ახალი ამბები

სუბარი: ევროპას თუ შევადარებთ, საქართველოში ყურძნის ფასი არ არის ცუდი

14 სექტემბერი, 2015 • • 1173
სუბარი: ევროპას თუ შევადარებთ, საქართველოში ყურძნის ფასი არ არის ცუდი

“ყურძნის ფასი იქნება თუ კარტოფილის ფასი, არ იქნება ყოველთვის ერთი და იგივე – რომელიღაცის იმატებს, რომელიღაცის იკლებს. ფასი დამოკიდებულია მოსავალზე, დამოკიდებულია ბაზრებზე, პოლიტიკურ მდგომარეობაზე, ეს ყველამ უნდა მიიღოს. საბაზრო ეკონომიკა იმიტომ არის საბაზრო ეკონომიკა, რომ ამ საბაზრო ეკონომიკას უნდა ვემორჩილებოდეთ.

 

ფასი არის ის, რა ფასიც არის და ეს არ არის ცუდი ფასი, ჩვენ რომ შევადაროთ იგივე ევროპაში რა ფასებია, მაგალითად, საფრანგეთში, რომლის ღვინო არის მსოფლიოში ყველაზე მაღალხარისხიანი, უფრო ნაკლებია ფასი, ვიდრე გვაქვს საქართველოში”, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

 

ბოლო რამდენიმე დღის მანძილზე კახეთის რეგიონში ფერმერები საპროტესტო აქციებს მართავენ. მათი ცნობით, ღვინის კომპანიები ყურძენს არ იბარებენ, ისინი ასევე ითხოვენ ჩასაბარებელი ყურძნის ფასის გაზრდას. 

 

სოფლის მეურნეობის მინისტრის თქმით, სახელმწიფო ჩაიბარებს ყურძნის იმ ჭარბ რაოდენობას, რომელსაც კერძო სექტორი არ ჩაიბარებს და თეთრი ყურძნის შემთხვევაში ფასი იქნება 60 თეთრი, შავი ყურძნის შემთხევაში (საფერავი) 85 თეთრი. ამასთან, თუკი კერძო კომპანიები ჩაიბარებენ ყურძენს, სახელმწიფო გაცემს სუბსიდიას ფერმერებზე – ეს გახლავთ 35 თეთრი თეთრი ყურძნის შემთხვევაში და 15 თეთრი შავი ყურძნის შემთხვევაში.


ღვინის ეროვნული სააგენტოს ცნობით, 14 სექტემბრის 12.00 საათის მონაცემებით, კახეთის რეგიონში გადამუშავებულია 7,1 ათას ტონამდე ყურძენი. მათ შორის, 1 700 ტონამდე რქაწითელი, 2 320 ტონამდე საფერავი, 375 ტონამდე კახური მწვანე და 2 700 ტონამდე სხვა ჯიშის ყურძენი.

მასალების გადაბეჭდვის წესი