ახალი ამბები

ევროკავშირი საქართველოში არჩევნებს ყურადღებით დააკვირდება

28 თებერვალი, 2012 • • 1246
ევროკავშირი საქართველოში არჩევნებს ყურადღებით დააკვირდება

ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა საბჭომ 27 თებერვალს ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე სამხრეთ კავკასიასთან დაკავშირებით დასკვნები შეაჯერა. დოკუმენტში მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა საქართველოსაც, სადაც საუბარია მომავალი არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებისა და დემოკრატიული რეფორმების მნიშვნელობაზე.

ევროკავშირი მიესალმება აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში მიღწეულ პროგრესს, რომელიც მიმართულია ევროკავშიირის ურთიერთობების გაძლიერებისკენ აზერბაიჯანთან, სომხეთთან და საქართველოსთან.

დოკუმენტში წერია, რომ ევროკავშირის ინტერესია სამხრეთ კავკასიის რეგიონში უსაფრთხოება და სტაბილურობა, ასევე, დემოკრატიული რეფორმების,  კანონის უზენაესობის, ადამიანების უფლებების დაცვის, მდგრადი განვითარებისა და კონფლიქტების მოსაგვარებლად ურთიერთთანამშრომლობის მხარდაჭერა.

ევროპის კავშირი მიესალმება საქართველოსა და ევროკავშირს შორის მიღწეულ შედეგს ასოცირების შესახებ მოლაპარაკებებში, ასევე, მოლაპარაკების დაწყებას ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალ ვაჭრობასთან დაკავშირებით. ევროკავშირი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საქართველომ უნდა გაგრძელოს დარგობრივი რეფორმები.

”ევროკავშირი ასევე ხაზს უსვამს სავიზო რეჟიმის გამარტივებისა და რეადმისიის შესახებ ხელშეკრულების ეფექტური განხორციელების საჭიროებას. ევოპის კავშირი ასევე გამოთქვამს მზადყოფნას, ეტაპობრივად გადადგას ნაბიჯები ორფაზიანი სავიზო სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით, რომელიც  უვიზო რეჟიმის შექმნისკენ იქნება მიმართული, რაც მოხდება უსაფრთხო და კარგად მართულ გარემოში შესაფერის დროს. ევროკავშირი აღიარებს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებსა და ევროპულ არჩევანს, ასევე მის ვალდებულებას, შექმნას ღრმა და მდგრადი დემოკრატია. ევროკავშირი ასევე მიესალმება საქართველოს მცდელობას, მოახდინოს საზოგადოების რეფორმირება, მოდერნიზება და ებრძოლოს კორუფციას,” – წერია ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების განცხადებაში, ”-ევროკავშირი ხაზს უსვამს 2012 წლის საპარლამენტო და 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების საქართველოში საერთაშორისოდ აღიარებული დემოკრატიული სტანდარტების მიხედვით ჩატარების მნიშვნელობას, ასევე ყურადღებით დააკვირდება წინაასაარჩევნო პროცესებს.”

მასალების გადაბეჭდვის წესი