ახალი ამბები

UNM რუსეთ-აფხაზეთის შეთანხმებაზე: ხელისუფლება მოუმზადებელი შეხვდა დღევანდელ დღეს

24 ნოემბერი, 2014 • • 1038
UNM რუსეთ-აფხაზეთის შეთანხმებაზე: ხელისუფლება მოუმზადებელი შეხვდა დღევანდელ დღეს

“გვინდა საგანგებო განცხადებით გამოვეხმაუროთ იმ ხელმოწერას, რომელიც შედგება სოჭში და რომლითაც რუსეთი აპირებს უკვე სამართლებრივად ბოლომდე მიიყვანოს აფხაზეთის რეგიონის ანექსირება. ეს არის იმ პოლიტიკის გაგრძელება, რომელიც ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს დაიწყო აფხაზეთისა და სამაჩაბლოსთვის განსაკუთრებული სტატუსის, ავტონომიის მინიჭებით. შემდეგ იყო 90-იანი წლები, კონფლიქტის პროვოცირება და ეთნიკური წმენდა. ამას მოჰყვა 2008 წლის სამხედრო ოკუპაცია. და დღეს უკვე რუსეთი ცდილობს სამართლებრივი ანექსიის გზით საბოლოოდ გაიფორმოს საქართველოს ძირძველი ნაწილები,”- განაცხადა დღეს, 24 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე დავით ბაქრაძემ. 

 

UNM-ს განცხადებითვე, დღეს ხელმოწერილ დოკუმენტს არ გააჩნია არანაირი სამართლებრივი და იურიდიული ძალა, თუმცა, მიუხედავად ამისა, საქართველოს მხრიდან აუცილებელია კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, რომლითაც საქართველო დაუპირისპირდება მიმდინარე ანექსირების პროცესს.

 

“სამწუხაროდ, მიუხედავად ძალიან მკაფიო და ნათელი საფრთხისა, ბოლო თვეების განმავლობაში საქართველოს ხელისუფლებამ პრაქტიკულად არაფერი გააკეთა და მოუმზადებელი შეხვდა დღევანდელ დღეს. ამიტომ ჩვენ აუცილებლად მიგვაჩნია, უახლოესი დღეების განმავლობაში გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები, რომლითაც დავუპირისპირდებით რუსეთის ანექსიას.”

 

UNM ითხოვს, პარლამენტში ინიცირებული რეზოლუციის პროექტი, რომელშიც გაწერილია კონკრეტული ნაბიჯები და პოლიტიკა ანექსიის საწინააღმდეგოდ, პარლამენტმა მიიღოს.

 

“დაუყოვნებლიც მიუერთდეს საქართველო რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ საერთაშორისო სანქციებს და იმუშაოს იმაზე, რომ ამ სანქციების მიზეზებს შორის მოხვდეს საქართველოს ანექსიაც, ვინაიდან დღეს სრულიად არაბუნებრივია, დღეს დასავლეთს მოვთხოვოთ მხარდაჭერა მაშინ, როდესაც ჩვენ თავად არ ვუჭერთ მხარს დასავლეთის სანქციების რუსეთის წინააღმდეგ. 

 

დაუყოვნებლივ მოვითხოვთ გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევას, სადაც ანექსიის საკითხი იქნება განხილული. ასევე ყველა სხვა საერთაშორისო ორგანიზაციაში ავამოქმედოთ ბერკეტები. მომზადდეს სარჩელები საერთაშორისო სასამართლოებში. და მესამე, გაუქმდეს ან გაიყინოს დროში განუსაზღვრელი ე.წ აბაშიძე-კარასინის ფორმატი, ვინაიდან დღეს რუსეთთან ჩვეულებრივ რეჟიმში ურთიერთობის გაგრძელება ნიშნავს იმას, რომ ჩვენ თვითონ ვეგუებით და არაფრად ვაგდებთ აფხაზეთის ანექსირებას.”

 

დღეს, 24 ნოემბერს აფხაზეთსა და რუსეთის ფედერაციას შორის “მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ” შეთანხმებას ხელს პრეზიდენტები, ვლადიმერ პუტინი და რაულ ხაჯიმბა აწერენ. 

მასალების გადაბეჭდვის წესი