ახალი ამბები

იეზიდთა სათვისტომო საქართველოში: მსოფლიო საფრთხის ქვეშ არის

13 აგვისტო, 2014 • • 2121
იეზიდთა სათვისტომო საქართველოში: მსოფლიო საფრთხის ქვეშ არის

აქციას ორგანიზატორი საქართველოს იეზიდთა სახლი იყო. მის ხელმძღვანელის, აგით მირზოევის თქმით, მათ სურთ შეახსენონ საზოგადოებას, თუ რა დიდ საფრთხეს ატარებს ტერორიზმი.

 

“ჩვენ შევახსენებთ ჩვენს საზოგადოებას და საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომ საჭირო არის უფრო ქმედითი ღონისძიებების გატარება, უფრო მეტი დახმარება სჭირდება ადგილობრივ მოსახლეობას, რათა ერთობლივად გაუმკლავდნენ და შეაჩერონ ტერორიზმი. ჩვენი აქციის დღევანდელი ლოზუნგია – მსოფლიო საფრთხის ქვეშ არის,”– თქვა აგით მირზოევმა

 

აქციას თბილელი ეპისკოპოსი, დოქტორი მალხაზ სონღულაშვილიც შეუერთდა

 

“მე, როგორც რელიგიის წარმომადგენელი, თავს შეურაცხყოფილად ვგრძნობ, როდესაც რელიგიის სახელით ხდება ადამიანის ღირსების შეურაცხყოფა. ნებიემიერი რელიგია, რომელიც თუნდაც ერთი ადამიანის შეურაცხყოფაზე მიგითითებს და წაგაქეზებს, ღირსი არ არის არსებობისა. და ალბათ ის, რაც ხდება ახლა ჩვენი მოძმე იეზიდი ხალხის თავს, არ უნდა ჩაითვალოს ისლამის ძალადობად იეზიდებზე. ეს არის არაადამიანობის ძალადობა კეთილი ნების ადამიანებზე, უმწეო ადამიანებზე ჩვენს პლანეტაზე და ჩვენს სამეზობლოში,” თქვა მალხაზ სონღულაშვილმა.

 

ევანგელურ–ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსის, რუსუდან გიცირიძეს თქმით, რელიგიათა საბჭო საერთაშორისო ორგანიზაციებს დახმარებისკენ მოუწოდებს.

 

“მე აქ ვდგავარ, როგორც ჩვენი ეკლესიის წარმომადგენელი და ასევე როგორც რელიგიათა საბჭოს წარმომადგენელი. დღეს გავავრცელეთ ჩვენ სოლიდარობის განცხადება, სადაც მოვუწოდებთ საერთაშორისო თანამეგობრობას, საერთაშორისო ორგნიზაციებს, ყველას, ვისაც ხელი მიუწვდება ამ ადამიანების საშველად.

 

რუსუდან გოცირიძის განმარტებით, აქცია არ არის მიმართული ისლამისა და მუსლიმების წინააღმდეგ.

 

“არამც და არამც ეს აქცია არ არის არც ისლამის წინააღმდეგ და არც მუსლიმების წინააღმდეგ, არამედ ეს არის იმ ტერორისტების წინააღმდეგ, რომლის მსხვერპლიც არიან ეს უდანაშაულო ადამიანები,”– თქვა ევანგელურ–ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსმა.

 

აქციის ორგანიზატორის, აგით მირზოევის თქმით, ეს აქცია უკანასკნელი არ იქნება, რადგან ამ აქციების საშუალებით უნდათ, რომ საზოგადოების ყურადღება მიმართონ არა მხოლოდ იეზიდების პრობლემაზე, არამედ ტერორიზმზე.

 

“ეს ტერორიზმი არ არის მხოლოდ ერთი ან ორი ადამიანის წინააღმდეგ მიმართული, ეს არის კაცობრიობის წინააღმდეგ განხორციელებული ტერორი და ამიტომაც საქართველო არ შეიძლება იდგეს გვერდზე. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს ხელისუფლება გულთან ახლოს მიიტანს ამ ტრაგედიას და ამ პრობლემას, გენოციდს აუცილებლად აღიარებს და იეზიდებს დაუდგება გვერდით,”– თქვა იეზიდთა სახლის ხელმღძვანელმა.

 

ქარაქოშში, რომელიც ერაყის ყველაზე დიდი ქრისტიანული ქალაქია, ისლამური სახელმწიფო ადგილობრივებს აიძულებს, რომ ქალაქი დატოვონ. 11 აგვისტოს აშშ-ის საბრძოლო თვითმფრინავების მიერ ჰუმანიტარული დახმარების მისია განხორციელდა სინჯარის მთაზე, სადაც ერაყიდან რელიგიური ნიშნით დევნილი იეზიდები აფარებენ თავს. ინფორმაციას ამის თაობაზე თეთრი სახლის ადმინისტრაცია ავრცელებს

 

CNN-ს ინფორმაციით, ასობით ათასი იეზიდი ერაყელმა ისლამისტებმა საკუთარი სახლებიდან იძულებით გამოასახლეს და დაახლოებით 40 000 მათგანი სინჯარის მთის მწვერვალზე შეიტყუეს.

სოლიდარობის აქცია ერაყელი იეზიდების მხარდასაჭერად 13.08.2014
სოლიდარობის აქცია ერაყელი იეზიდების მხარდასაჭერად 13.08.2014

 

მასალების გადაბეჭდვის წესი