ახალი ამბები

7 მილიონზე მეტი საბჭოებისთვის, რომლებსაც პრემიერი ხელმძღვანელობს

8 სექტემბერი, 2014 • 1879
7 მილიონზე მეტი საბჭოებისთვის, რომლებსაც პრემიერი ხელმძღვანელობს

 

 

10 აპრილი. საქართველოს მთავრობის განკარგულება №643. “ცნობად იქნეს მიღებული, რომ… შეიქმნა ეკონომიკური საბჭო”, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმოწერილ განკარგულებაში წერია. ამავე განკარგულებაში კიდევ ერთი საბჭოს შექმნის შესახებ იუწყებიან – მას სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო ეწოდება. პრემიერის განკარგულება კი საქართველოს მთავრობის კანცელარიისთვის თანხის გამოყოფას ეხება, მისივე სარეზერვო ფონდიდან: 

“საქართველოს მთავრობის კანცელარიის, ეკონომიკიური და სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების საბჭოების შეუფერხებელი ფუნქციონირების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან, საქართველოს მთავრობის კანცელარიას გამოუყოს 7 000 000 ლარი”. “ბათუმელები” მთავრობის კანცელარიასთან არკვევდა, ვინ საქმიანობს მთავრობის მიერ ჩამოყალიბებულ საბჭოებში და რამდენია მათი ანაზღაურება ან რამდენად ეფექტურად მუშაობს ეს ორი ახალშექმნილი უწყება.


როგორც საქართველოს მთავრობის კანცელარიის იურიდიული დეპარტამენტის უფროსი, სოფიო ჭიჭინავა განმარტავს, ამ საბჭოებში დასაქმებული პირების ვინაობა არ განეკუთვნება საჯარო ინფორმაციას. აი, რა წერია საქართველოს მთავრობიდან “ბათუმელებისთვის” გამოგზავნილ წერილში: “საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის 69-ე მუხლის საფუძველზე მიღებულია საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის #286 ბრძანებულება, რომლითაც დამტკიცებულია საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრი. აღნიშნულ სამართლებრივ აქტში მოცემულია თანამდებობათა კონკრეტული ჩამონათვალი, თუმცა მასში არ არის მითითებული არც ეკონომიკური საბჭო და არც სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს რომელიმე თანამშრომლის შესახებ” (მთავრობის იურისტი ხაზგასმით მიუთითებს იმაზე, რომ 2001 წელს გამოცემულ ბრძანებულებაში ნახსენები არ არის 2014 წლის დასაწყისში შექმნილ საბჭოებში დასაქმებული თანამდებობის პირთა შესახებ ინფორმაცია – ავტ).

 

 

მთავრობის კანცელარიის №1 იურისტს იმის დასასაბუთებლად, რომ არ არის ვალდებული გაასაჯაროოს ზემოთ მითითებულ საბჭოებში დასაქმებული თანამდებობის პირების ვინაობა, კიდევ ერთ – “საჯარო სამსახურის ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ” კანონს იშველიებს: “მე-2 მუხლის პირველ პუნქტში მოცემულია ამ კანონის მიზნებისთვის იმ პირთა ჩამონათვალი, ვინც იგულისხმება ტერმინში `თანამდებობის პირი”. თუმცა თქვენ მიერ დასახელებული საბჭოების არც ერთი თანამშრომლის შესახებ კანონი მითითებას არ აკეთებს”.


 შესაბამისად, სოფიო სიჭინავა იშველიებს ორ სხვადასხვა კანონს იმისთვის, რომ არ დაასახელოს იმ ადამიანების ვინაობა, რომლებიც პრემიერს უწევენ რეკომენდაციებს ეკონომიკური თვალსაზრისით ქვეყნის მდგომარეობაზე. 

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწე ეკონომიკურ საკითხებში იმავე ეკონომიკური საბჭოს მდივანი რომან ჩხენკელია, რომელიც წინა მთავრობის პირობებშიც მუშაობდა სხვადასხვა მაღალ თანამდებობაზე, ხოლო მისი ძმები გავლენიან ბიზნესმენებად მიიჩნევიან საქართველოში.

 

რომან ჩხენკელის სახელთან დაკავშირებულია ერთი სკანდალიც – 2012 წლის არჩევნებამდე ის მუშაობდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ-შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე. შესაბამისად, მას “ქართული ოცნება” “ქართუ ბანკის” გაკოტრებას ედავებოდა. რომან ჩხენკელის წინააღმდეგ სამართალდამცავები აწარმოებდნენ მოკვლევასაც. მან წინასწარ პატიმრობას 15 ათასი ლარის გირაოს სანაცვლოდ დააღწია თავი.

 

 “ბათუმელებისთვის” უცნობია ამჟამად რა ეტაპზეა ეკონომიკური საბჭოს მდივნის, რომან ჩხენკელის წინააღმდეგ დაწყებული საქმის გამოძიება. 

 

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსის ილია ბეგიაშვილის ხელმოწერილი დოკუმენტით ასევე ვიგებთ, რომ ორივე საბჭოში სულ 66 ადამიანი მუშაობს, აქედან 26 ეკონომიკური საბჭოს აპარატში, ხოლო 36 – კრიზისების მართვის საბჭოში.

ორივე საბჭოში აპარატის თანამდებობრივი სარგოები დამტკიცებულია ირაკლი ღარიბაშვილის ბრძანებით. იმავე ბრძანების მიხედვით, პრემიერმინისტრს ეკონომიკური საბჭოს აპარატში სულ 41 შტატი აქვს დამტკიცებული. ილია ბეგიაშვილის ინფორმაციით კი, ეკონომიკურ საბჭოში ამჟამად 26 ადამიანია დასაქმებული. ეს იმას უნდა ნიშნავდეს, რომ ეკონომიკურ
საბჭოში ამ ეტაპზე 15 შტატი ვაკანტურია.

 

საბჭოში მის მიერ დამტკიცებულ შტატებზე თანამდებობის პირთა ხელფასებიც პრემიერის ბრძანებით არის განსაზღვრული, ასე მაგალითად, ეკონომიკურ საკითხებში მისი თანაშემწის, ეკონომიკური საბჭოს მდივნის (რომან ჩხენკელი) სარგო 3200 ლარია განსაზღვრული (სავარაუდოდ, პრემიებიც არსებული წესით გაიცემა, თანამდებობის პირებიც ხელფასის ოდენობის პრემიას იღებენ ყოველკვარტალურად.) საბჭოს მდივნის მოადგილის ხელფასი 2950 ლარია, სამსახურის უფროსის ხელფასი კი – 2500 ლარი. პრემიერს სამი კატეგორიის მრჩევლები ჰყავს – პირველი, მეორე და მესამე კატეგორიის. მათ ხელფასებს შორის სხვაობა 200 ლარით მცირდება. პირველი მრჩევლის ხელფასი 1800 ლარი ყოფილა.

გარდა შტატით დასაქმებული წევრებისა, ეკონომიკის საბჭოს მუდმივმოქმედი წევრები არიან თავად პრემიერ-მინისტრი, სხვა მინისტრები, რკინიგზისა და საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის, ასევე “საპარტნიორო ფონდის” გენერალური
დირექტორები. 

 

სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს დებულების მიხედვით, რომელსაც ასევე პრემიერ-მინისტრი აწერს ხელს, საბჭოში სულ 81 შტატია შექმნილი. “ბათუმელების” ხელთ არსებული ინფორმაციით,
ამ საბჭოში 41 შტატი ჯერ კიდევ ვაკანტურია.

ამ საბჭოსაც უშუალოდ პრემიერმინისტრი ხელმძღვანელობს. საბჭოს მდივანი კი 36 წლის მინდია ჯანელიძეა, რომელიც წლების განმავლობაში იყო შს სამინისტროს თანამშრომელი, ბოლო წლებში კი მაღალი თანამდებობები ეკავა. კრიზისების მართვის საბჭოში თანამდებობის პირთა ხელფასები თითქმის იგივეა, რაც ეკონომიკურ საბჭოში. უბრალოდ, ამ საბჭოს მეორისგან განსხვავებით ჰყავს ორი დირექტორი – რომელთა თანამდებობრივი სარგოც 2900 ლარია. პრემიერ-მინისტრის თანაშემწეს სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებში, საბჭოს მდივნის ხელფასი 3200 ლარია. ხარჯების შესახებ მოწოდებული
ინფორმაციიდან ჩანს, რომ ორივე საბჭოში დასაქმებულები ხელფასის გარდა იღებენ როგორც პრემიებს, ისე თანამდებობრივ დანამატებს.

რამდენად ეფექტურია ახალშექმნილი საბჭოები საქმიანობის თვალსაზრისით ან რამდენად გონივრულია 7 მილიონზე მეტი ლარის დახარჯვა ორი ისეთი საბჭოს შესანახად, რომლებიც პრემიერ-მინისტრს უმნიშვნელოვანესი – ეკონომიკური და
უსაფრთხოების მიმართულებით რჩევებსაძლევენ? “ბათუმელებმა” საქართველოს მთავრობისგან წერილობით გამოითხოვა
ინფორმაცია, დაარსების დღიდან დღემდე ამ საბჭოების მიერ შესრულებული სამუშაოს ანგარიშის შესახებ. ამ კითხვის
პასუხდა მთავრობის კანცელარიიდან გვაცნობეს, რომ ეკონომიკური საბჭოს მდივანი, ისე როგორც კრიზისების საბჭოს მდივანი, აპარატის საქმიანობის შესახებ ყოველწლიურ ანგარიშს წარუდგენს საქართველოს პრემიერ-მინისტრს, “არაუგვიანეს მომდევნო წლის 1-ლი თებერვლისა”: “გამომდინარე იქედან, რომ მომდევნო წლის 1-ლ თებერვალში იგულისხმება 2015 წლის 1-ლი თებერვალი, ამასთან საბჭოების მიერ ჯერ არ არის წარდგენილი საქართველოს პრემიერმინისტრისადმი საქმიანობის ანგარიში, თქვენ მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია საქართველოს მთავრობის კანცელარიაში არ არის დაცული”.

 

“ბათუმელებისთვის” უცნობია იანვრიდან აპრილის ჩათვლით რამდენი თანხა იყო გამოყოფილი ორივე საბჭოს შესანახად, არც ის არის ცნობილი, თანხა ამ უწყებებისთვის პირველი სამი თვის განმავლობაში პრემიერის სარეზერვო ფონდიდან გამოიყო თუ სხვა სახსრებიდან აფინანსებდა სახელმწიფო ორივე მათგანს.

 

ამ ეტაპზე დაზუსტებით მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, თუ რამდენი დაიხარჯა ორივე საბჭოს ფუნქციონირებისთვის: ეკონომიკური საბჭოს ხელფასებში, პრემიებსა და სხვა ხარჯებისთვის პირველი შვიდი თვის განმავლობაში 559 883 ლარი დახარჯულა (ანუ ერთი თანამშრომელი საშუალოდ ყოველთვიურად 3 ათასზე მეტ ლარს
იღებდა), ხოლო უსაფრთხოების საბჭოს ფუნქციონირებისთვის – 722 324 ლარი. გარდა ამისა, საბჭოებს პირველ შვიდ თვეში შესყიდვებიც აქვთ შესრულებული. ჯამში კი ორივე საბჭოს ფუნქციონირებაზე პირველი შვიდი თვის განმავლობაში 2 023 316 ლარი დახარჯულა.

მასალების გადაბეჭდვის წესი