ეკონომიკა

“ბანკი კონსტანტა” ოპერირებას “თიბისი ბანკი კონსტანტას” სახელით დაიწყებს

11 დეკემბერი, 2014 • • 4147
“ბანკი კონსტანტა” ოპერირებას “თიბისი ბანკი კონსტანტას” სახელით დაიწყებს

მიკროსაფინანსო ბაზარზე მოქმედი “ბანკი კონსტანტა,” რომლის აქციების 100% -ის მფლობელი “თიბისი ბანკია”, 2015 წლის იანვრამდე უცვლელად გააგრძელებს ოპერირებას, ხოლო იანვარში შედგება კონსოლიდაცია, რის შედეგადაც ეს ორი ბანკი ერთი იურიდიული პირის სტატუსით გააგრძელებს მუშაობას. 


“ეს გადაწყვეტილება არის ძალიან მნიშვნელოვანი. კონსოლიდაციის პროცესის დასრულების შემდეგ ის ხელშეკრულებები, რაც ჰქონდათ “ბანკ კონსტანტას” კლიენტებს, დარჩება უცვლელი. ჩნდება ახალი პოტენციალი, რომ კლიენტებმა მიიღონ კიდევ უფრო კარგი სერვისი” – განაცხადა “თიბისი ბანკის” გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ.

 

ვახტანგ ბუცხრიკიძის განცხადებით, “თიბისი ბანკის” გადაწყვეტილება “ბანკ კონსტანტას” ყიდვის შესახებ სტრატეგიულად სწორი აღმოჩნდა: “ვფიქრობ, სტრატეგიულად სწორი გადაწყვეტილება იყო, რომ შევიძინეთ “კონსტანტა”. ეს ბანკი მიკროსაფინანსო სექტორში არის ლიდერი. ჩვენ შევძელით ამ სეგმენტზე გასვლა. რჩება პროდუქტების ნაირასახეობა, რომელიც “კონსტანტას” აქვს. ამას დაემატება “თიბისი ბანკის” პროდუქტები და უფრო მეტ ნაირსახეობას შევთავაზებთ მოსახლეობას.”  

 

 “ბანკ კონსტანტას” გენერალური დირექტორის ნიკოლოზ ხეეცურიანის განცადებით, რებრენდინგის შედეგად შეიცვლება ბანკის სახელი და ფერები: “რებრენდინგის შედეგად  შეიცვლება ბანკის სახელი და ფერები და იქნება “თიბისი ბანკი – კონსტანტა”. ეს პროცესი დაიწყება 2015 წლის იანვარში და აგვისტოში დასრულდება. რაც შეეხება პორტფელს, იმ პროდუქტებს, რომლებიც არ გვაქვს წარმოდგენილი, აუცილებლად შევიტანთ რეგიონებში.”  

 

თიბისი ბანკი „ბანკი კონსტანტას“ მფლობელი 2011 წელს გახდა და ამ დროის განმავლობაში  თიბისი ბანკის მიერ „ბანკი კონსტანტას“ განვითარებაში ინვესტირების მოცულობამ დაახლოებით 226 მლნ ლარი შეადგინა. ამ ინვესტიციის შედეგად კონსტანტას მთლიანი პორტფელი 400%-ით გაიზარდა. ამან შესაძლებლობა მისცა „ბანკი კონსტანტას“ მომხმარებლებს რეგიონებსა და ქალაქებში, მიეღოთ საჭირო ფინანსური მხარდაჭერა საკუთარი მეურნეობებისა თუ მიკრობიზნესების გასავითარებლად.

 

დღეისათვის „ბანკი კონსტანტა“ საქართველოს მაშტაბით არსებული 60-მდე ფილიალის საშუალებით მიკრო და მცირე მეწარმეს ემსახურება.  მისი საკრედიტო პორტფელის ძირითადი ნაწილი მიკრო ბიზნესსესხებსა და აგროსესხებს უჭირავს. 

 

ადგილობრივ ბაზარზე საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით 21 კომერციული ბანკი ოპერირებს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი