ახალი ამბები

მერია: მიმდინარე წლის შემოდგომაზე თბილისში 12 000 ხე-მცენარე დაირგვება

23 სექტემბერი, 2014 • • 1352
მერია: მიმდინარე წლის შემოდგომაზე თბილისში 12 000 ხე-მცენარე დაირგვება

ამ მიზნით ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახური გამხმარი და მავნებელი დაავადებებისგან დაზიანებული ხეებისაგან შესაბამის ტერიტორიებს გაწმენდს.

 

ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსის, ბიძინა გიორგობიანის განცხადებით, აღნიშნული სამუშაოების ფარგლებში, 24-25 სექტემბერს აღმაშენებლის ხეივანში 150-მდე დაავადებული და ხმელი ხე მოიჭრება.

 

“თბილისის შემოსასვლელში უკვე  მონიშნულია დაახლოებით 450 გამხმარი ხე. მათ ნაცვლად ოქტომბრის ბოლოს და ნოემბერში 700 ხე დაირგვება. მომდევნო ეტაპზე განხორციელდება  დიღმის ტყე-პარკის რეაბილიტაციის პროექტი.  ამ ტერიტორიაზე  6 ჯიშის ნერგები დაირგვება, კერძოდ,  აკაკი, ჰორიზონტალური კვიპაროსი, პირამიდული კვიპაროსი, ფიჭვი, ელდარი და ჰიმალაის კედარი“,  – განაცხადა ბიძინა გიორგობიანმა.

 

ნარგავების ხმობის გამომწვევ  მიზეზად  ბიძინა გიორგობიანი  ხელოვნური  განაშენების დროს აგროტექნიკური პირობების დარღვევას ასახელებს, რამაც, მისი თქმით, დროთა განმავლობაში მცენარეთა გამძლეობის დაქვეითება, საბოლოოდ კი ხმობა განაპირობა.

 

ქალაქის გამწვანებისა და ხეების დარგვის პროექტი თბილისის მერის დავით ნარმანიას ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება იყო. წინასაარჩევნო პერიოდში დავით ნამრმანიამ განაცხადა, რომ თბილისში ერთი მილიონი ხე დაირგვება. დავით ნარმანიას თქმით, ხეები თბილისსა და მის შემოგარენში 300 ჰექტარი ფართობის ტერიტორიაზე დაირგვება.

მასალების გადაბეჭდვის წესი