საზოგადოება

სკოლები საპნისა და ტუალეტის ქაღალდის გარეშე

3 ივნისი, 2014 • • 2853
სკოლები საპნისა და ტუალეტის ქაღალდის გარეშე

ვირუსული მენინგიტის ყველაზე ხშირი გამომწვევი მიზეზი ფეკალური დაბინძურებაა, რომელიც ადამიანიდან ადამიანზე გადაიცემა. მიზეზი შეიძლება იყოს საპირფარეშოს გამოყენების შემდეგ ხელების არასათანადოდ დაბანა. “ბათუმელებმა” ბათუმის სამ საჯარო სკოლაში საპირფარეშოების ჰიგიენური მდგომარეობა გადაამოწმა. თითქმის ყველა საპირფარეშოში დგას მძაფრი სუნი, საპირფარეშოებში წყლის არც ერთ ონკანთან არ იდო საპონი.

 

პირველ საჯარო სკოლაში, გოგონების საპირფარეშოში დამონტაჟებულ თხევადი საპნის ყუთში საპონი არ იყო, ბიჭების საპირფარეშოში კი არც ყუთი იყო და არც საპონი. სკოლაში 2 100 მოსწავლე სწავლობს.

 

“დღეს ბოლო ზარია, ბავშვები საპნის ბუშტებს აკეთებდნენ და ამიტომ შევინახეთ სასაპნე”, – გვითხრა პირველი საჯარო სკოლის ექთანმა სოფო კილაძემ. მისი თქმით, თხევადი საპნით უფროსკლასელები უფრო სარგებლობენ, პატარებს კი სახლიდან სველი ხელსახოცები მოაქვთ. საპირფარეშოებში არსად არის ჰიგიენური ქაღალდი. “კრანს” არ აჩერებენ და საპონს ვინ გააჩერებს”, – ამბობს ექთანი.

 

პირველი საჯარო სკოლის დირექტორის მედეა გვენეტაძის თქმით, სკოლას სანიტარულად თვეში ერთხელ ასუფთავებენ: “წყლით იწმინდება ყოველდღე, მაგრამ სპეციალური ხსნარით კლასებს თვეში ერთხელ ვწმენდთ”.

 

დირექტორის თქმით, სკოლა დიდკონტინგენტიანია, რის გამოც ჰიგიენის დაცვა ხშირად ჭირს: “წყალი სკოლაში გვაქვს, მაგრამ ბავშვები იქცევიან არასწორად, ქაღალდს უნიტაზში აგდებენ და რამდენჯერმე გაჭედეს კიდეც. ონკანებს ტეხავენ, არ უფრთხილდებიან”.

საპირფარეშო ბათუმის პირველ საჯარო სკოლაში
საპირფარეშო ბათუმის პირველ საჯარო სკოლაში

 

მენინგიტის ერთი შემთხვევა დაფიქსირდა მე-7 საჯარო სკოლაში, მეშვიდეკლასელი დაავადდა. დირექტორი ამბობს, რომ შესაბამისი ზომები სკოლამ იმავე დღეს მიიღო: “კლასი გამოვაწმენდინეთ და ბავშვები აღარ შეგვიშვია იმ დღეს, დასუფთავდა მერხები, კარი, სპეციალური ხსნარით”.

 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციით, ეპიდემიოლოგიურად არაკეთილსაიმედო პერიოდში დეზინფექციას ყველა საკლასო ოთახი ექვემდებარება, ხოლო იმ ოთახში, სადაც დაავადების შემთხვევა გამოვლინდა, დაავადების კერის ლიკვიდაციამდე უნდა მოხდეს მისი დამუშავება. ეპიდემიოლოგიურ პერიოდში დიდი ყურადღება ექცევა იმ ნივთების დამუშავებას, რომლებიც გადამწყვეტ როლს თამაშობენ ინფექციის გადაცემაში. მაგალითად, კარისა და ფანჯრის სახელურები, მაგიდის ზედაპირები. ჰაერწვეთოვანი ინფექციის დროს, საკლასო ოთახები უნდა განიავდეს ყველა შესვენებაზე, გაიწმინდოს მტვრისგან, დასუფთავდეს სველი წესით.

 

მეშვიდე საჯარო სკოლის დირექტორი, შორენა ქონიაძე ამბობს, რომ კლასებს ქიმიური მეთოდით წელიწადში ორჯერ, ზოგჯერ კი სამჯერაც ამუშავებენ: “სკოლა ვალდებულია საკუთარი სახსრებით შეიძინოს საპონი, ხსნარი, ტილო, ყველა საჭირო ინვენტარი, მაგრამ ამჯერად სანიტარულმა სამსახურმა მოგვიტანა სპეციალური ხსნარი და ამით დავამუშავეთ”.

 

დირექტორი წყლის პრობლემაზე საუბრობს: “წყალი გვაქვს, მაგრამ მას უწყვეტ რეჟიმში ვერ ვიყენებთ, რადგან გადასახადი ბევრი მოგვდის. ვცდილობთ მაქსიმალურად დავზოგოთ. ხუთი წუთით ვრთავთ დასვენებაზე. 40-50 ლარი მოდის გადასახადი, ერთხელ მოშვებული დატოვეს და ათასი ლარის გადახდა მოგვიწია. ჩემი აზრით, სკოლებს წყალზე შეღავათიანი ტარიფი უნდა დაუწესდეს”.

 

თხევადი საპნისა და ქაღალდის არარსებობას აქაც მოსწავლეების დაუდევრობით ხსნიან: “საპონს ღვრიან, არ უფრთხილდებიან. წელს გვქონდა ფინანსები გათვალისწინებული, მაგრამ რადგან თანხა საკმარისი არ არის, სულ დამფინანსებლის მოძიებაში ვართ”. მეშვიდე სკოლაში 700 მოსწავლე სწავლობს.

 

მსგავსი ვითარებაა მე-2 საჯარო სკოლაშიც. საპირფარეშოებში მძაფრი სუნი დგას, საპონი და ჰიგიენური ქაღალდი არც ამ სკოლაშია ხელმისაწვდომი.

 

“ქაღალდს ცხრა საათზე რომ დავდებთ, ათის წუთებზე აღარ არის უკვე, ორი ათასი ბავშვი სწავლობს და შეუძლებელია ამდენს გაწვდე, თუმცა ჰიგიენურ საშუალებებს, იქნება ეს “დომესტოსი”, ქლორი, სადეზინფექციო ხსნარი, ტილოები თუ ხელთათმანები, ვყიდულობთ”, – ამბობს სკოლის დირექტორი, მარიზა აბაშიძე.

 

დირექტორის თქმით, სადეზინფექციო ხსნარით მხოლოდ საპირფარეშოებსა და სასადილო ოთახს წმენდენ, საკლასო ოთახებს კი – წყლით.

 

სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობის შესახებ გვესაუბრა კერძო სკოლა “ევრო 2000”-ის ერთ-ერ-თი დირექტორი, ნუგზარ აბუსერიძეც. მისი თქმით, სკოლაში იდეალური მდგომარეობა არ არის, თუმცა ნორმებს აკმაყოფილებს: “თხევადი საპნის ყუთები ყველა საპირფარეშოსთან არის დამონტაჟებული. ჰიგიენური ქაღალდი და წყალიც მუდმივად არის. იწმინდება კვების ბლოკიც, ახლახან შეამოწმა ზედამხედველობის სამსახურმა და კარგი დასკვნა დადო. ევროპული სტანდარტები არ გვაქვს, მაგრამ ვცდილობთ დავიცვათ კრიტერიუმები. წესით, საკლასო ოთახები ყოველ დღე უნდა იწმინდებოდეს, მაგრამ ასე არ ხდება”.

 

დირექტორი, სადეზინფექციო ხსნარების სიძვირეზეც საუბრობს: “900 ლარამდე ღირს ამ საშუალებების შეძენა”.

 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების მიხედვით, სკოლა/ბაღის შენობა თვეში ერთხელ გენერალურად უნდა დასუფთავდეს და ამისთვის მხოლოდ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ რეგისტრირებული სადეზინფექციო საშუალებები უნდა იქნეს გამოყენებული.

 

სანიტარული კვანძი, კვების ბლოკი და სამედიცინო კაბინეტი კი სადეზინფექციო ხსნარებით ყოველდღიურ უნდა დასუფთავდეს. ნაგვის ლპობის თავიდან აცილების მიზნით სკოლებიდან ყოველდღიურად უნდა გაიტანონ კონტეინერები, ასევე აუციელებელია მათი დეზინფექცია (10-პროცენტიანი ქლორიანი კირის ხსნარით). სპეციალურმა სამსახურმა ასევე უნდა დაამუშაოს სარდაფები მწერებისა და მღრღნელების გამრავლების საწინააღმდეგო ხსნარებით.

მასალების გადაბეჭდვის წესი