ახალი ამბები

იური ვაზაგაშვილის მკვლელობისთვის ბრალდებული დააკავეს

8 თებერვალი, 2015 • • 1102
იური ვაზაგაშვილის მკვლელობისთვის ბრალდებული დააკავეს

კერძოდ ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო მოქმედებების შედეგად, პროკურატურის ინფორმაციით, დაკავებულია პოლიციის თანამშრომელი გია სოსანაშვილი.

 

2015 წლის 20 იანვარს, ახლობლის დაკრძალვაზე, კასპის რაიონის სოფელ ყარაფილაში ჩასული იური ვაზაგაშვილი მივიდა საკუთარი შვილის ზურაბ ვაზაგაშვილის საფლავზე, სადაც იგი სასაფლაოზე დამონტაჟებული ასაფეთქებელი მოწყობილობის აფეთქების შედეგად ადგილზევე გარდაიცვალა. 

 

ოფიციალური ინფორმაციით, გამოძიების მიერ შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული იქნა საფლავზე აფეთქებული ხელყუმბარის ნაწილი ე.წ. „ფალიის სახელური“, რომელზედაც ჩატარებული ექსპერტიზით აღმოჩენილი იქნა ადამიანის დნმ-ის კვალი.

 

“გამოძიებით გადამოწმდა მობილური სატელეფონო ოპერატორების მომსახურე ანძებზე დაფიქსირებული  აბონენტების ვინაობა, დაიკითხა ათეულობით მოწმე, განისაზღვრა დანაშაულის შესაძლო ჩამდენ პირთა წრე, რომელთა მიმართ საქართველოს შსს-ს გენერალური ინსპექციისა და კონტრდაზვერვის დეპარტამენტთან ერთად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგენილი და დაკავებული იქნა პოლიციის თანამშრომელი გია სოსანაშვილი, რომელიც როგორც გამოძიებით დადგინდა, 2015 წლის 19-20 იანვარს იმყოფებოდა კასპის რაიონის სოფელ ყარაფილას ტერიტორიაზე და რომლის დნმ-ი გენეტიკური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად დაემთხვა შემთხვევის ადგილიდან (ზურაბ ვაზაგაშვილის საფლავი) ამოღებულ ასაფეთქებელი მოწყობილობის ფალიის სახელურზე აღმოჩენილ დნმ-ს”, – წერია პროკურატურის განცხადებაში.

 

საქმეზე გრძელდება გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზარხ მკვლელობის კვალიფიკაციით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისიწინებს თავისუფლების აღკვეთას 11 დან 14 წლამდე ვადით.

 

პროკურატურაში აცხადებენ, რომ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ვერაფერს იტყვიან ამ ეტაპზე მკვლელობის მოტივებზე. 


იქამდე, სანამ პროკურატურაში მკველობის ფაქტის გახსნის საკითხზე საგანგებო ბრიფინგი გაიმართებოდა, ამ საკითხზე კომენტარი ირაკლი ღარიბაშვილმა გააკეთა და განაცხადა, რომ იური ვაზაგაშვილის მკვლელობა იყო ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევა ხელისუფლებისთვის და ის ფაქტი, რომ  მოხდა ამ საქმის სწრაფი გამოძება, მისთვის საამაყოა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი