ახალი ამბები

ინგლისური ენის სახელმძღვანელოების შეცვლის თემა ისევ აქტუალურია

9 სექტემბერი, 2015 • • 3123
ინგლისური ენის სახელმძღვანელოების შეცვლის თემა ისევ აქტუალურია

დიმიტრი შაშკინის განათლების მინისტრობის პერიოდში ინგლისური ენის სახელმძღვანელოებზე გაფორმებული მემორანდუმის შინაარსის შესახებ გამომცემელთა ნაწილს დღემდე კითხვები აქვს, რომლებსაც, მათი განმარტებით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსგან ვერ იღებენ..

 

“განათლების სამინისტროში რამდენიმე კვირის წინ მინისტრის მოადგილეებთან, გიორგი შავარშიძესთან და ლია გიგაურთან შეხვედრა გვქონდა. ისევ მოვითხოვეთ მემორანდუმის გასაჯაროება. გვაინტერესებს, რამდენი წლით არის ის გაფორმებული. ჩვენი ინფორმაციით, 10 წლით. ასევე, გვაინტერესებს, რატომ ვართ ადგილობრივი და უცხოელი გამომცემლები არათანაბარ პირობებში”, – ამბობს “ბათუმელებთან” საუბარში, გამომცემლობა “ინტელექტის” ხელმძღვანელი, კახმეგ კუდავა.

 

“ეს იყო კონკურსის წესების გვერდის ავლით ხელმოწერილი მემორანდუმი. რატომ არის საიდუმლო მისი ვადები”, – ამბობს თამარ ლებანიძე, გამომცემლობა “დიოგენეს” ხელმძღვანელი. “დიოგენე” სხვა გამომცემლობებთან ერთად, 2011 წლამდე ქართველის ავტორების ინგლისური ენის სახელმძღვანელოებს  საქართველოშივე გამოსცემდა. შემდეგ, სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება წიგნები უცხოელი გამომცემლისგან ეყიდა, ვინაიდან მაშინ სამინისტრომ მიიჩნია და ამას ღიად აცხადებდა, რომ საქართველოში გამოცემული ინგლისური ენის სახელმძღვანელობის შინაარსობრივი ხარისხი საერთაშორისო სტანდარტებთან შეუსაბამო იყო.

 

2012 წელს, ხელისუფლების და, შესაბამისად, განათლების სამინისტროში გადაწყვეტილებების მიმღებთა შეცვლის შემდეგ, ქართველ გამომცემლებს იმედი გაუჩნდათ, რომ სამინისტრო გააუქმებდა წინა ხელისუფლების გადაწყვეტილებას და ინგლისური ენის სახელმძღვანელოების ბეჭდვის უფლებას მისცემდა. ამ კუთხით ამ დრომდე არაფერი შეცვლილა და გამომცემლებს კითხვები გაუჩნდათ, ხომ არ ლობირებს განათლების სამინისტრო მაკმილანის გამომცემლობას.

 

“ბათუმელებმა” განათლების სამინისტროს ჰკითხა და მიიღო ინფორმაცია, რომ 2011 წელს ხელმოწერილი მემორანდუმი 5-წლიანი იყო და მისი ვადა წელს იწურება.

 

სამინისტროს ცნობითვე, მომავალ წელს სახელმძღვანელოების გრიფირების კონკურსი გამოცხადდება და, შესაბამისად, მასში მონაწილეობის მიღება ინგლისური ენის ყველა სხვა სახელმძღვანელოს შეუძლია.

 

გამომცემლობა “ინტელექტის” ინფორმაციით, ცალკე საკითხია ინგლისური ენის სახელმძღვანელოების ფასები, რომელიც “3-ჯერ, 4-ჯერ და ზოგჯერ მეტჯერად აღემატება ქართული გამომცელობების მიერ გამოცემული ნებისმიერი სახელმძღვანელოს ფასს”.

 

განათლების სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, 2015 წელს განათლების სამინისტრომ 51 0383 ცალი ინგლისური ენის სახელმძღვანელო შეიძინა და ჯამში, 372 0794,15 ლარი დახარჯა.

 

ლონდონში დაბეჭდილი სასკოლო სახელმძღვანელოებით საქართველოს სკოლებში სწავლების გადაწყვეტილება განათლების სამინისტრომ და მაშინდელმა მინისტრმა 2011 წელს მიიღეს. მაკმილანთან გაფორმებული მემორანდუმის თანახმად, როგორც მაშინ განათლების სამინისიტრო აცხადებდა, გამომცემლობა ვალდებულებას იღებდა ყველა ქართველი ინგლისური ენის პედაგოგი უფასოდ გადაემზადებინა და მათთვის უფასოდ დაერიგებინათ წიგნები და დამხმარე აუდიო, ვიდეო და ვიზუალური მასალები. სამინისტროს ინფორმაციითვე, ასეც მოხდა და 3 ათასი ინგლისური ენის პედაგოგი გადაამზადეს.

 

თუმცა ახალ სახელმძღვანელოებთან დაკავშირებით პრობლემები მაშნვე შეიქმნა. გამომცემლობების, განათლების საკითხთა მკვლევართა და მასწავლებლების ნაწილი აცხადებდა, რომ ისინი ქართულ გარემოსთან შეუსაბამოა და რუსული ბაზრისთვის არის შექმნილი, რადგან წიგნებში ბევრი ამბავი და ილუსტიტრებული ინფორმაცია სწორედ რუსეთს შეეხება. იგივე არგუმენტები მოწინააღმდეგეებს დღემდე აქვთ.

 

“ე.წ. ექსპერტები მე მიყენებენ პრეტენზიას თუ არტომ არის “მაკმილანის” მეოთხე კლასის სახელმძღვანელოში კრემლის, ეიფელის კოშკისა და ტოკიოს ფოტოები და ამის საფუძველზე აკეთებენ დასკვნას, რომ ეს სახელმძღვანელო არის გათვლილი რუსეთისთვის. ეს ხომ სრული აბსურდია. რუსეთს ჩვენი ქვეყნის 20% აქვს ოკუპირებული, მაგრამ მე როგორც მინისტრს არ შემიძლია ისტორიიდან კრემლი ამოვაგდო. რუსეთი რუკაზე არსებობს და რომ ვთქვათ, რომ კრემლი არ არსებობს, მარაზმია. ისევე როგორც სახელმძღვანელოდან ამოვიღოთ ფაქტი იური გაგარინზე, რომელიც პირველი კოსმონავტია. ეს ცრუ პატრიოტიზმია”, – ეს განცხადება აღნიშნული კრიტიკის საპასუხოდ მაშინ თავად მინისტრმა შაშკინმა გააკეთა.


 


კიდევ ერთი საკითხი, რომელიც აღნიშნულ სახელმძღვანელოებში პრობლემას პედაგოგებიც ხედავენ, მათი განმარტებით, ზოგიერთი კლასის მასალის სირთულეა.

 

“პირველ კლასში მხოლოდ ამ წიგნით სწავლება გამორიცხულია. ბავშვებმა ჯერ ინგლისური ანბანი არ იციან და დავალება აქვთ, რომ დაწერონ და ფრაზები ისწავლონ. პირველსავე გაკვეთილზე დიალოგია მოცემული. როგორ უნდა წაიკითხონ? ამიტომ, აქ უკვე თავად პედაგოგზეა ყველაფერი დამოკიდებული. ფაქტიურად ახალ მასალებს ვქმნით. და იმის გათვალისწინებით, რომ კვირაში მხოლოდ 2 საათი გვაქვს პირველ კლასში ინგლისურისთვის, წარმოუდგენილია ამ წიგნის დაძლევა და მისი დასრულება წლის ბოლოს”, – ამბობს ინგლისური ენის პედაგოგი, თეა ზოიძე.


 

ინგლისური ენის პირველი კლასის სახელმძღვანელოდან


იგივეს ფიქრობს ინგლისური ენის სხვა მასწავლებელი, ლელა ვერულიძეც, თუმცა აქვე ამბობს: “მე, როგორც ინგლისური ენის მასწავლებელს, მომწონს იმ წიგნებით მუშაობა, რომელიც უშუალოდ ინგლისურენოვანი ავტორის მიერაა შექმნილი. შეცდომებიც ნაკლებია”.

 

განათლების სამინისტროში აცახდებენ, რომ გრიფირების მომავალ კონკურსშიც საუკეთესო გაიმარჯვებს, თუმცა, თამარ ლებანიძე, გამომცემლობა “დიოგენეს” წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ “ნებისმიერი სახელმძღვანელოს არჩევის ყველაზე მისაღები პრინციპი საკუთესო მსოფლიო გამოცდილებით თავისუფალი ბაზრის პრინციპია, როდესაც ყოველგვარი გრიფირების გარეშე, სახელმწიფოს მიერ დაწესებული სტანდარტების შესაბამისად და მისი შემდგომი მონიტორინგით,  პასუხისმგებლობას ხარისხიანი სახელმძღვანელოს სკოლაში შეტანაზე თავად გამომცემლობა და სკოლა იღებენ. თუმცა, ეს უკიდურესი ლიბერალური ხედვაა”.

მასალების გადაბეჭდვის წესი