17.09.2013

საქართველოს ევროპული არჩევანი და დისკუსია ევრაზიულ კავშირზე

პოლიტიკა, ევროკავშირი და საქართველო, რუსეთ–საქართველო,

ერთდროულად ევროკავშირისა და ევრაზიული კავშირის წევრობა შეუძლებელია. არსებობს თუ არა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით დეკლარირებული კურსის ცვლილების საფრთხე მას შემდეგ, რაც პრემიერმა ივანიშვილმა განცხადება გააკეთა ევრაზიულ კავშირში ქვეყნის შესაძლო გაწევრიანებაზე?

ევრაზიული კავშირი და საქართველო


ევრაზიული კავშირი, რომლის განხორციელების მთავარი ლობისტი რუსეთის ფედერაციაა, ამ დროისთვის არ არსებობს და იგი 2015 წელს უნდა შეიქმნას. მასში გაწევრიანებაზე რუსეთთან ერთად თანხმობა ღიად უკვე გამოხატა სომხეთმა, ბელორუსმა, ყაზახეთმა, ტაჯიკეთმა და ყირგიზეთმა, თუმცა კრემლი აღნიშნულ კავშირში, სავარაუდოდ, ყველა პოსტსაბჭოთა სახელმწიფოს მოიაზრებს.

 

ამ ეტაპზე ფუნქციონირებს საბაჟო კავშირი რუსეთს, ბელორუსსა და ყაზახეთს შორის. “საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის” მკვლევარი კახა გოგოლაშვილი მიიჩნევს, რომ ევრაზიის საბაჟო კავშირის გზით რუსეთი პოსტსაბჭოთა ქვეყნებში მონეტარული გაერთიანების შექმნასაც შეეცდება, რაც გულისხმობს იმას, რომ გაერთიანებას, ევროკავშირის მსგავსად, საერთო ვალუტა, სავარაუდოდ, რუსული რუბლი ექნება.

 

ევრაზიული კავშირის კონტექსტში საქართველოს საკითხი პრემიერ–მინისტრ ბიძინა ივანიშვილის მიერ გაკეთებული განცხადების შემდეგ გახდა აქტუალური, რომელმაც ხაზი გაუსვა ქვეყნის ევროატლანტიკური მისწრაფების სტრატეგიულ მნიშვნელობას, თუმცა თქვა: "რაც შეეხება ევრაზიულ კავშირს, ყურადღებით ვუყურებ და ვსწავლობ. ამ ეტაპზე არანაირი პოზიცია არ გაგვაჩნია, თუმცა, თუ პერსპექტივაში ვნახავთ, რომ ჩვენი ქვეყნის სტრატეგიისთვის ეს საინტერესო იქნება, რატომაც არა?!“ შემდეგ ივანიშვილმა თავისი პოზიცია განმარტა და აღნიშნა: “თუ ევრაზიულ კავშირს რაიმე თანხვედრა ექნება ჩვენი ქვეყნის ინტერესებთან, ისე, რომ არ შეეწინააღმდეგება საქართველოს მიერ გაცხადებულ ძირითად სტრატეგიას, მომავალში ამ საკითხსაც განვიხილავთ. და კიდევ გავიმეორებ: რატომაც არა?!”



ევროატლანტიკური და ევრაზიული ინტეგრაცია ერთდროულად?


კახა გოგოლაშვილი, რომელიც ბოლო რამდენიმე წელია ევროკავშირის საკითხებზე მუშაობს, ამბობს, რომ ერთდროულად ზემოხსენებულ ორ კავშირში ინტეგრაცია შეუძლებელია. მისი თქმით, ამას პირდაპირ გამორიცხავს ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობის შესახებ საქართველოსა და ევროკავშირს შორის გასაფორმებელი ხელშეკრულება და ის საბაჟო პოლიტიკა, რომელიც ევრაზიის საბაჟო კავშირს გააჩნია:


“ეს ხელშეკრულება ნიშნავს, რომ ევროკავშირის საქონელი, რომელიც საქართველოში შემოვა, არ დაიბეგრება, მაგრამ თუ საქართველო ევრაზიის საბაჟო კავშირშიც შევა პარალელურად, მაშინ ევროკავშირის საქონელი უნდა დაიბეგროს ზუსტად ისე, როგორც მას ბეგრავს რუსეთის მთავრობა. ანუ ეს ურთიერთგამომრიცხავია და მხოლოდ იმ შემთხვევაში არ იქნება ურთიერთგამომრიცხავი, თუ რუსულ საბაჟო კავშირში ევროპიდან შესული საქონელი არ დაიბეგრება, რაც წარმოუდგენელია. მაშინ რუსეთი რაღატომ ქმნის ამ საბაჟო კავშირს?! ქმნის სწორედ იმიტომ, რომ ევროკავშირს შეუქმნას საბაჟო ბარიერები მარტო რუსეთში კი არა, არამედ მის გარშემო სხვა ქვეყნებშიც. წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება მოხდეს ამ ორი რამის შეხამება, თუ  რუსეთი და ევროკავშირი არ გააფორმებენ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას ერთმანეთს შორის? - მაგრამ ამის პერსპექტივა არ ჩანს. პირიქით, რუსეთი ფიქრობს ევროკავშირის იზოლირებას ამ რეგიონიდან და ამაში სხვა მეზობელი ქვეყნების ჩათრევას”.

 

გეოპოლიტიკური ომი ევროკავშირსა და რუსეთს შორის


მას შემდეგ, რაც სომხეთის პრეზიდენტმა ოფიციალურად განაცხადა თანხმობა მისი ქვეყნის ევრაზიულ კავშირში შესვლის თაობაზე, ევროკომისრები, კეტრინ ეშტონი და შტეფან ფულე რუსეთის მხრიდან პოსტსაბჭოთა ქვეყნებზე განხორციელებული ზეწოლის შესახებ ალაპარაკდნენ. სომხეთი, ისევე როგორც საქართველო, სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან ერთად ევროკავშირის აღმოსავლეთის პარტნიორობის წევრი და ასოცირების შეთანხმების კანდიდატია.

 

კახა გოგოლაშვილი მიიჩნევს, რომ ევრაზიული კავშირის გარშემო ბოლო პერიოდში რუსეთის გააქტიურება და მის მიერ განხორციელებული შანტაჟი სხვადასხვა ქვეყნის მიმართ, ევროპას საპასუხო ნაბიჯების გადადგმისაკენ უბიძგებს, რაც ნიშნავს იმას, რომ ზემოხსენებული ქვეყნების ევროინტგერაციის პროცესში, შესაძლოა, ევროკავშირმა ბევრ ისეთ საკითხზე დახუჭოს თვალი, რასაც სხვა სიტუაციაში დიდ მნიშვნელობას მიაქცევდა:

 

“ევროკავშირმა უკვე დაიწყო თვალის დახუჭვა შეუსრულებელ ვალდებულებებზე საქართველოს და სომხეთის მხრიდანაც. ევროკავშირი გამიზნულია, რომ მოახდინოს ხელშეკრულების პარაფირება, ხოლო უკრაინასთან - შეთანხმების ხელმოწერა. უკრაინასთან შეთანხმებაზე ხელის მოწერა ევროკავშირს არ უნდოდა, ადამიანის უფლებების დარღვევის მოტივით, მაგრამ რუსეთის დაჩქარებულმა მცდელობამ, რომ შექმნას ევრაზიული კავშირი, დაანახა ევროკავშირს: არსებობს სერიოზული საფრთხე საერთოდ ჩაეკეტოთ პერსპექტივა აღმოსავლეთით. ახლა უკვე კულუარულად არწმუნებენ საქართველოს წარმომადგენლებს, რომ პარაფირების მერე მაქსიმალურად სწრაფად მოხდება შეთანხმებაზე ხელმოწერა. ასეც იქნება, თუ რუსეთი გააგრძელებს რაიმე სახის აგრესიულ პოლიტიკას, რომ შექმნას ევრაზიული კავშირი. ევროკავშირი ამას უპასუხებს მეტი აქტიურობით, მეტი ფოკუსირებით ინტერესებზე და გეოპოლიტიკურ სტრატეგიაზე, ვიდრე - წმინდა ტექნიკურ და შინაარსობრივ მოთხოვნებზე. საქართველოს აღებული აქვს ვალდებულებები, რომ კონკურენციის პოლიტიკას უზრუნველყოფს, ინტელექტუალური საკუთრების დაცვას უზრუნველყოფს, მაგრამ ამის გამო ევროკავშირი არ გააჩერებს პროცესს, რადგან ეშინია არ დაასწროს რუსეთმა და არ შეიყვანოს ეს ქვეყნები, პირველ რიგში, საქართველო და მოლდოვა, სომხეთი და ყველაზე მნიშვნელოვანი - უკრაინა ამ ევრაზიულ კავშირში”.

 

გოგოლაშვილის თქმით, თავის დროზე სწორედ ასეთი საფრთხეების გამო მოხდა რუმინეთისა და ბულგარეთის დაჩქარებული წესით ევროკავშირში შეყვანა: “ეს საფრთხე რუსეთმა გამოიგონა და გეოპოლიტიკურ ბრძოლაში ჩაითრია ევროკავშირი”.

საქართველოს არჩევანი


ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, გია ვოლსკიმ 10 სექტემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ევრაზიული კავშირის თაობაზე კოალიციაში აზრთა სხვადასხვაობა არსებობს, თუმცა იგი “ნეტგაზეთთან” საუბარში აცხადებს, რომ ამ საკითხზე კოალიციაში მსჯელობა არ მიდის. ვოლსკი, რომელიც ბიძინა ივანიშვილის პარტიის წევრია, “ნეტგაზეთთან” საუბარში ამტკიცებს, რომ მას კოალიციაში ისეთი აზრი, თითქოს “ევრაზიული კავშირი საქართველოსთვის უკეთესია”, არ მოუსმენია. მისივე თქმით, ევრაზიულ კავშირზე ბიძინა ივანიშვილის თანდასწრებით მხოლოდ წინასაარჩევნო პერიოდში შედგა საუბარი, თუმცა ყველა შეთანხმდა, რომ ამომრჩევლებისთვის შეეთავაზებინა ის ევროატლანტიკური კურსი, რასაც მოსახლეობამ მხარი დაუჭირა:


“საქართველოს მთავრობის მიერ აღებული შეუქცევადი მიმართულება: არის ევროატლანტიკური ინტეგრაცია და სავაჭრო ხელშეკრულების გაფორმება ევროპასთან. ეს კი გამორიცხავს ევრაზიულ კავშირში გაერთიანებას. რაღაცა იხილება, რაღაცა არ იხილება, მაგრამ ეს გამორიცხავს. ფაქტია, რომ ჩვენს მიერ აღებულ კურსს ალტერნატივა არ აქვს. მაგრამ არ არის საჭირო ეს ისტერიკული განცხადებები, რომ ჩვენ არ შევალთ პუტინის გაერთიანებაში. ისედაც არ შევალთ, ფაქტია, მაგრამ ამის პოლიტიკურ სპეუკლაციად გამოყენება და ამაზე უხეში განცხადებების გაკეთება და მკერდზე მჯიღის კვრა, საჭირო არ არის".


ევროატლანტიკური კურსის უცვლელობაში, ასევე, დარწმუნებულია "თავისუფალი დემოკრატების" წარმომადგენელი ირაკლი ჩიქოვანი:


“ეს არის არჩევანი, რომელიც გააკეთა ჩვენმა საზოგადოებამ და ამას ვერც ერთი მთავრობა ვერ გადაუხვევს და ისიც, რომ დღესდღეისობით საქართველოში რა პროცესები ვითარდება, ნათლად ცხადყოფს, რომ ხელისუფლების გამოკვეთილი და პირდაპირი კურსი არის საქართველოს ინტეგრაცია ევროკავშირსა და ნატოში. სხვა ორგანიზაციებს რაც შეეხება, იქნება ეს ევრაზიული კავშირი თუ ნებისმიერი სხვა ორგანიზაცია, თუ ეს ორგანიზაცია ხელისშემშლელი იქნება საქართველოს მხრიდან ამ მიზნების მიღწევაში, რა თქმა უნდა, ამაზე საუბარი არ იქნება, მაგრამ, ზოგადად, თავისთავად ორგანიზაციების მიმართ ინტერესი უნდა არსებობდეს, რადგან საქართველო არ არსებობს ამოგლეჯილ კონტექსტში, საქართველო არის ევროპის, ევრაზიის კონტინენტის ნაწილი და ეს კავშირი, რომელიც ჯერ კიდევ იძენს კონტურებს (და რომელიც შეიძლება სავსებით სხვა მიმართულებით წავიდეს და ეს არ იყოს ეკონომიკური კავშირი ანუ ბევრი სხვადასხვა ასპექტი არსებობს, რომელიც რეალურად ჯერ ჩამოუყალიბებლია), ამიტომ ჩვენი ინტერესი განპირობებულია იმით, რომ ვიცოდეთ, რა ხდება ჩვენს სამეზობლოში რეალურად”.


განსხვავებული მოსაზრება აქვს საპარლამენტო უმრავლესობის წევრს, “მრეწველების” ლიდერ გოგი თოფაძეს:


“არ შეიძლება დოგმატურად, რომ მაინცდამაინც ჩვენ უნდა ვიყოთ ნატოს პარტნიორები და უნდა მივესალმოთ იმას, რომ ჩვენი ბიჭები იხოცებიან ავღანეთში და იქ დემოკრატიას ვუმტკიცებთ თალიბებს და ათასი კიდევ სხვა. მე მიმაჩნია, რომ რაც ქვეყანას გამოადგება, იქ, რა თქმა უნდა, ჩვენც უნდა ვიყოთ, იმიტომ, რომ თუ ჩვენ გვინდა, რომ ეკონომიკა ამოვწიოთ, საექსპორტო პოტენციალი გაცილებით მაღალია ევრაზიულ სივრცეში, რადგან აქ არის საოცრად დიდი საშუალებები, რომ მრეწველობა ძალიან მაღალ მდონეზე დავაყენოთ. მე არ მინდა, რომ დოგმატურად ვიყოთ ჩვენ, რომ ნატო ერთადერთი უალტერნატივოა ჩვენი პერსპექტივის, ამაზეა ლაპარაკი”.


“ნეტგაზეთის” კითხვას, აქვს თუ არა მას არგუმენტები, რომ ევრაზიულ კავშირთან ერთად საქართველო ეკონომიკურ მდგომარეობას უფრო გაიუმჯობესებს, ვიდრე იგივე ევროატლანტიკურ სივრცეში, თოფაძე პასუხობს:


“არგუმენტები როგორ არ მაქვს. ევროპა იმდენად განვითარებულია, იმდენად მაღალი დონე აქვს ევროპას ტექნოლოგიების, რომ… რა შეგვაქვს ჩვენ ევროპაში? - თხილი, ჯართი, მეტი ჩვენი ექსპორტი რა არის?" – ამბობს იგი და სკეპტიკურად უყურებს მოსაზრებას, რომლის მიხედვითაც ღრმა და ყოველისმომცველი სავაჭრო შეთანხმება ევროკავშირთან საქართველოში მეწარმოების განვითარებას შეუწყობს ხელს.

 

“ეგეც ხაფანგია, არ გეთანხმებით. ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობა რომ იქნება, აქ იმდენი შემოვა ევროპიდან დაუბეგრავი და რაღაც, რომ ჩვენ იმას ვერ დავეწევით. შენ თუ არ აწარმოე, როგორ გინდა ხალხი დააბრუნო საქართველოდან. ის, რაც საინტერესო იქნება, იმ გეზს აიღებს ჩვენი ქვეყანა. მე ჩემს აზრს გეუბნებით, რომ ევრაზიულ სივრცეში ჩვენ გაცილებით მეტ ექსპორტს ვაწარმოებთ, ვიდრე - ევროკავშირში”.


“თუ საქართველოს უნდა განვითარება, თუ არ უნდა, რომ რუსეთივით იაროს ნელი ნაბიჯებით, მაშინ, რა თქმა უნდა, უნდა აირჩიოს ევროკავშირთან ინტეგრაცია”, - აცხადებს კახა გოგოლაშვილი -  “ნუ დაგვავიწყდება, რომ რუსეთი ტოტალიტარული სახელმწიფოს გადმონაშთია და მაგ პირობებში ინტეგრირება, არა მგონია, მოდერნიზაციის მიზნებს ემსახურებოდეს”.


გოგოლაშვილის თქმით, ევრაზიულ კავშირს საქართველოსთვის მხოლოდ მოკლევადიან პერსპექტივაში შეიძლება ჰქონდეს რაიმე სარგებელი:


“ევრაზიულ კავშირში შესვლის შემთხვევაში რუსული მონოპოლიები ქართულ ბიზნესს მთლიანად აიღებენ ხელში. ეს მონოპოლიები კი არის პოლიტიზებული კლანების ხელში. კონკურენციაზე ლაპარაკი ზედმეტი იქნება და საქართველოს განვითარების თავისი ნება პრაქტიკულად აღარ ექნება. ეს იმოქმედებს დემოკრატიის ხარისხზეც. სამართალდამცავი სტრუქტურები რომ ბიზნესში ჩაერთვებიან, რა თქმა უნდა, დამკვიდრდება მექრთამეობა და კორუფცია. ამ დროს ევროკავშირი არის დემოკრატიული, მოდერნიზებული კავშირი. ჯობია, რომ ჯანსაღი კონკურენციის საფუძველზე ძლიერ სახელმწიფოებთან თანამშრომლობა და მათ ბაზარზე შესვლის მცდელობა განახორციელო, რაც თავისთავად მსოფლიო ბაზარზე  გასვლის შესაძლებლობასაც გაძლევს”, - აცხადებს კახა გოგოლაშვილი.


არსებობს თუ არა კონტაქტი თბილისსა და მოსკოვს შორის ევრაზიული კავშირზე?


კახა გოგოლაშვილის აზრით, გამორიცხული არ არის, რუსეთი სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნების მსგავსად ევრაზიული კავშირის თაობაზე შანტაჟს საქართველოს მიმართაც აწარმოებდეს. თუმცა აქ საუბარია არა საქართველოს ამ კავშირში გაწევრიანებაზე, რადგან, მისი თქმით, ტერიტორიების ოკუპაციის გამო მოსკოვს თბილისის თავის კავშირში შეყვანის იმედი არ აქვს, არამედ თბილისის მხრიდან კავშირის ფორმირებისათვის არახელისშემშლელი რიტორიკის უზრუნველყოფაზე. პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი საქართველო-რუსეთის საკითხებში ზურაბ აბაშიძე, რომელიც საქართველოს ერთადერთი წარმომადგენელია რუსეთთან ერთი–ერთზე მოლაპარაკებებზე, “ნეტგაზეთთან" საუბარში ამბობს, რომ მისი და გრიგორი კარასინის შეხვედრების არც ერთ დონეზე, რუსეთის საგარეო უწყების მაღალჩინოსანს ევრაზიულ კავშირზე სიტყვა ერთხელაც არ ჩამოუგდია. მეტიც, აბაშიძის მტკიცებით, ამ თემაზე საუბარი არც რუს ექსპერტებთან თუ ნაცნობებთან ჰქონია არაფორმალურ ვითარებაში:


“ეს თემა კარასინთან არც დასმულა და არც განხილულა იმიტომ, რომ ასეთი საკითხები ჩვენი დიალოგის საგანი საერთოდ არ არის. ნაცნობებთან და კოლეგებთან როდესაც მაქვს საუბარი, მათ იციან, რომ აბსოლუტურად მტკიცედ აქვს საქართველოს განსაზღვრული თავისი ევროატლანტიკური კურსი, ორიენტაცია და ეს საკითხი არანაირად არ განიხილება და არც განხილულა არასდროს”.