ხელოვნება

თბილისის კინოფესტივალის პირველი დღე და უბილეთოდ დარჩენილები

2 დეკემბერი, 2014 • • 1192
თბილისის კინოფესტივალის პირველი დღე და უბილეთოდ დარჩენილები

“დიქტატორი პრეზიდენტი ქვეყანას რკინის ხელით მართავს და მოსახლეობის სიღატაკის ხარჯზე სიმდიდრესა და ფუფუნებაში ცხოვრობს თავის ოჯახთან ერთად. სასტიკი რეჟიმის დამხობის შემდეგ პრეზიდენტი იძულებული ხდება, პატარა შვილიშვილთან ერთად ქვეყნიდან გაიქცეს. ყოფილ ლიდერს ძებნილად აცხადებენ და მისი პოვნისთვის სოლიდურ ჯილდოს აწესებენ. ბაბუა და შვილიშვილი სახიფათო მოგზაურობას იწყებენ – თავს ქუჩის მუსიკოსებად ასაღებენ და იმ ადამიანთა გარემოცვაში ხვდებიან, ვინც წლების განმავლობაში პრეზიდენტის რეჟიმის გამო იტანჯებოდა. უდანაშაულო ბიჭუნა და დამხობილი პრეზიდენტი საკუთარ თავზე გამოცდიან იმ სირთულეებს, რამაც ხალხში რეჟიმის მიმართ ზიზღი გამოიწვია,”– ეს არის ფილმის შინაარსი, რომელიც კინოფესტივალის ოფიციალურ გვერდზე წერია. ფილმმა ჩიკაგოს კინოფესტივალზე მთავარი პრიზი ოქროს ჰუგო აიღო და საუკეთესო ფილმად დასახელდა. 

 

 

ფილმის დასრულების შემდეგ მაყურებლის ნაწილი იმედგაცრუებული დარჩა. 

 

“არ მომეწონა. ხელოვნური სცენები. მსახიობებიც ცუდად თამაშობდნენ, თუ არ ჩავთვლი პატარა ბიჭს, რომელიც ძალიან საყვარელი იყო. ზოგადად სწორხაზოვანი ნარატივია, განზოგადებული დიქტატორის ბედი, რა მოსდის ბოლოს დიქტატორს. მოკლედ ახალი არაფერი. არანაირი შთაბეჭდილება არ დაუტოვებია. ამ რეჟისორის სხვა ნამუშევრები არ მინახავს, მაგრამ ამით ნამდვილად იმედგაცრუებული დავრჩი,”– ამბობს ნანუკა აბაშიძე, ფესტივალის სტუმარი. 

 

“ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ სხვა ფილმები უკეთესი იქნება,”– ამბობს ფესტივალის სხვა სტუმარი.

 

ფესტივალის ბევრ სხვა ფილმზე, მაგალითად, დიტრიხ ბრიუგემანის “გოლგოთას გზა” [Kreuzweg], ნური ბილგე ჯეილანის “ზამთრის ძილი” [Kis uykusu], ნუცა ალექსი-მესხიშვილის “კრედიტის ლიმიტი” [Kreditis Limiti], ყველა ბილეთი პირველსავე დღეს გაიყიდა. 

 

 

“რატომღაც მეგონა თავისუფლად ვიყიდდი რამდენიმე ფილმზე ბილეთებს, მაგრამ ბევრზე ვეღარ ვიშოვე. ამბობენ, შეიძლება დაამატონ სეანსები, ვნახოთ, იმედი მაქვს.”

 

“ფესტივალის პრიორიტეტია დიდ დარბაზში საკონკურსო ფილმების გასვლა, ვინაიდან ყველა ფილმი ემთხვევა დროში, ბევრი ფილმის განმეორებით გაშვება არ შეგვიძლია. გარდა ამისა, ან რეჟისორის მოთხოვნაა ასეთი, ან ზოგადად, მაგ პირობით ვყიდულობთ. თუმცა, ვფიქრობთ, რომ რომელ ფილმზეც გვექნება უფლება, შეიძლება განმეორებით ვაჩვენოთ. რამდენიმე ფილმზე ყველა გაყიდულია უკვე. მეც დამჭირდა ოჯახის წევრისთვის ყიდვა და აღარ იყო. სალაროს გახსნიდან რამდნიმე საათში გაიყიდა ბილეთები. ბევრი წერილი მოგვდის მეილებზე, ფეისბუქზე, რომ უკვე გაყიდულია ბილეთები და რა გზას მიმართონ. ეს გვიჩვენებს იმას, რომ საქართველოში არაკომერციული კინოც უყვართ და თუ კინოთეატრები ფესტივალის გარეშე გარკვეულ დროს დაუთმობენ ასეთ ფილმებს, კარგი იქნება, ყველა ფილმს ჰყავს თავისი მაყურებელი,”– ამბობს ნინო ჩიმაკაძე, კინოფესტივალის საორგანიზაციო ჯგუფის წევრი. 

 

 

ფესტივალი შვიდი დღის განმავლობაში გაიმართება. ჟიურის თავმჯდომარე  მარკო მიულერი იქნება, რომელიც რომისა და ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალების ყოფილი სამხატვრო ხელმძღვანელი, კინოკრიტიკოსი და პროდიუსერია. იგი საერთაშორისო ჟიურის მუშაობას წარუძღვება. ჟიურის წევრები კი წელს იქნებიან: რეზა მირკარიმი (ფესტივალი აჩვენებს მის ფილმს „დღეს“) – რეჟისორი, ირანული ახალი ტალღის ერთ-ერთი წარმომადგენელი, პიტერ ვებერი – ბრიტანელი რეჟისორი (ნაჩვენები იქნება მისი „გოგონა მარგალიტის საყურით“), სევერია იანუშაუსკაიტე – ლიტველი მსახიობი (მისი მონაწილეობით პროგრამაშია რუსული ფილმი „ვარსკვლავი), ნანა ექვთიმიშვილი –  ქართული ფილმის „გრძელი ნათელი დღეები” რეჟისორი.

 

წელს პირველად საერთაშორისო კონკურსში ორი ქართული ფილმი მონაწილეობს, ესენია სალომე ალექსი-მესხიშვილის „კრედიტის ლიმიტი“ და საკონკურსო პროგრამაში ყველაზე ახალგაზდა რეჟისორის, ლაშა ცქვიტინიძის დებიუტი „მე ვარ ბესო“

 

“ცალკე არის ქართული ფილმების კონკურსი, ჩვენი წამოწყებაა ეს, რადგან უკვე არსებობს ფილმების გარკვეული რაოდენობა,”– აცხადებს გაგა ჩხეიძე, ფესტივალის გენერალური დირექტორი.


ფესტივალი უბერტო პაზოლინის ფილმით „წყნარი ცხოვრება” დაიხურება. რეჟისორი თბილისს ეწვევა და ნამუშევარს თავად წარუდგენს ქართველ მაყურებელს.


თბილისის მე–15 საერთაშორისო ფესიტივალის ფარგლებში, 7 დეკემბრამდე, საავტორო კინოს ჩვენების გარდა შეხვედრები გაიმართება კინემატოგრაფისტებთან, ჩატარდება კინოინდუსტრიის წარმომადგენლების მასტერკლასები და კონფერენციები.

მასალების გადაბეჭდვის წესი