ახალი ამბები

თბილისში 15 ქვეყნის წარმომადგენლები საარჩევნო საკითხებზე მსჯელობენ

24 თებერვალი, 2014 • • 1148
თბილისში 15 ქვეყნის წარმომადგენლები საარჩევნო საკითხებზე მსჯელობენ

ღონისძიებას, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელმა ფილიპ დიმიტროვმა და ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ გახსნეს, 15 ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციების და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებიან. კონფერენციის თემაა – ”დაინტერესებული მხარეების ჩართულობა და ეფექტური კომუნიკაციები” .

 

თამარ ჟვანიას განცხადებით, კონფერენციის მონაწილეები საარჩევნო საკითხებზე ერთმანეთს საკუთარი ქვეყნის გამოცდილებას უზიარებენ. მისი თქმით, საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის, რომ 15 ივნისს ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები მაღალ დონეზე ჩაატაროს:

 

“15 ივნისი ეს არის წინასწარ საჯაროდ გაცხადებული არჩევნების დღე. ჯერ ოფიციალური გადაწყვეტილება არ გამოცემულა, თუმცა ეს უკვე ძალიან კარგია დაგეგმვის თვალსაზრისით. საარჩევნო ადმინისტრაცია ძალიან ბევრი საკითხის განხორციელებას გეგმავს, რათა ეფექტურად შევძლოთ არჩევნების ადმინისტრირება”, – განაცხადა ჟვანიამ.

 

მას ჟურნალისტებმა თბილისის სარკრებულოში შექმნილი ვითარების თაობაზეც დაუსვეს. კითხვაზე, არის თუ არა ცესკო მზად, რომ ვადამდელი არჩევნების ჩატარება შეძლოს, თუ მხარეები ბიუჯეტის დამტკიცებას ვერ შეძლებენ, ჟვანიამ ასე უპასუხა:

 

“ეს არის საკანონმდბელო საკითხი. თუკი ასეთი ვალდებულება ჩვენ კანონით გვექნება, რა თქმა უნდა, ცესკო შეძლებს იმ შემჭიდროვებულ ვადებში არჩევნების ჩატარებას”.

 

ევროკავშირის ელჩის ფილიპ დიმიტროვის განცხადებით კი, საქართველომ უკვე უჩვენა, რომ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება შეუძლია 2012 და 2013 წლებში და “იმედია, რომ 2014 წელსაც იგივე მოხდება’.

 

დავით უსუფაშვილის თქმით კი, კონფერენციაზე რამდენიმე საკითხზე მიმდინარეობს მსჯელობა, მათ შორის საარჩევნო ტექნოლოგიებზეც:

 

“ერთი მხრივ, ჩვენ გვაქვს უკვე რაღაცები, რაც შეიძლება მსოფლიოს გავუზიაროთ, საქართველომ სერიოზული  საარჩევნო გამოცდილება დააგროვა, კარგიც და ცუდიც. ასე რომ, ორივეზე შეგვიძლია ვისაუბროთ. ამასთანავე არჩევნები დიდი ხანია აღარ არის შიდა სახელმწიფობრივი საქმე, არც ჩვენთან და არც სხვაგან, რადგან არჩევნები იქცა საერთო მსოფლიო საქმედ, ყველა გაკვირდება და ყველას მოსაზრება მნიშვნელოვანია. ჩვენ დიდი გზა გვაქვს გასავლელი, მაგრამ ჩემი შეფასებით ჩვენ ვართ სადღაც შუაში, არ ვართ იქ, სადაც არიან განვითარებული დემოკრატები, მაგრამ გვაქვს მიღწევები, რაც შეგვიძლია გავუზიაროთ სხვებს”, – განაცხადა უსუფაშვილმა.

 

კონფერენცია ხვალ დასრულდება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი