ახალი ამბები

კოჟორიძე: ლევან ბეჟაშვილის დაკავება უკანონობაა

5 ივლისი, 2014 • 1477
კოჟორიძე: ლევან ბეჟაშვილის  დაკავება უკანონობაა

დეპუტატი ლევან ბეჟაშვილი სამართალდამცავებმა 4 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოსთან მომხდარი ინციდენტის დროს დააკავეს.  შსს-ს პრესსამსახურმა ნეტგაზეთს განუცხადა, რომ  დაკავებულებს ბრალი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის ორი მუხლის დარღვევაში ედება: 166-ე და 173-ე. 166-ე მუხლი წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს, ხოლო 173-ე – პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას.

 

კახა კოჟორიძე განმარტავს, რომ დეპუტატის დაკავება ამ მუხლებით წარმოადგენს უკანონობას: 

 

“საქართველოს კონსტიტუციის 52 -ე მუხლი ამბობს შემდეგ რამეს, რომ დეპუტატის დაკავება ან დაპატიმრება პარლამენტის თანხმობის გარშე არ შეიძლება. გამონაკლისი არის დანაშაულზე წასწრების შემთხვევა, რაც დაუყოვებლივ უნდა ეცნობოს პარლამენტს.  თუ პარლამენტი თანხმობას არ მისცემს, შემდეგ უნდა გათავისუფლდეს დაკავებული დეპუტატი. რადგან კონტიტუცია ამბობს იმას, რომ გამონაკლისი არის დანაშაულზე წასწრების შემთხვევაში, ეს ნიშნავს იმას, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღევაზე წასწრება ვერ გახდება დეპუტატის დაკავების საფუძველი”.

 

კოჟორიძე განმარტავს, რომ დეპუტატ ლევან ბეჟაშვილის დაკავება იმ შემთხვევაშიც კი უკანონო იქნებოდა, ამ უკანასკნელს რომ საჯაროდ ვინმესთვის შეეგინებინა.

“ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლი ამბობს, რომ საზოგადოებივი თავშეყრის ადგილებში ლანძღვა-გინება არის წვრილმანი ხულიგნობა. როდესაც ამ ქმედებას აქვს ადგილი, იქ ადმინისტრაციულ დაკავებას შეიძლება ჰქონდეს ადგილი, რადგან საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ლანძღვა-გინება არის ადმინისტრაციული სამართალდაღვევა და კონსტიტუცია კრძალავს ადმინისტრაციულ სამართალდაღვევაზე დეპუტატის დაკავებას იმ შემთხვევაშიც კი, თუ სამართალდამცავები დაადასტურებენ იმას, რომ ლევან ბეჟაშვილმა საქვეყნოდ შეაგინა ვინმეს, ვერ გახდებოდა დეპუტატის დაკავების საფუძველი.”

 

კოჟორიძე განმარტავს, რომ თუ დეპუტატმა ჩაიდინა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, მან პასუხი უნდა აგოს, თუმცა ეს პროცედურების დაცვით უნდა მოხდეს და დაკავება უკანონობაა.

 

“თუ ბეჟაშვილმა ჩაიდინა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, უნდა აგოს პასუხი, მაგრამ დაკავებით არა. ხვალ-ზეგ გაიმართება პროცესი და შეეცდება სამართალდამცავი ორგანო დაუსაბუთოს მას ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენა, მაგრამ დაკავებული არ უნდა იყოს. ეს არის პრობლემა. კონტიტუცია იმას კი არ ამბობს, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე ჯარიმის დაკისრება არ შეიძლება, კონსტიტუცია ამბობს, რომ დაკავება არ შეიძლება. თუ რომლიმე კონკრეტულმა დამკავებელმა, სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელმა, არ იცოდა ამის შესახებ, მისმა ზემდგომმა, მთლიანად სამინისტრომ, ვერ დავიჯერებ, ღიმილის მომგვრელი იქნება, თუ ვინმე იტყვის, რომ არ ვიცოდით, რომ ლევან ბეჟაშვილი დეპუტატი იყოო.  უკანონო დაკავებასთან გვაქვს საქმე, რაც თავის მხრივ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, გათვალისწინებულს სისხლის სამართლის კოდექსის 147 -ე მუხლით”. 

 

სისხლის სამართლის 147-ე მუხლი (განზრახ უკანონო დაკავება ან დაპატიმრება) არის მძიმე დანაშაული. იგი ითვალისწინებს სასჯელს თვაისულების შეზღუდვით ვადით ორ წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე. 

 

საიას თავმჯდომარე ამბობს, რომ ძალიან სამწუხაროა ის მოვლენები, რაც გიგი უგულავას საქმეზე გადაწყვეტილების გამოცხადებას მოყვა.

“ცხადია, არასასურველია ქვეყნისთვის. ქვეყანაში დაძაბულობის გაზრდა და ასეთი დაძაბულობები მიუღებელია. თუ ვინმეს არ მოსწონს გადაწყვეტილება, უნდა გასაჩივრდეს და სხვანაირად პროტესტის გამოხატვა ლანძღა-გინებით მიუღებელია. თავის მხრივ, თუ ვინმემ ჩაიდინა დარღვევა, თუ სამართალდამცავი ორგანოები ამას ფიქრობენ და ამისი დამამტკიცებელი საბუთები აქვთ, ზუსტად მოხდეს კანონის განუხრელი დაცვა, დეპუტატი იქნება თუ რიგითი მოქალაქე”.

 

კახა კოჟორიძე
კახა კოჟორიძე

მასალების გადაბეჭდვის წესი