ახალი ამბები

პროკურატურა: მრჩეველთა საერთაშორისო ჯგუფის რეკომენდაციაა გაგრძელდეს სააკაშვილზე დევნა

21 მარტი, 2015 • • 1281
პროკურატურა: მრჩეველთა საერთაშორისო ჯგუფის რეკომენდაციაა გაგრძელდეს სააკაშვილზე დევნა

კერძოდ, საუბარია 7 ნოემბრის მიტინგის ძალის გამოყენებით დაშლისა და ბადრი პატარკაციშვილი ქონების, მათ შორის ტელეკომპანია “იმედის” ხელში ჩაგდების საქმეზე. აღნიშნულ საქმეზე ბრალი წარდგენილი აქვთ ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს, ყოფილ შს მინისტრ ვანო მერაბიშვილს, ყოფილ თავდაცვის მინისტრ დავით კეზერაშვილს, ყოფილ იუსტიციის მინისტრ ზურაბ ადეიშვილს, თბილისის ყოფილ მერ გიორგი უგულავას.

 

როგორც პროკურატურის მიერ გავრცელებულ პრესრელიზშია აღნიშნული, მთავარი პროკურორისთვის წარდგენილ  ანგარიშში, საერთაშორისო ჯგუფის დასკვნის მიხედვით, მტკიცებულებები „ასახავენ ერთიან, განგრძობად გეგმას 2005 წლიდან 2010 წლამდე პერიოდში, რომელიც მიზნად ისახავდა დანაშაულებრივი ქმედებების გზით, მათ შორის ძალადობით, ქონების განადგურებითა და თაღლითობით, მთავრობის მიერ მედიის საქმიანობის კონტროლს და მთავრობის მიმართ კრიტიკისა და საზოგადოებრივი პროტესტის ჩახშობას, მათ შორის 2007 წლის 7 ნოემბერს. გარდა ამისა, მტკიცებულებები კონკრეტულად მიუთითებენ ფართომასშტაბიან კამპანიაზე არკადი პატარკაციშვილის წინააღმდეგ, რომლის მიზეზსაც წარმოადგენდა პატარკაციშვილის უარი, ტელეკომპანია „იმედი“ სამთავრობო კონტროლს დაექვემდებარებინა და აგრეთვე,  მისი ოპოზიციური პოლიტიკური საქმიანობა, რამაც გამოიწვია მისი ქონების განადგურება და მიტაცება“.

საერთაშორისო ჯგუფი 2014 წლის ივლისში მთავარი პროკურორის ინიციატივით შეიქმნა იმ მიზნით, რომ აქტიურად შეესწავლა მთავარი პროკურატურის მიერ მიწოდებული მასალები, რომლებიც მოიცავდა მოწმეთა ჩვენებებს, ექსპერტიზის დასკვნებს, სასამართლო ოქმებს, საქართველოს კანონმდებლობასა და შესაბამის მასალებს. პროკურატურის მრჩეველთა საერთაშორისო ჯგუფში გაწევრიანებული არიან სერ ჯოფრი ნაისი (გაერთიანებული სამეფოს დედოფლის ადვოკატი), მოშე ლადორი – ისრაელის სახელმწიფოს ყოფილი მთავარი პროკურორი და პოლკოფი – ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის განყოფილების ყოფილი უფროსი.

პროკურატურის მრჩეველთა ჯგუფის მიერ დადებული აღნიშნული დასკვნა რიგით მეორეა. პროკურატურის ცმობით, არსებობს კიდევ ერთი დასკვნა, რომლის თანახმადაც ქართველ პროკურორებს ეძლევათ რეკომენდაცია გააგრძელონ სისხლისსამართლებრივი დევნა ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და სხვა ყოფილი მაღალი თანამდებობის პირების მიმართ  2005 წელს პარლამენტის წევრ ვალერი გელაშვილზე განხორციელებულ თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით.

მასალების გადაბეჭდვის წესი