ახალი ამბები

კორძაია: ქვეყანა კულუარებიდან არ უნდა იმართებოდეს და ამის ნიშნები ნამდვილად ჩანს

6 ნოემბერი, 2014 • • 963
კორძაია: ქვეყანა კულუარებიდან არ უნდა იმართებოდეს და ამის ნიშნები ნამდვილად ჩანს

“რატომ ითხოვთ კომენტარის კომენტარს ჟურანალისტები? დიახ, გუშინ დამისვეს შეკითხვა, რომ პრეზიდენტმა თქვა, რომ კულუარებიდან არ უნდა იმართებოდეს ქვეყანა და ამაზე რას იტყვითო? ამაზე რატომ უნდა ვთქვა მე რამე? ამაზე პასუხი პრეზიდენტს დააზუსტებინონ. ხომ შეიძლება, მე, როგორც რესპონდენტს, მარტივად და პირდაპირ მკითხონ, თვლით თუ არა, რომ ქვეყანა უნდა იმართებოდეს კულუარებიდან – მეც მაქვს მარტივი პასუხი – არა! არ უნდა იმართებოდეს! ეს იმათ, ვისაც ჩემი გუშინდელი პასუხი არ მოეწონა. დიახ, არ უნდა იმართდებოდეს ქვეყანა კულუარებიდან!”- წერს თამარ კორძია “ფეისბუქის” პირად გვერდზე. 

 

მისივე თქმით, ქვეყნის კულუარებიდან მართვის ნიშნები ჩანს. ბიძინა ივანიშვილის დასწრება პოლიტსაბჭოს სხდომაზე და პრემიერ-მინისტრის უმრავლესობასთან შეხვედრაზე, რომლის შემდეგაც ღარიბაშვილმა ალასანია მოხსნა, ლეგიტიმურ შეკითხვებს აჩენს. 

 

“მე არც პოლიტსაბჭოში ვარ, არც იმ მოლაპარაკებებში ვმონაწილეობ. შესაბამისად, დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ სიზუსტეს. არ ვიცი, რა მოხდა არც ერთ ადგილას, მხოლოდ მხარეების მონაყოლზე დაყრდნობით კი პოზიციებს ვერ ავაგებ. ამიტომ ვილაპარაკე, რომ გამჭვირვალობა თუ გადაგვარჩენს-მეთქი. უმრაველოსობას ნამდვილად ესწრებოდა, მაგრამ მე, სამწუხაროდ, მოდერატორი ვიყავი დისკუსიაზე და ადრე წამოვედი და ამიტომ დეტალები რა იყო, არ ვიცი. ჩემს წამოსვლამდე პრაქტიკულად არ ულაპარაკია, დანარჩენი სხვებმა უკვე თქვეს, მაგრამ თავისთავად ეს დასწრება უკვე აჩენს ლეგიტიმურ კითხვებს”. 

 

“ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს სხდომას, რომელიც 5 ნოემბერს გაიმართა, პოლიტიკიდან წასული ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილიც დაესწრო. პოლიტსაბჭოს სხდომა დატოვა ირაკლი ალასანიამ, რომელმაც განაცხადა, რომ იგი ბიძინა ივანიშვილთან სასაუბროდ არ მისულა.  5 ნოემბერს კოალიცია დატოვა პარტიამ “თავისუფალი დემოკრატები”. ბიძინა ივანიშვილი ასევე ესწრებოდა 4 ნოემბერს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან უმრავლესობის შეხვედრას, რომლის დასრულების შემდეგაც ღარიბაშვილმა ირაკლი ალასანია თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან გადააყენა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი