ახალი ამბები

თავშესაფრის მაძიებლებთან დაკავშირებული კანონპროექტები VLAP-ის შესრულებისათვის

23 ივნისი, 2015 • • 1184
თავშესაფრის მაძიებლებთან დაკავშირებული კანონპროექტები VLAP-ის შესრულებისათვის

„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში“ არსებული რედაქციის მიხედვით, ნებისმიერი უცხოელი, რომელიც შემოდის საქართველოში საზღვრის უკანონო კვეთის გზით ან „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესის დარღვევით და მოითხოვს თავშესაფარს, ასეთ შემთხვევაში იგი თავისუფლდება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისაგან.

 

“წარმოდგენილი ცვლილებით იზღუდება საზღვრის უკანონოდ კვეთისათვის პასუხისმგებლობისაგან გასათავისუფლებელ პირთა წრე. კერძოდ, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლდებიან მხოლოდ ის თავშესაფრის მაძიებლები, რომლებიც საქართველოში გადმოვიდნენ უშუალოდ იმ ქვეყნიდან, სადაც მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას  ემუქრება საფრთხე. გარდა ამისა, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა არ დაეკისრება იმ უცხოელს, რომელიც  მოდის უშუალოდ იმ ტერიტორიებიდან, სადაც მის სიცოცხლეს ან თავისუფლებას ლტოლვილთა სტატუსის შესახებ 1951 წლის კონვენციის პირველი მუხლით გათვალისწინებული საფრთხე ემუქრებოდა და რომელიც საქართველოს კანონმდებლობის  შესაბამისად თავშესაფარს სთხოვს საქართველოს ხელისუფლებას იმ პირობით, რომ  დაუყოვნებლივ ნებაყოფლობით გამოცხადდება და სათანადო განმარტებებს წარადგენს ხელისუფლების ორგანოებში ამ ქმედების ჩადენის მიზეზებთან დაკავშირებით”, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.


„საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში“ შეტანილი ცვლილების შესაბამისად, სამინისტროს მიერ ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის, შესაბამისი სტატუსის გაუქმების ან შეწყვეტის თაობაზე დაინტერესებული პირისათვის, კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი გადაწყვეტილების მისთვის ჩაბარების შემდგომ, მათ ექნებათ უფლება ეს გადაწყვეტილება გაასაჩივრონ სასამართლოში 15 დღის ვადაში, ნაცვლად დღეს მოქმედი 10-დღიანი ვადისა. ასევე იზრდება პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადაც. კერძოდ: რაიონული (საქალაქო) სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრდება მხოლოდ სააპელაციო სასამართლოში 15 დღის ვადაში, ნაცვლად დღეს მოქმედი 10-დღიანი ვადისა.

“აღნიშნული ცვლილება შესაბამისობაშია ევროკავშირის წევრი ქვეყნების პრაქტიკასთან. თავშესაფრის მაძიებლის სტატუსის მინიჭების უარის გასაჩივრების ვადის მხრივ ევროკავშირის სახელმწიფოებშიც არის დადგენილი 15-დღიანი ან ნაკლები დროის მონაკვეთი.

ასევე მნიშვნელოვანია კანონპროექტით საქმის საკასაციო წესით განხილვის საფეხურის ამოღებაც. სააპელაციო სასამრთლოს  გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება. სასამართლოში აპელაციის ერთეტაპიანი სისტემა გამოიყენება თავად ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერაც. თავშესაფრის მინიჭებაზე უარის გადაწყვეტილების გასაჩივრების ერთეტაპიანი სისტემა აქვთ შემდეგ ქვეყნებს: დანია, საბერძნეთი, ირლანდია, პორტუგალია, შვედეთი, ჩეხეთი, სლოვაკეთი, ესტონეთი, ნორვეგია, თურქეთი”, – ნათქვამია განცხადებაში.

„ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსების შესახებ“ საქართველოს კანონში წარმოდგენილი ცვლილებით, პირი, რომელიც შეიტანს თავშესაფრის მოთხოვნის შესახებ წერილობით განაცხადს სამინისტროში, დარეგისტრირდება როგორც თავშესაფრის მაძიებელი, ყოველგვარი წინასწარი განხილვისა და რაიმე გადაწყვეტილების მიღების გარეშე, და მის მიმართ დაიწყება ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებისათვის კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა საფუძვლის შესწავლა და მიღებულ იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება.

წარმოდგენილი კანონპროექტის შესაბამისად, ცვლილება შედის აგრეთვე „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონშიც, რომლის მიხედვითაც თავშესაფრის მაძიებელ პირს უფლება ექნება სახელმწიფოს ხარჯზე ისარგებლოს უფასო იურიდიული დახმარებით. კერძოდ, იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნულ პირებს სამინისტროს მიერ უარი ეთქმებათ ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე, ან გაუუქმდებათ ან შეუწყდებათ შესაბამისი სტატუსი და მოითხოვენ სტატუსის მინიჭებას ან აღდგენას სასამართლოს მეშვეობით, ასეთი პირები სასამართლოში მათი უფლებების დასაცავად ისარგებლებენ უფასო იურიდიული დახმარებით. ამ იურიდიულ დახმარებას გასწევენ სსიპ „იურიდიული დახმარების სამსახურის“ ადვოკატები.  ამ კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, ეს კანონი ამოქმედდება 2016 წლის 1 იანვრიდან.

“კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, კანონპროექტში გათვალისწინებული დამატებითი ფუნქციების განხორციელებისათვის, ყოველწლიურად, იურიდიული დახმარების სამსახურს უნდა გამოეყოს 103 600 ლარი”.

მასალების გადაბეჭდვის წესი