ახალი ამბები

ISFED: წინასაარჩევნოდ პარტიების და კანდიდატების აქტივობა დაბალია

22 ივლისი, 2013 • • 1104
ISFED: წინასაარჩევნოდ პარტიების და კანდიდატების აქტივობა დაბალია

ნინო ლომჯარიას შეფასებით, პოლიტიკური პარტიების და საპრეზიდენტო კანდიდატების წინასაარჩევნო ხასიათის აქტიურობა ჯერჯერობით არ არის მაღალი.

 

„სამართლიანი არჩევნების“ ინფორმაციით, 2013 წლის პირველი ივლისიდან 14 ივლისის ჩათვლით, საქართველოს სხვადასხვა ტერიტორიულ ერთეულში პოლიტიკური პარტიებისა და მათი კანდიდატის მიერ 24 საჯარო შეხვედრა გაიმართა.

 

თუ აღნიშნულს 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდს შევადარებთ, დავინახავთ, რომ პარტიები შარშან გაცილებით აქტურნი იყვნენ, ვიდრე წელს. 2012 წელს ივლისის თვეში, ორგანიზაციის დაკვირვებით, სხვადასხვა რეგიონში პარტიებმა 174 შეხვედრა გაიმართეს, რაც საკმაოდ აღემატება 2013 წლის ივლისის თვეში გამართული საჯარო შეხვედრების რაოდენობას. 

 

ნინო ლომჯარიას განცახდებით, ორგანიზაცია დადებითად აფასებს  კოალიცია „ქართული ოცნების“ პრეზიდენტობის კანდიდატის, გიორგი მარგველაშველის მიერ კამპანიაში მონაწილეობის მოტივით განათლებისა და მეცნიერების მინისტრის  თანამდებობიდან გადადგომის ფაქტს:

 

“ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების თავიდან აცილების თვალსაზრისით  პრეზიდენტობის კანდიდატის მიერ თანამდებობიდან გადადგომა მისასალმებელი მოვლენაა.” 

 

საანგარიშო პერიოდში „სამართლიანმა არჩევნებმა“ დააფიქსირა 2 ფაქტი, როდესაც მოქალაქეები, სავარაუდოდ, პოლიტიკური მოტივით განხორციელებული ზეწოლის თაობაზე საჯაროდ საუბრობდნენ. ორივე მათგანი შიდა ქართლის რეგიონში, კერძოდ, გორსა და კასპში მოხდა.  ერთ შემთხვევაში, ზეწოლა გამოიხატა პოლიტიკური აქტივისტის მიმართ ფიზიკური ძალადობის ფორმაში, ხოლო მერე შემთხვევაში, ადგილი ჰქონდა საკრებულოს დეპუტატის მიმართ პოლიტიკური ნიშნით განხორციელებულ მუქარას.

 

მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა შემთხვევები, როდესაც, როგორც ცესკოს მიერ არჩეული, ასევე პარტიების მიერ საოლქო საარჩევნო კომისიაში დანიშნული დროებითი წევრები, იმავდროულად, დასაქმებულნი არიან სხვა საჯარო სამსახურში. მათი ერთდროულად პირვანდელ საჯარო სამსახურსა და საოლქო საარჩევნო კომისიაში საქმიანობა  ეწინააღმდეგება  „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის მოთხოვნას სამსახურებრივი შეუთავსებლობის შესახებ. შესაბამისად, იმ საჯარო მოსამსახურეებმა, რომელთა წინაშეც აღნიშნული შეუთავსებლობის საკითხი დგას, უნდა გააკეთონ არჩევანი მათ მუდმივ სამსახურსა და საოლქო საარჩევნო კომისიის დროებით წევრობას შორის.

 

სულ ორგანიზაციის მიერ დაფიქსირებულ იქნა 26  მსგავსი შემთხვევა სხვადასხვა საარჩევნო ოლქში.

 

ცესკოს მონაცემებით, მომავალი საპრეზიდენტო არჩევნებისათვის ამომრჩეველთა ერთიან სიაში 3,537,249 ამომრჩეველია რეგისტრირებული. 

 

ნინო ლომჯარიას განცხადებუთ, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების მსგავსად, ამომრჩეველთა სიებთან დაკავშირებით რეგისტრაციიდან მოხსნილი ამომრჩეველების პრობლემა კვლავ დღის წესრიგში დგას. კერძოდ, საკანონმდებლო რეგულირების მიღმაა დარჩენილი იმ ამომრჩევლების საკითხი, რომლებიც რეგისტრაციის ადგილიდან მოხსნილი არიან, თუმცა, რეგისტრაცია არ გაუვლიათ ახალ მისამართზე. ცესკოს მონაცემების მიხედვით, ასეთი ამომრჩევლების რაოდენობა 97 000 ამომრჩეველს აღწევს.”

 

„სამართლიანი არჩევნები“ მიიჩნევს, რომ რეგისტრაციიდან მოხსნილი ამომრჩევლების სია დაუყოვნებლივ საჯაროდ უნდა გამოქვეყნდეს. ამასთან, დაიწყოს აქტიური საინფორმაციო კამპანია  მოქალაქეების მიერ საკუთარი თავის აღნიშნულ სიაში გადამოწმებისა და ხელახალი რეგისტრაციის გავლის მიზნით. ამისათვის სახელმწიფომ ხელი უნდა შეუწყოს და წაახალისოს ამომრჩევლები. მისასალმებელია, რომ საქართველოს პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტი „საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებების თაობაზე რეგისტრაციაგაუქმებული ამომრჩევლების პრობლემის მოგვარების მართებულ გზას გვთავაზობს.

 

ანგარიში მოიცავს  2013 წლის 1  ივლისიდან 19 ივლისის ჩათვლით პერიოდს. „სამართლიანი არჩევნები“ დაკვირვებას საქართველოს ყველა საარჩევნო ოლქში 73 გრძელვადიანი დამკვირვებლის მეშვეობით ახორციელებს. ორგანიზაცია მონიტორინგის პროცესში ხელმძღვანელობს სადამკვირვებლო ორგანიზაციებისათვის დადგენილი საერთაშორისო სტანდარტებით, რაც პროცესის სრულყოფილად, ობიექტურად და გამჭვირვალედ დაკვირვებას გულისხმობს.

 

 

 

 

 ორგანიზაცია მომდევნო ანგარიშს აგვისტოს დასაწყისში გამოაქვეყნებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი