ახალი ამბები

პოლიცია არ განმარტავს, რატომ გადაიყვანეს რამდენიმე პირი პოლიციის შენობაში

16 ივნისი, 2014 • 999
პოლიცია არ განმარტავს, რატომ გადაიყვანეს რამდენიმე პირი  პოლიციის შენობაში


კითხვაზე, თუ არავინ დაუკავებიათ, მაშინ რას ნიშნავს ეს, შსს-ს პრესსამსახურის უფროსმა ნინო გიორგობიანმა “ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ “არავინ დაუკავებიათ” და დამატებით ინფორმაციას ხვალ მოგვაწვდიან.

 

ნაციონალური მოძრაობის დამკვირვებლები პოლიციაში მინი ბუსით გადაიყვანეს

ორივე, ქართული ოცნების და ნაცმოძრაობის წარმომადგენლები  აცხადებენ, რომ არჩევნებს იგებდნენ #36 საარჩევნო უბანზე და მოწინააღმდეგე მხარეს მისი ჩაშლა სურდა, რის გამოც ინციდენტი მოხდა საარჩევნო უბანზე, რომლის გამოც ქართული ოცნების ცნობით, 15 პირი, ხოლო ნაცმოძრაობის ცნობით, 10 პირი დააკავეს. 

 

დაკავებულებიდან 2, ნაცმოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, ნუგზარ წიკლაურის თქმით, მათი დამკვირვებელი იყო. მათგან ერთ-ერთი ილია მარტყოფიშვილია.

 

 

 

როგორც ნუგზარ წიკლაურმა “ნეტგაზეთს” განუცხადა, ის და ნაცმოძრაობის კიდევ ერთი ლიდერი გიგა ბოკერია პოლიციის შენობაში ინფორმაციის მისაღებად შევიდნენ.


პოლიციის შენობასთან ნაციონალური მორაობის ლიდერების მისვლას ხმაური მოჰყვა. ქართული ოცნების მხარდამჭერები  ნუგზარ წიკლაურს დაუპირისპირდნენ. შეხლა-შემოხლა პოლიციის ჩარევის შემდეგ განიმუხტა. 

 

დაპირისპირება სამხარეო სამმართველოს წინ

 

ნუგზარ წიკლაური პოლიციის შენობაში იმყოფებოდა, როცა  “ნეტგაზეთი”  დაუკავშირდა. მისი თქმით, პოლიციაში მათ განუცხადეს, რომ  დაკავებულებთან არავითარი პრობლემა არ არსებობს და ისინი საარჩევნო უბანს გამოარიდეს იმიტომ, რომ არსებობდა დაპირისპირების საფრთხე.

პოლიციის შენობაში შესვლამდე დაპირისპირება მოხდა “ქართული ოცნების” ადგილობრივ წარმომადგენლებსა და ნაცმოძრაობის ლიდერებს შორის. “ნეტგაზეთი” ამ ინციდენტის ამსახველ ვიდეომასალას მოგვიანებით შემოგთავაზებთ, თუმცა ნუგზარ წიკლაური აცხადებს, რომ ეს იყო მცირე შეხლა-შემოხლა და მისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა არავის მიუყენებია.

 

წიკლაური ამბობს, რომ “გაარკვია”, მათ დამკვირვებლებს, რომლებიც ამჟამად დაკავებული არიან, ახალსოფლის #36 უბანში შესვლის უფლება ჰქონდათ.   

 

ქართული  ოცნების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათმა კოორდინატორებმა შეამჩნიეს  15 ადამიანი საარჩევნო უბანთან და, მათი თქმით, ესენი იყვნენ “ახალაიას დროინდელი ზონდერები” და მივიდნენ იმიტომ, რომ “ქართული ოცნების” კანდიდატი იგებდა.

 

“ქართული ოცნების” წარმომადგენლები აცხადებენ, რომ 15 ადამიანი “მოტყუებით”  შევიდა შენობაში და ჩაიკეტნენ,  რის შემდეგაც იქ მივიდნენ სამართალდამცავები და შსს სამხარეო პოლიციაში წაიყვანეს.

 

საარჩევნო უბანში არც ერთი სადამკვირვებლო ორგანიზაციის წარმომადგენელი არ იმყოფებოდნენ, შესაბამისად, რა მოხდა ზუსტად საარჩევნო უბანზე, ჯერჯერობით უცნობია.

 

ცესკო აცხადებს, რომ  ზემოთნახსენებ პირებს საარჩევნო უბანში არ შეუღწევიათ, შესაბამისად, არჩევნების შედეგების ბათილობის საკითხი ამ უბანში არ დგას.

მასალების გადაბეჭდვის წესი