ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

მოლდოვამ აფხაზეთის დელეგაცია რეისიდან მოხსნა

7 სექტემბერი, 2015 • • 1368
მოლდოვამ აფხაზეთის დელეგაცია რეისიდან მოხსნა

აფხაზური მხარის ცნობით, “მოლდოვამ აფხაზეთის ოფიციალური დელეგაცია რეისიდან მოხსნა, მისმა უსაფრთხოების სამსახურმა ინტერვიუები ჩაატარა და დაკავებულ ოფიციალურ პირებზე ფსიქოლოგიური ზემოქმდება სცადა”.

 

საბოლოო ჯამში, როგორც სოხუმი აცხადებს, აფხაზეთის დელეგაცია მოლდოვიდან დეპორტირებული იქნა და დელეგაციის წევრებს 10 წლით ქვეყანაში შესვლა აეკრძალათ.

 

“აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოლდოვის პროტესტს უცხადებს, მის ქმედებებს აფხაზეთის თანამდებობის პირთა მიმართ დაუშვებელსა და დისკრიმინაციულს უწოდებს და მიმართავს საერთაშორისო საზოგადოებას, ასევე საერთაშორისო შუამავლებს, მოლდოვა-დნესტრიპირეთის კონფლიქტის დარეგულირების პროცესში მომხდარს ობიექტური შეფასება მისცენ და არ დაუშვან მომავალშიც მსგავსი ქმედება მოლდოვის მხრიდან”, – წერია აფხაზეთის საგარეო უწყების განცხადებაში.

 

აფხაზეთის დელეგაციამ ვიცე-პრეზიდენტის, ვიტალი გაბნიას ხელმძღავნელობით მონაწილეობა მიიღო ღონისძიებებზე ტირასპოლში [დნესტრიპირეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის დედაქალაქი], რომელიც მოლდოვის დნესტრიპირეთის რესპუბლიკის ჩამოყალიბების 25 წლისთავს ეძღვნებოდა.

 

“მოლდოვამ მიიჩნია, რომ ამ ქმედებით, აფხაზეთმა მოლდოვის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენტეტს საფრთხე შეუქმნა. მოლდოვის ხელისუფლება, რომელიც საქართველოსთან მჭიდრო კავშირშია, საქართველოს იდენტური პოლიტიკის დემონსტრირებას ახდენს, რომელიც მიმართულია მათი მეზობელი სახელმწიფოებისა და მოქალაქეების იზოლაციასა და დისკრიმინაციაზე”, – ნათქვამია სოხუმის ოფიციალურ ცნობაში.  

 

მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.
 
   

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი