ახალი ამბები

აშშ-ის მთავრობის 40-მილიონიანი პროექტი საქართველოში

13 მაისი, 2011 • 1309
აშშ-ის მთავრობის 40-მილიონიანი პროექტი საქართველოში

დღეს სასტუმრო “ჰოლიდეი ინში”, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ( USAID) ადმინისტრატორის მოადგილე დონალდ სტაინბერგი, აშშ-ის ელჩი საქართველოში ჯონ ბასი და USAID -ის ადმინისტრატორის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის ქვეყნებში პეიჯ ალექსანდერი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ვერა ქობალიასთან ერთად, გახსნიან პროექტს სახელწოდებით “ეკონომიკური აღმავლობის ინიციატივა”.

 

ეს არის 4-წლიანი პროგრამა 40 მილიონი დოლარის ბიუჯეტით. პროგრამის ამოცანაა, ხელი შეუწყოს საქართველოში კერძო სექტორის განვითარებასა და კონკურენციის ზრდას ბიზნესის სფეროში.

 

საქართველოში აშშ–ს საელჩოს გავრცელებული ცნობით, USAID -ის მიერ დაფინანსებული პროექტი ქართულ კომპანიებსა და სოფლის მეურნეობის საწარმოებს კონკურენტუნარიანობის ამაღლებაში დაეხმარება. “ეკონომიკური აღმავლობის ინიციატივის” ხუთი პრიორიტეტული ამოცანაა: მეტი სამუშაო ადგილის შექმნა საქართველოს მოქალაქეებისათვის, საერთაშორისო და ადგილობრივი ინვესტიციების გაზრდა საქართველოს ეკონომიკაში, ექსპორტის ზრდა, ადგილობრივი ბიზნესისათვის ფინანსური რესურსების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ეკონომიკური პროდუქტიულობის გაუმჯობესება.

 

USAID -ის “ეკონომიკური აღმავლობის ინიციატივა” დაინტერესებულ პირებს დაეხმარება, შეიძინონ ეკონომიკური სფეროს უკეთ მართვის უნარი, რაც საქართველოში შიდა კონკურენციის ზრდას შეუწყობს ხელს, მათ შორის, კონკურენციის ზრდას აგროსექტორსა და ეკონომიკის სხვა სექტორებში, როგორიცაა სამშენებლო მასალების წარმოება, ტურიზმი და საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები.

მასალების გადაბეჭდვის წესი