ახალი ამბები

პურ-პროდუქტების ასოციაციის თავმჯდომარე პურის სავარაუდო გაძვირების მიზეზებზე საუბრობს

17 აგვისტო, 2015 • 1494
პურ-პროდუქტების ასოციაციის თავმჯდომარე პურის სავარაუდო გაძვირების მიზეზებზე საუბრობს

როგორც პურ-პროდუქციის ასოციაციის თავჯდომარე ამბობს, მიუხედავად იმისა, რომ წელს კარგი მოსავალი იყო, ფქვილზე ფასებმა დაიწყეს მაღლა სვლა:


”უკეთ რომ განვმარტო, დაახლოებით 1 ტონა ფქვილის ფასმა 37 ლარიდან 44-მდე მიაღწია. მე ვთვლი, რომ ეს გამოიწვია საბაზრო პრინციპების ოდნავ შელახვამ იმიტომ, რომ საბაჟოებზე შემოსული ფქვილის ხარისხის შემოწმება გაჭიანურდა. ხარისხის მაჩვენებლის ახალი სტანდარტები შემოვიდა, ეს გახლავთ ტექნიკური რეგლამენტი ფქვილზე და დაიწყეს მისი შემოწმება.”


მისი თქმით, იმის პირდაპირ განმარტება ძნელია, ცდილობს თუ არა ვინმე ფქვილის ფასების ხელოვნურად ზრდას და ამით ბაზარზე მონოპოლიის მოპოვებას. დოლიძე ამბობს, რომ ეს საბაჟო სტრატეგიის სტრუქტურაა და ფაქტია, რომ სწორედ იქ მოხდა შეფერხება.


”მონოპოლიებზე საუბრებს ასე ვერ განვმარტავ. საბაჟო სტრატეგიის სტრუქტურაა და ფაქტია, რომ იქ მოხდა შეფერხება. რაც შეეხება იმას, რომ ფქვილის ფასებმა პარალელურად ადგილზე დაიწყო ზრდა. ამ ორმა პროცესმა, რა თქმა უნდა, გამოიწვია მეწარმეთა უკმაყოფილება. ჩვენ ეს საკითხები დავსვით სოფლის მეურნეობის სურსათის სამინისტროში მინისტრთან და მინისტრის მოადგილესთან. ახლაც კონტაქტი გვაქვს სახელმწიფო სტრუქტურებთან და მათგან ველოდებით პასუხს იმიტომ, რომ ეს საკითხი ნამდვილად დასარეგულირებელია,” – აცხადებს ”იმედთან” საუბრისას პურ-პროდუქციის ასოციაციის თავჯდომარე.


როგორც დოლიძე ამბობს, ფქვილის შემადგენლობა დაახლოებით 65-70%-ია პურში და ეს არის პროცენტულად დიდი მაჩვენებელი:


”მისი ფასი განსაზღვრავს პროდუქციის თვითღირებულებას. ამიტომ ჩვენ იმედი გვაქვს, ამას რეალურად შეხედავენ. მე მგონია, რომ მოსახლეობის გაღიზიანება არავის აწყობს. პირდაპირ გეტყვით, რომ ერთეულ პროდუქციაზე, მასიურ პროდუქციაზე ფასი ჯერ არ მომატებულა. ველოდებით, იმიტომ, რომ ეს პროცესები როგორმე უნდა დარეგულირდეს.”


პურ-პროდუქციის ასოციაციის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ამ ვითარებიდან გამოსავალი არსებობს. დოლიძე მიიჩნევს, რომ ხორბლის შემოტანა ბათუმიდან თბილისამდე ძალიან ძვირია:


”აქ არის დიდი რეზერვი ჩადებული – დაახლოებით 30 დოლარამდეა. ეს რომ განახევრდეს… აქ კიდევ ლაპარაკია დამატებით ღირებულების გადასახადზე, რომელიც კვების პროდუქტებზე შეიძლება იყოს 12%, ისევე, როგორც ჩვენს მეზობელ და ბევრ ცივილურ ქვეყნებშია და არა – 18%. აქ არის მთელი რიგი მომენტები, რომლებიც გასათვალისწინებელია, თუ გვინდა ამ დარგის მოხმარება. მე ვიცი, რომ არსებობს მოსაზრება და უნდათ, გადამამუშავებელ მრეწველობას შეუწყონ ხელი. მაგრამ ხელი არ უნდა შეუწყონ ისე, რომ ერთი დარგი დაზარალდეს და მეორეს ხელი შეუწყონ.”


თამაზ დოლიძის ცნობით, საქართველო ბოლო წლებში ტრადიციულად შემომტანია ხორბლის. მისი ინფორმაციით, წელიწადში საქართველოს სჭირდება დაახლოებით 800 ტონა ხორბალი.


”წელს იყო ასეთი ინფორმაცია, რომ 150-170 ათასი ტონა არის ადგილზე დამზადებული. ისიც, ლაპარაკობენ, რომ მხოლოდ 20%-ია სასურსათო იმიტომ, რომ ხარისხზეა საუბარი. იმ დროს, როდესაც გვერდზე არის ყაზახეთი, რუსეთი და ასეთი ქვეყნები, ეს მომენტი უნდა გამოვიყენოთ სტრატეგიულად. ამ დროს, ჩვენ რომ აქ ბარიკადები შევქმნათ, ეს იქნება ”დონ კიხოტობა”. ჩვენ რომ არ ვიყოთ სხვა ქვეყანაზე დამოკიდებული, ეს არის საკმაოდ ხანგრძლივი პროცესი. ამაზე მუშაობენ და არსებობენ სელექციონერები. რომ იცოდეთ, რუსეთში ყველაზე კარგად მოდის კავკასიური ჯიში და ეს არის ძალიან გავრცელებული, მაგრამ ამას სჭირდება წლები. საქართველოში ხორბლის დამზადება, აი, მაშინ, როდესაც იყო სოციალიზმი და ამ დროს ჩვენთან ძირითადად სხვა კულტურებს მიექცა ყურადღება. ხორბალი ცოტა ჩამორჩა, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მდიდარი ტრადიციები გვაქვს და ენდემური ჯიშები საუკეთესოა საქართველოში,” – ამბობს ის.


პურ-პროდუქციის ასოციაციის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ერთადერთი გამოსავალი არის საბაზრო პრინციპების ამუშავება:


”ერთადერთი გამოსავალი არის საბაზრო პრინციპების ამუშავება, როგორც ერთი მხრიდან, ისე მეორე მხრიდან. მეწარმეს უნდა ჰქონდეს როგორც ფასში, ისე ხარისხში არჩევანის საშუალება. ეს არის გამოსავალი. ამ შემთხვევაში, თუ გვინდა მოვეხმაროთ ადგილობრივ მრეწველობას, რა თქმა უნდა, ხელი უნდა შეუწყონ მათ. ალბათ ამას სჭირდება რაღაც საკანონმდებლო მომენტები, რითაც შეიძლება მათი დახმარება და არა ისე, რომ ერთის ხარჯზე გავაკეთოთ მეორე.”


დღეს არაერთი მოსაზრება გამოითქვა იმასთან დაკავშირებით, რომ ფქვილის გაძვირებამ შესაძლოა პურის ფასის გაზრდაც გამოიწვიოს. კომპანია “იფქლის” ხელმძღვანელი, შაქრო ბაკურაძე ”კვირის პალიტრასთან” მიცემულ ინტერვიუში ბაზრის მონოპოლიაზე საუბრობს. მისი განცხადებით, მიმდინარე წლის 10 ივნისს ერთი ტომარა ფქვილის ფასი 37,5 ლარს არ აჭარბებდა, თუმცა ზუსტად ერთ ღამეში ვითარება რადიკალურად შეიცვალა – 11 ივნისს ერთი ტომარა ფქვილის ფასი 40 ლარი გახდა. ბაკურაძის თქმით, ვინც ბიზნესში ოდნავ მაინც ერკვევა, ადვილად მიხვდება, რომ მსგავსი ცვლილება ხელოვნური ჩარევების გარეშე არ ხდება.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი