ახალი ამბები

პრემიერი ენმ-ს აქციაზე: აპირებენ 15 ლარი გადაუხადონ მოქალაქეებს და ერთმანეთი აცემინონ

29 ოქტომბერი, 2014 • • 1090
პრემიერი ენმ-ს აქციაზე: აპირებენ 15 ლარი გადაუხადონ მოქალაქეებს და ერთმანეთი აცემინონ

“არ მინდა, მოღალატეების მიერ დაანონსებულ აქციაზე კომენტარი გავაკეთო, მაგრამ ზოგადად, ნოემბერი არის მათთვის ჩვეული თვე, ყველას გახსოვთ, 7 ნოემბერს როგორ ბრუტალურად დაარბიეს მშვიდობიანი მოსახლეობა”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

მისივე თქმით, აქციაზე ნაცმოძრაობის წარმომადგენლები პროვოკაციებს გეგმავენ:

 

“გავრცელდა ინფორმაცია, რომ ისინი გეგმავენ პროვოკაციებს. რეალურად, მათ რომ აფხაზეთზე, ჩვენს მოსახლეობასა და ქვეყანაზე გული არ შესტკივათ, ეს ახალი ამბავი არ არის. ყველამ კარგად იცის, რომ მათი დამსახურებაა, რომ აფხაზეთი და ცხინვალი, ქვეყნის ტერიტორიის 20%, დღეს ოკუპირებულია რუსეთის მიერ, დავკარგეთ კოდორი, 100-ზე მეტი სოფელი და მათი პოლიტიკის შედეგად მივიღეთ 25 ათასი დევნილი. მათ აქცია საკუთარ თავს უნდა მოუწყონ”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის განცხადებით, 15 ნოემბერს ისინი გამართავენ აქციას აფხაზეთში რუსეთთან გასაფორმებელი ხელშეკრულების გამო შექმნილი ვითარების თაობაზე და მათ აქციაში მონაწილეობისკენ საზოგადოებას და სხვა ოპოზიციურ ძალებს მოუწოდეს.

 

“გავრცელებული ინფორმაციით, დაანონსებული აქცია მათ პროვოკაციების განსახორციელებლად სჭირდებათ, აპირებენ, რომ გაჭირვებული მოქალაქეები რეგიონებიდან და სოფლებიდან ჩამოიყვანონ, 15-15 ლარი გადაუხადონ და შემდეგ ერთმანეთი აცემინონ. ეს არის “ნაციონალური მოძრაობა” და მე მათზე დროის დახარჯვა არ მინდა”, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი