ეკონომიკა

DHL და TNT ერთი დღით გაიფიცებიან

29 ოქტომბერი, 2014 • • 1823
DHL და TNT ერთი დღით გაიფიცებიან

კომპანიების  მომსახურება ერთდღიანი გამაფრთხილებელი გაფიცვის ნიშნად შეჩერებული იქნება. 

 

“ჩვენი კომპანიები ამ გამაფრთხილებელი გაფიცვით გამოხატავენ პროტესტს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ შემუშავებული “ფოსტის შესახებ” კანონპროექტის გამო” – აცხადებს კომპანიის წარმომადგენელი ნინო მენთეშაშვილი. 

 

გადამზიდავები “ფოსტის შესახებ” კანონპროექტს უკვე 4 თვეა აპროტესტებენ. გადამზიდავები აცხადებენ, რომ თუ კანონპროექტი ამ ფორმით დაამტკიცა პარლამენტმა, “საქართველოს ფოსტა” ბაზარზე მონოპოლისტი გახდება და კომპანიებს ბაზრის დატოვება მოუწევთ. 

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ შეიმუშავა  “ფოსტის შესახებ” კანონპროექტი, რომელიც გადამზიდავების და ექსპეტრების შეფასებით, ბაზრის ამ სეგმენტზე ეკონომიკურად დაუსაბუთებელი სახელმწიფო რეგულირების შემოღებას ითვალისწინებს. 

 

“საერთაშორისო განჭვირვალობა საქართველოს” მთავარი ანალიტიკოსის, ნათია  კუტივაძის განცხადებით, “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” კანონპროექტი “საფოსტო კავშირის შესახებ” დეტალურად შეისწავლა და დაასკვნა, რომ  ახალი კანონპროექტი  “საქართველოს ფოსტის” მიერ ბაზრის მონოპოლიას უზრუნველყოფს:

 

კანონპროექტით გათვალისწინებულია, რომ მას შემდეგ, რაც კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისია საფოსტო კავშირის სფეროში საქმიანობის მსურველი პირის ავტორიზაციას მოახდენს, სამინისტროს გადაწყვეტილებით, მხოლოდ ერთ ავტორიზებულ პირს მიენიჭება საფოსტო კავშირის ეროვნული (დანიშნული) ოპერატორის სტატუსი (მუხლი 38.2).  კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს (მუხლი 54.2), რომ სწორედ „საქართველოს ფოსტას“ უნდა მიენიჭოს ეროვნული (დანიშნული) ოპერატორის სტატუსი. აღნიშნული სტატუსის მინიჭება 20 წლის ვადით ხდება(მუხლი 44.1), ამ პრაქტიკის მსგავსი ანალოგი კი საერთაშორისო პრაქტიკაში არ იძებნება.  აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ სამინისტრო ან უგრძელებს ამ სტატუსს არსებულ ოპერატორს, ან ახალ ოპერატორს შეარჩევს.

 

 

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” შეფასებით,  საყურადღებოა ის გარემოება, რომ ეროვნულ (დანიშნულ) ოპერატორს სხვა საქმიანობაც არ ეზღუდება (მუხლი 24.10) და გათვალისწინებულია მომსახურების სხვა სახეობების ნუსხის სამინისტროს აქტით დამტკიცება (მუხლი 22).

 

ამდენად, კანონპროექტი შეიცავს რისკს, რომ განმეორდეს საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 25 იანვრის №30 ბრძანებით შემოღებული პრაქტიკა−სამინისტროს აქტით ეროვნულმა (დანიშნულმა) ოპერატორმა („საქართველოს ფოსტამ“) კვლავ განაგრძოს საქონლის გადაზიდვის მომსახურების (ე.წ. „კარგო“ გადაზიდვების) განხორციელება. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ კანონპროექტი ითვალისწინებდეს საფოსტო გზავნილის ან/და ამანათის ზომისა და წონის კონკრეტულ მახასიათებლებს და შეესაბამებოდეს საფოსტო კავშირის სფეროში საქმიანობის საერთაშორისო პრაქტიკას.

 

გადამზიდავები
გადამზიდავები

მასალების გადაბეჭდვის წესი