ახალი ამბები

როლანდ ახალაიას სასამართლო პროცესი პროკურატურის მოთხოვნით გადაიდო

25 სექტემბერი, 2014 • • 1483
როლანდ ახალაიას სასამართლო პროცესი პროკურატურის მოთხოვნით გადაიდო

პროკურორმა დავით ტყეშელაშვილმა პროცესის გადავადების მოთხოვნა განმარტა იმით, რომ როლანდ ახალაია საზღვარგარეთ მიემგზავრება თავისი შვილის, დათა ახალაიას სასამართლო პროცესზე მოწმის სახით დასასწრებად. პროკურორის თქმით, მეორე მიზეზია ის, რომ ოქტომბრის თვეში ჩანიშნულია ბევრი სისხლის სამართლის საქმე, რასაც ენიჭება პრიორიტეტი.

 

პროცესის ნოემბრამდე გადავადებას საქმის გაჭიანურებად აფასებენ ახალაიას ადვოკატები. ახალაიას ერთ-ერთი ადვოკატის, გიორგი ონიანის თქმით, როლანდ ახალაიას საზღვარგარეთ გამგზავრება და ოქტომბერში ჩანიშნული სხვა საქმეები ხელს არ შეუშლის ამ საქმის განხილვას.

როლანდ ახალაია
როლანდ ახალაია

 

როლანდ ახალაია მის მიმართ წარდგენილ ბრალდებებს არ აღიარებს. მისი თქმით, საქართველოს მთავრობა ყოფილი ხელისუფლების წევრებზე აწარმოებს პოლიტიკურ დევნას.

 

“პუტინმა მეხუთე კოლონა გადმოსხა საქართველოში, რომელიც დღეს აწარმოებს პოლიტიკურ დევნას. მისი პირველი საქმიანობა იყო ის, რომ მთავრობის სახელმწიფო მტრები და აგენტები გამოეშვა გარეთ პოლიტიკური სტატუსით, ხოლო სამშობლოსთვის მებრძოლი ბიჭები ჩაესვათ ციხეში. ეს არის ზუსტად მიზანმიმართული მოქმედება ქვეყნის ნგრევისაკენ და დროა უკვე მშვიდობიანი წესით და მშვიდობიანი მოქმედებებით ეს ხელისუფლება გაუდგეს რუსეთისკენ მიმავალ გზას,” – განაცხადა როლანდ ახალაიამ.

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ  როლანდ ახალაიას 11 აპრილს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით – სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ორი ეპიზოდისათვის წარუდგინა, რაც სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე ვადით.

მასალების გადაბეჭდვის წესი