. ამის შემდეგ დობორჯგინიძემ დაწერა პატაკი იმის შესახებ, რომ სამსახურში მის მიმართ ხორციელდება უკანონო ქმედება, ირღვევა უდანაშაულობის პრეზუმფცია და იძულებულია დატოვოს თანამდებობა. ბოლქვაძის თქმით, ამის შემდეგ დობორჯგინიძე სამსახურში სამუშაოდ არ დაბრუნებულა.

 

ნინო ბოლქვაძე ამბობს, რომ დობორჯგინიძის მიმართ მიზანმიმართული დევნა მიმდინარეობს და უფრო მეტი დეტალების შესახებ ინფორმაცია ხვალ ექნება, მას შემდეგ, რაც მოწმეების ჩვენებებს გაეცნობა. პოლიციელს არასამთავრობო ორგანიზაცია იდენტობა მისი მოთხოვნის საფუძველზე იცავს.

 

ნეტგაზეთი დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს, თუ რა მუხლით მიმდინარეობს გამოძიება პაატა დობორჯგინიძის მიმართ. სამინისტროში განაცხადეს, რომ ეს საკითხი საქართველოს პროკურატურის კომპეტენციაში შედის. საქართველოს მთავარ პროკურატურაში კი გვითხრეს, რომ ჩვენს კითხვებს ინფორმაციის გადამოწმების შემდეგ უპასუხებენ, რაც ამ დრომდე არ მომხდარა.

 

ყოფილი პოლიციელების ჩხუბის კადრები “ტაბულამ” 2014 წლის 18 ივლისს გაავრცელა. ვიდეოში ჩანს, როგორ აგინებენ ჩხუბის დროს შსს მინისტრ ალექსანდრე ჭიკაიძეს არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი პოლიციელები.

 

“ტაბულას” ცნობით, ინციდენტში მონაწილეობდნენ პოლიციის მაიორი რამაზ კაკალაშვილი, ასევე – შსს-ს თანამშრომლები გივი გამეზარდაშვილი, გიორგი აფციაური და ირაკლი დარახველიძე.

 

შინაგან საქმეთა სამინსიტროს გენერალურმა ინსპექციამ პოლიციელების წინააღმდეგ მოკვლევა დაიწყო, რის შემდეგაც ისინი სამსახურიდან გაათავისუფლეს.

პოლიცია
პოლიცია

მასალების გადაბეჭდვის წესი