ახალი ამბები

მიხეილ სააკაშვილის პიჯაკები და პალტო შსს-ს განკარგავში გადავიდა

19 აგვისტო, 2014 • • 2064
მიხეილ სააკაშვილის პიჯაკები და პალტო შსს-ს განკარგავში გადავიდა

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მიხეილ სააკაშვილის ნივთები ამჟამად დალუქულია და რა ბედი ეწევა მათ, მოგვიანებით გაირკვევა. 

 

კანცელარიაში პატრული მას შემდეგ გამოიძახეს, რაც საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერ ლანა ღვინჯილიას სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის მოადგილე ნუკრი ლოლაძემ შენობაში პიჯაკების დატოვების უფლება არ მისცა: 

 

“სახელმწიფო კანცელარიაში არ შეიძლება ასეთი ნივთების და ძონძების დატოვება. ეს არ არის ძონძების მაღაზია, ეს არის სახელმწიფო კანცელარია” – განაცხადა ნუკრი ლოლაძემ. 

 

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პიჯაკები ლანა ღვინჯილიას მანქანაში ჩაალაგეს. 

 

საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა ლანა ღვინჯილიამ მედიასთან განაცხადა, რომ მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და ხელით შეეხნენ: 

 

“ეს არის უკანონო გაჩერება, ასევე ხელით შემეხო ეს ადამიანი. არ თქვა, ვინ არის. ცადა ჩემი მანქანაში ჩაგდება. “

 

შსს-ში აცხადებენ, რომ მოქალაქეს მათვის განცხადებით არ მიუმართავს და მხოლოდ მიმართვის შემთხვევაში დაიწყება გამოძიება შეურაცხყოფის მიყენების გამო, თუმცა ლანა ღვინჯილიამ გამოძახებულ საპატრულო პოლიციას მოახსენა, რომ მას კანცელარიის თანამშრომელმა უხეში ფორმით მიმართა. 

 

მიხეილ სააკაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში შვიდი პიჯაკი და ერთი პალტო გააგზავნა, რომელიც სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ბიუჯეტით არის შეძენილი, თუმცა ტანსაცმელი ადმინისტრაციაში არ ჩაიბარეს.

 

“ჩვენ ვიბარებთ მხოლოდ ოფიციალურ კორესპონდენციებს, დოკუმენტს ჩავიბარებთ, ტანსაცმელს ვერა, ტანსაცმლის ჩაბარების უფლება არ გვაქვს”,- განუცხადეს ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ს კანცელარიის საშვთა ბიუროში. 

 

“პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, ვაგზავნით ტანსაცმელს მთავრობის ადმინისტრაციაში საკუთარი შეხედულებებისამებრ გამოსაყენებლად,”– ამბობს სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი ლანა ღვინჯილია.

 

მიხეილ სააკაშვილმა ტანსაცმელთან ერთად მთავრობის ადმინისტრაციაში ბიძინა ივანიშილის სახელზე შემდეგი შინაარსის წერილი გააგზავნა:

 

“გიბრუნებთ თქვენი გადაწყვეტილებისამებრ გამოყენებისთვის.”

 

პროკურატურის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილისათვის დიდ ბრიტანეთში 7 პიჯაკისა და ერთი ქაშმირის სპორტული პალტოს შესაძენად გადახდილია 49 499 ლარი და ხელით ნაკეთი 2 კოსტუმის შესაძენად – 7 994,84 ლარი. მიხეილ სააკაშვილს ბრალი ბიუჯეტის თანხების არამიზნობრივად ხარჯვისთვის წარედგინა, ერთ-ერთი ასეთი ხარჯი კი პროკურატურის ინფორმაციით კოსტუმებზე და პალტოზე დახარჯული თანხებია.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი