ახალი ამბები

კვალიფიციური კადრის დეფიციტის გამო თანასწორობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ვერ შეარჩიეს

9 ოქტომბერი, 2014 • • 1248
კვალიფიციური კადრის დეფიციტის გამო თანასწორობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ვერ შეარჩიეს

საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ვაკანსიის თანახმად, აღნიშნულ თანამდებობაზე განაცხადის შეტანის ვადა 7 სექტემბერი იყო, მას შემდეგ თვეზე მეტი გავიდა, თუმცა დეპარტამენტს ხელმძღვანელი და თანამშრომლები ჯერ კიდევ არ ჰყავს. პაატა ბელთაძის განცხადებით, კონკურსი ორჯერ, შესაბამისი კვალიფიკაციის კადრის არარსებობის გამო გადაიდო:

 

“პრობლემაა კადრების მოძიება, ორჯერ გადავდეთ კონკურსი,  ზოგს კვალიფიკაცია არ ჰქონდა საკმარისი, უცხო ენის ცოდნასაც ვითხოვდით, იმიტომ, რომ მსგავს საერთაშორისო ხელმძღვანელებთან კავშირი ექნებათ,” – ამბობს ის.

 

ომბუდსმენის აპარატმა ამ დროის მონაცმებით სამი კანდიდატიდან ერთ-ერთი საბოლოოდ უნდა შეარჩიოს აღნიშნულ თანამდებობაზე. როგორც უჩა ნანუაშვილის მოადგილე განმარტავს, სამივე მათგანი, რომლებთანაც გასაუბრების ეტაპზე არიან, საქრთველოს ფარგლებს გარეთაა, თუმცა მათ ვინაობას არ ასახელებს:

 

“ერთს გავესაუბრეთ, რომელიც ბრიტანეთშია და კიდევ ორი კანდიდატურაა, რომლებიც ამერიკაში ცხოვრობენ და ხვალ გვაქვს “სკაიპით” გასაუბრება”.

 

მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით დეპარტამენტს არც თანამშრომლები და არც ხელმძღვანელი არ ჰყავს, ომბუდსმენის აპარატმა, პაატა ბელთაძის თქმით, გარკვეული სამუშაო უკვე შეასრულა:

 

“ამასობაში ჩვენ განვმარტეთ, რა არის დისკრიმინაცია, რა არის ამ კანონის მთავარი სულისკვეთება, ასევე გავიგეთ გამოცდილება, სხვა ქვეყნებში როგორ მუშაობენ, კოალიციებია შექმნილი არასამთავრობო და მათ ვხვდებით. ჯამში, 20 ქეისამდეა შემოსული, მაგრამ აქედან 15 დაუშვებელია, რადგან საუბარია სიძულვილის ენაზე და არა დისკრიმინაციაზე. ამ კვირაში დავიწყეთ ვიდეო-რგოლის მომზადება და საინფორმაციო ბუკლეტის მომზადება, რომელსაც გავავრცელებთ, პროცესში ვართ, მაგრამ პირი ვერ შევარჩიეთ ჯერჯერობით”.

 

პაატა ბელთაძე
პაატა ბელთაძე

 

სახალხო დამცველის აპარატში თანასწორობის დეპარტამენტის შესაქმნელად 2015 წლის ბიუჯეტის პროექტშიცაა თანხები გათვალისწინებული. ამ აპარატისთვის 350 000 ლარი გამოიყო და ის 15-კაციანი დეპარტამენტის მუშაობაზე უნდა გადანაწილდეს. მიუხედავად იმისა, რომ ომბუდსმენის აპარატის მიერ ფინანსთა სამინისტროსთვის წარდგენილი პროექტის თანახმად სახალხო დამცველის აპარატი აღნიშნული დეპარტამენტისთვის 500 000 ლარს ითხოვდა, დღეს პაატა ბელთაძე ამბობს, რომ ბიუჯეტის მიერ გამოყოფილი თანხა ნორმალურია:

 

“ეს თანხა გულისხმობს მატერიალურ-ტექნიკური ბაზით უზრუნველყოფას 15 ადამიანზე, ერთი ავტომანქანა, რომელიც უშუალოდ დეპარტამენტს მოემსახურება, სასწავლო ვიზიტები და ა.შ. რეალურად ნორმალურია ის თანხა, რაც მთავრობამ გამოყო”.

 

თავდაპირველი პროექტის მიხედვით, აპარატი 17 თანამშრომლით უნდა დაკომპლექტებულიყო, ეს რაოდენობა დღეს უკვე 15-მდე შემცირდა. პაატა ბელთაძე “ნეტგაზეთთან” საუბრისას ამბობს, რომ 2014 წლის ბოლომდე მხოლოდ 5 ადამიანის აყვანა იგეგმება:

 

” სფეროები ძალიან ბევრია, ამიტომაც 15  მოვითხოვეთ, წელს აუცილებლად 5-ს ავიყვანთ. უკვე მომავალ წელს საჭიროების მიხედვით, აპარატში ვიღებთ ნებისმიერ განცხადბას, რამდენიმე ძალიან საინტერესო ქეისი გამოიკვეთა”.

მასალების გადაბეჭდვის წესი