ახალი ამბები

ანთიძე: ეროვნულ მუზეუმსაც მიაჩნია, რომ საყდრისში კვლევის გაგრძელება შეუძლებელია

14 დეკემბერი, 2014 • • 1080
ანთიძე: ეროვნულ მუზეუმსაც მიაჩნია, რომ საყდრისში კვლევის გაგრძელება შეუძლებელია

“კომისიაში წარდგენილი იყო ყველა ის დოკუმენტაცია, თუ რაზეც ვმუშაობდით ამ ბოლო 4 თვის განმავლობაში. ეს არის პირველ რიგში შარშანდელი ცუდი გამოცდილებიდან გამომდინარე, როდესაც მეცნიერებს შორის დაიწყო დავა ობიექტის რაობასთან დაკავშირებით. ჩვენ შევძელით და ეს საუბარი გადავიყვანეთ უფრო კონსტრუქცუილ დიალოგში. საერთოდ ამოვიღეთ ცნება, იყო თუ არა ეს კულტურული მემკვიდროება. საქართველოს ეროვნული მუზეუმი აქტიურად ჩაერთო საკითხში და მოლაპარაკება იწარმოებოდა როგორც კომპანიასთან, ისე ეროვნულ მუზეუმთან. ვფიქრობდით, გაგვეგრძელებინა არქეოლოგიური სამუშაოები, რისი დაფინანსების ვალდებულებასაც იღებდა კომპანია. სამწუხაროდ, გეოლოგების შეფასებით, არა მარტო ქართველი, არამედ საერთაშორისო გეოლოგების შეფასებით, იქ არქეოლოგიური სამუშაოების გაგრძელება არის ძალიან საშიში ადამიანებისთვის და თვითონ ობიექტი განიცდის ყოველდღიურად… გეოლოგების აღნიშნული პოზიცია გაიზიარა ეროვნული მუზეუმის გაერთიანებულმა სამეცნიერო საბჭომაც”, – განაცხადა ნიკოლოზ ანთიძემ ტელეკომპანია “რუსთავი 2”- თან საუბრისას.

 

ანთიძის განცხადებით, ეროვნულმა მუზეუმმა სააგენტოს მისწერა, რომ საყდრისში არქეოლოგიური სამუშაოების გაგრძელება იყო შეუძლებელი და მზადაა, რომ ბოლნისში ახალი სამუზეუმო სივრცის მოწყობის კონცეფცია შეიმუშაოს.

 

13 დეკემბერს კომპანია „არემჯიმ“ საყდრის-ყაჩაღიანის N1 სალიცენზიო უბანზე სამთო-მოპოვებითი სამუშაოები განაახლა. კომპანიამ სამუშაოები 2014 წლის 12 დეკემბერს გამოცემული საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის №03/266 ბრძანებისა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის №2/271 ბრძანების საფუძველზე განაახლა. ვრცლად კომპანიის განცხადება შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე. განახლებული სამუშაოების ფარგლებში საყდრისში ორი აფეთქება განხორციელდა. 

 

საყდრისის ძეგლი 2006 წლიდან 2013 წლის 5 ივლისამდე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს ატარებდა. 2013 წლის 5 ივლისს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის ბრძანებით მას არქეოლოგიური ძეგლის სტატუსი მოეხსნა. ხოლო პრემიერ-მინისტრის 2013 წლის 7 ოქტომბრის ბრძანებით, არქეოლოგური ძეგლის სტატუსის გარეშე დარჩა.

 

RMG Gold- ის მიერ საყდრისში სამუშაოების ჩატარებასთან დაკავშირებით სასამართლო დავა მიმდინარეობს. სასამართლომ RMG-ის საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე საყდრისში მსხვილმასშტაბიანი სამუშაოების ჩატარების უფლება არ მისცა.

ნიკა ანთიძე
ნიკა ანთიძე

მასალების გადაბეჭდვის წესი