სამართალი

ეთნიკურად ჩეჩენი საქართველოს მოქალაქე შსს-ს მიერ დევნაზე საუბრობს

26 ნოემბერი, 2014 • • 2030
ეთნიკურად ჩეჩენი საქართველოს მოქალაქე შსს-ს მიერ დევნაზე საუბრობს

“მეთხუთმეტედ ვცადე ქვეყნიდან გასვლა, მაგრამ კონტრდაზვერვის დავალებით აეროპორტიდან ისევ უკან მომაბრუნეს. სასამართლო კი ისევ გადაიდო, ამჯერად 6 დეკემბრამდე,” – ამბობს საიხან მუზაევი ნეტგაზეთთან საუბარში.

 

საიხან მუზაევის საკითხზე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ პრესკონფერენცია მიმდინარე წლის ივლისში მოაწყო. საია სასამართლოს საქმის დროულად განხილვას მოუწოდებდა.

 

“ამასობაში “ბომჟად” ვიქეცი. არც სახლი, არც სამსახური. საცხოვრებლად ოჯახთან ერთად ისევ სოფელ დუისში გადავედი, სადაც თბილისთან შედარებით ადვილია გადარჩე და შიმშილით არ მოკვდე,”- ამბობს მუზაევი.

 

როგორც მუზაევი ყვება, პრობლემა 2013 წლის ოქტომბერში დაიწყო, როდესაც, მისი თქმით, წინა ხელისუფლების წარმომადგენლის მიმართ ცრუ ჩვენების მიცემა მოსთხოვეს.

 

“თბილისში, რუსთაველის 28-ში დამიბარეს და მითხრეს, რომ თუ ცრუ ჩვენებას მივცემ სამართალდამცავებს ლაფანყურის საქმეზე, საქართველოში ყველაფრით უზრუნველყოფილი ვიქნები, ბინით, სამსახურით. სამი ადამიანი მესაუბრებოდა სპეცსამსახურის იმ კონსპირაციულ განყოფილებაში. ვუთხარი, საქმის კურსში არ ვარ, რა ხდება ლაფანყურის საქმეზე. მითხრეს, რომ ეს მნიშვნელოვანი არ არის. მთავარია, სასამართლოში ვთქვა ის, რასაც მეტყოდნენ. გია ლორთქიფანიძის წინააღმდეგ უნდა მიმეცა ჩვენება. როგორც მერე გავიგე, ეს კაცი იყო ყოფილი შს მინისტრის, ვანო მერაბიშვილის მოადგილე. უნდა მეთქვა, რომ ის იყო ორგანიზატორი და შემსრულებელი იმ საქმის, რაც იქ მოხდა,”- ჰყვება მუზაევი.

 

ის აცხადებს, რომ სამართალდამცავებს თანამშრომლობაზე უარი უთხრა, რის შემდეგაც სამსახურიც დაკარგა.

 

“როდესაც უარი ვუთხარი, დაიწყო მუქარა, რომ ოჯახი სამუდამოდ დამკარგავს, უგზოუკვლოდ დავიკარგები და ა.შ. შემეშინდა, მაინც არ დავთანხმდი. ამას მოჰყვა ის, რომ სამსახურიდან გამათავისუფლეს. კონტრაქტი აღარ გამიგრძელეს. ვმუშაობდი არაბული ენის თარჯიმნად.”

 

ინგლისური ენის სასწვლებლად კი ლონდონში 2014 წლის იანვარში მიდიოდა.

 

“დიდი ბრიტანეთის ვიზაც მქონდა, გადახდილი იყო კოლეჯის სწავლის ფული. გამგზავრების დღეს აეროპორტიდან გამომაბრუნეს. მიზეზი არ აუხსნიათ. მითხრეს, რომ შსს-სთვის მიმემართა. შსს-ში გამომიცხადეს, რომ პრობლემა არ მაქვს და შემეძლო წავსულიყავი. როდესაც მეორედაც იგივე მოხდა, წყობიდან გამოვედი. აეროპორტშივე მოვითხოვე დეტალური მიზეზი აეხსნათ, რის შემდეგაც ტელეფონის ნომერი მომეცეს, სადაც განმიმარტავდნენ, თუ რატომ მქონდა გამგზავრების პრობლემა. დავრეკე. თელავის პოლიციის განყოფილებაში დამიბარეს. როცა ჩავედი, აღმოჩნდა, რომ იმ ადამიანს ვხვდებოდი, ვინც პირველად ცრუ ჩვენების მიცემაზე მესაუბრებოდა თბილისში – ვალერი ზუმბაძე,”- ამბობს მუზაევი.

 

მისი თქმით, ამჯერადაც საუბარი ისევ ლაფანყურის საკითხზე ცრუ ჩვენებასა და, შესაბამისად, მუქარებს შეეხო.

 

მას შემდეგ საქართველოდან გასვლა კიდევ 13-ჯერ სცადა. მათ შორის სტამბულისა და ბაქოს მიმართულებებით, თუმცა, როგორც ამბობს, გამშვები პუნქტიდან ისევ უკან მოაბრუნეს.

 

თავად მუზაევი ამ ფაქტს “საქართველოში ბოლო პერიოდში მუსლიმების და კონკრეტულად ჩეჩნების წინააღმდეგ მიმართული პოლიტიკით” ხსნის.

 

საიხან მუზაევი ჩეჩნეთში, გროზნოში დაიბადა. როგორც ამბობს, მოგვიანებით ფრანგული ენის სპეციალობით მოსკოვში სწავლობდა, შემდეგ – საუდის არაბეთში არაბულ ენას. საქართველოში საცხოვრებლად 2011 წელს ჩამოვიდა. როგორც თავად აცხადებს, წინა ხელისუფლების დროს საქართველოს მოქალაქეობა მიიღო და ამჟამად ორი ქვეყნის, რუსეთის ფედერაციისა და საქართველოს მოქალაქეა. ამბობს, რომ რუსეთში დაბრუნება და ცხოვრება არ უნდა.

 

“ყოველთვის მომწონდა საქართველო და ახლაც მომწონს, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ დაზვერვა არ მეშვება.”

 

მუზაევმა შინაგან საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგ ამ საქმეზე სარჩელით სასამართლოს საიას დახმარებით მიმართა, თუმცა სასამართლომ განხილვა რამდენჯერმე გადადო. ამჯერად  – 6 დეკემბრამდე.


მუზაევის საქმეს იცნობს სახალხო დამცველის აპარატიც, რომელმაც შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურას მუზაევის მიმოსვლის უფლების შესაძლო ხელყოფის საკითხებზე რამდენიმე თვის წინ რეკომენდაციებით მიმართა.  დღეს, 25 ნოემბერს სახალხო დამცველი აპარატში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ არც ერთი უწყებიდან ამ დრომდე ომბუდსმენს არ გამოხმაურებიან.


მუზაევის გადაადგილების შეზღუდვასთან დაკავშირებით ნეტგაზეთმა შსს-ს მიმართა. უწყებაში კითხვაზე ჯერჯერობით არ უპასუხიათ.


მიმდინარე წლის 14 მაისს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ირმა ნადირაშვილმა საიხან მუზაევი პარლამენტში მიიყვანა და უმრავლესობას საკუთარი მოქალაქის დაცვისკენ მოუწოდა. 

 

7 ივლისს განცხადება მუსლიმი მოქალაქეებისათვის გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვის შესახებ ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმაც (EMC) გააკეთა. 

 


მასალების გადაბეჭდვის წესი