ახალი ამბები

ბიო არომატიზატორი – ლეგალური ნარკოტიკი

20 მარტი, 2013 • 15424
ბიო არომატიზატორი – ლეგალური ნარკოტიკი

როგორც მომხმარებლები ამბობენ, “ბიო” რამდენიმე თვეა ისეთი პოპულარული გახდა, რომ ღამის კლუბებში გართობა მის გარეშე თითქმის წარმოუდგენელია. “ბიომ” ნაწილობრივ ჩაანაცვლა მარიხუანაც.


ექიმების თქმით კი, სწორედ იმის გამო, რომ ხელმისაწვდომობა შეზღუდული არაა, მომხმარებლები გაბრუების ამ საშუალებას სერიოზულად არ უყურებენ, რასაც ისინი მძიმე ფსიქოზურ დაავადებებამდე მიჰყავს.


ე.წ. “ბიო” არომატიზატორების გამოწერა სხვადასხვა საიტების მეშვეობითაა შესაძლებელი, მათი ფასი 50 ევროდან იწყება და სინამდვილეში მათ სრულიად სხვა დანიშნულება აქვთ.

არომატიზატორის რამდენიმე სახეობა არსებობს, ზოგიერთი მათგანი ეგზოტიკური ჩაია, ზოგი კი, აბაზანის მარილი, თუმცა მათ დანიშნულების მიხედვით თითქმის არავინ იყენებს, მათი ქიმიური შემადგენლობა კი მცირედ თუ განსხვავდება ერთმანეთისგან.

 

როგორც მომხმარებლები აცხადებენ, ნარკომაფიამ ქიმიური ნივთიერების ამგვარად შეცვლით ნარკოტიკი ლეგალური გახადა.


როგორც ნარკოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის თანამშრომელი თამარ გამყრელიძე აცხადებს, ბოლო პერიოდში “ბიოს” მომხმარებლები ცენტრს საკმაოდ ხშირად მიმართავენ:

 

“ეს არის ბუნებრივი, მცენარეული ნივთიერება, როგორც ანაშა, ზუსტად იგივე ფორმულაა, უბრალოდ, ერთი მოლეკულა შეცვლილია და ხელოვნურადაა გაკეთებული, შესაბამისად, ის ანალიზში არ ამოდის. ალბათ, ესეც ერთ–ერთი მიზეზია იმისა, რომ სხვა საშუალებებთან შედარებით ეს უფრო პოპულარული გახდა. ხშირად, რადგან ახალია, მას დიდი დოზით იღებენ და ხდება ინტოქსიკაცია, რაც იწვევს მწვავე ფსიქოზურ მდგომარეობას, ძირითადად, ამის გამო მოგვმართავენ. მომხმარებლებმა არ იციან, რომ ამ საშუალების შემადგენლობაში არსებული აქტიური ნივთიერება ზუსტად იგივეა, რაც სხვა ნარკოტიკებში არსებული ტედრა ჰიდრო–კანაბინოლი, უბრალოდ, ის ხელოვნურად შექმნილია”, – აცხადებს თამარ გამყრელიძე.

 

“ბიოს” მოქმედების ხანგრძილვობა და სიმპტომები განსხვავებულია:

 

“პირადად მე იმიტომ მომწონს, რომ მოვწევ, სრულიად სხვა შეგრძნებაა, ვიდრე პლანის მოწევისას და ნახევარ საათში გამოვდივარ, ისე ვარ, თითქოს არც კი მომიწევია”, – ამბობს ერთ–ერთი მომხმარებელი 19 წლის გიორგი (სახელი შეცვლილია).

 

განსხვავებულ შეგრძნებებს აღწერს ირაკლი, 25 წლის (სახელი შეცვლილია):

 

“ერთხელ გავსინჯე და ისეთ დღეში ჩავვარდი, მეორედ სურვილი არ გამიჩნდა მომეწია, პირი საშინლად გამიშრა, სიცხემ ამიწია, ვგრძნობდი, თითქოს სარკეში ვხედავ ჩემს თავს, არ ვიცოდი რა გამეკეთებინა, ყველაფერი მაშინებდა, თან მარტო ვიყავი და ალბათ ბევრი მომივიდა. ბოლოს გადავწყვიტე დამეძინა და ისე გამოვსულიყავი, მე მგონი, ორი დღე მეძინა”, – ამბობს ირაკლი.

 

თამარ გამყრელიძის თქმით, სიმპტომები და ნარკოტიკის მოქმედების ხანგრძლივობა ინდივიდუალურია:

 

“ეს იმაზეა დამოკიდებული, მოიხმარდა თუ არა პირი რაიმე სხვა სახის ნარკოტიკს და რა ინტენსივობით ახასიათებს რეილუზიები, გახანგრძლივებული ფსიქოზური მდგომარეობა, ზოგიერთს პაკეტზეც აწერია, რომ ჰალუცინოგენია. მომართვის შემთხვევაში, მკურნალობა 10 დღიდან ორ კვირამდე გრძელდება”, – აცხადებს თამარ გამყრელიძე.

ნარკოტიკებზე და ალკოჰოლზე დამოკიდებულების სამკურნალო ცენტრ “ბემონის”ხელმძღვანელი ზაზა ჩიქოვანი ამბობს, რომ “ბიო” არომატიზატორი ისეთივე დამოკიდებულებას იწვევს, როგორსაც სხვა სახის ნარკოტიკები:


“გვქონდა რამდენიმე შემთხვევა, როდესაც მოგვმართეს პაციენტებმა, ისინი უშუალოდ “ბიოზე” დამოკიდებულები არ ყოფილან, იყვნენ სხვა წამალზე დამოკიდებული, მაგრამ ამატებდნენ “ბიოს”, როგორც დამატებითი გაბრუების საშუალებას. ჩვენ გვინდა გავაფრთხილოთ მომხმარებლები, რომ ეს იძლევა უარეს შედეგს, ვიდრე მათ ჰგონიათ: ბიონარკოტიკი იწვევს ფსიქოზს უფრო გართულებულ ფორმებში, ვიდრე სხვა ნარკოტიკი, ხოლო მასზე დამოკიდებულება არის ქრონიკული და საჭიროებს ხანგრძლივ მკურნალობას”, – აცხადებს ზაზა ჩიქოვანი.


შინაგან საქმეთა მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, შსს ამ კუთხით ამერიკელ პარტნიორებთან ერთად მუშაობს:


“ჩვენი ამერიკელი პარტნიორები გვეხმარებიან, გვაქვს დაგეგმილი სპეციალური ღონისძიებები და იმედი გვაქვს, რომ ძალიან მალე ჩვენ მივიღებთ დადებით პასუხს ჩვენი უცხოელი პარტნიორებისგან და კონკრეტულ გზებს, როგორ უნდა შევაჩეროთ თუნდაც “ბიო პლანის” მოხმარების, შესყიდვის და გამოწერის პროცესი საქართველოში”, – აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.


თუმცა, სანამ სახელმწიფო კონკრეტულ გზებს გამონახავს, კომპანია usa2georgia–მ, რომელიც მომხმარებელს გადაზიდვის სერვისს სთავაზობს, “ბიო” არომატიზატორების ტრანსპორტირებაზე უარი განაცხადა. როგორც კომპანიაში აცხადებენ, ეს გადაწყვეტილება მათ სახელმწიფოს მხრიდან მითითების საფუძველზე არ მიუღიათ:


“არც ამერიკაში და არც სხვაგან ამის ტრანსპორტირება აკრძალული სატრანსპორტო კუთხით არ არის, თუმცა ბოლო ერთი წლის განმავლობაში მკვეთრად მოიმატა ამ ტიპის გზავნილებმა რაოდენობაშიც და წონაშიც. ბევრი კომპანიისთვის შეიძლება ამას მომგებიანი სახე ჰქონდეს, მაგრამ ჩვენ ამ შემთხვევაში ვარჩიეთ უარი გვეთქვა. თუ პირდაპირ ვიცით, რომ ეს არის საზიანო მომხმარებლისთვის, არ გვინდა უბრალოდ ამაში მონაწილეობა მივიღოთ. ეს არ იყო მითითება, ეს იყო კომპანიის გადაწყვეტილება. ჩვენ ვართ კერძო კომპანია და გვაქვს უფლება განვაცხადოთ უარი გარკვეული პროდუქციის ტრანსპორტირებაზე, იქნება ეს საზიანო თუ სასარგებლო”, – აცხადებს კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი ნინო წერეთელი.


გადამზიდავ კომპანია “ბარამში” აცხადებენ, რომ მათ არ გაუმახვილებიათ ყურადღება, ხდება თუ არა არომატიზატორების გამოწერა მათი სერვისის საშუალებით:


“არ ვიცით, იწერენ თუ არა, თუმცა, თუ ეს ისეთი ნივთიერებაა, რომელზეც სახელმწიფოს შეზღუდვა არ დაუწესებია, კომპანია ასეთ გადაწყვეტილებას თვითნებურად არ მიიღებდა”, – აცხაებენ კომპანიაში.


ფორუმებზე კი ბიოს “მოპოვების” გზებთან დაკავშირებით თემები მუდმივად იხსნება.


მომხმარებლების თქმით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ გადამზიდავი კომპანიები ბიო არომატიზატორის შემოტანაზე უარს იტყვიან, ყოველთვის გამოჩნდება პრეპარატის ახალი ვარიაცია, რომელიც აკრძალული ნივთიერებების სიაში არ აღმოჩნდება და მისი გადმოტანა საზღვარზე თავისუფლად მოხდება:


“თუ ვერ გამოვიწერთ, ვინმე ჩამოიტანს და გაყიდის. ბევრი არაფერი შეიცვლება, უბრალოდ, ცოტა ფასი მოიმატებს”, – ამბობენ მომხმარებლები.

მასალების გადაბეჭდვის წესი