ახალი ამბები

ომბუდსმენი: თბილისის მერიის თანამშრომლების გათავისუფლება ლეგიტიმურ კითხვებს ბადებს

10 ნოემბერი, 2014 • • 897
ომბუდსმენი: თბილისის მერიის თანამშრომლების გათავისუფლება ლეგიტიმურ კითხვებს ბადებს

ომბუდსმენის აპარატის ცნობით, თბილისის მუნიციპალიტეტში 2014 წლის ოქტომბრის (პირველი ნაწილი) მდგომარეობით გაათავისუფლეს 387 საჯარო მოხელე, აქედან 307 მოხელის გათავისუფლების საფუძველს წარმოადგენდა პირადი განცხადება. თანამშრომელთა მასობრივი გათავისუფლების შემთხვევების იგივე მიზეზი ფიქსირდება სხვა მუნიციპალიტეტებში.

 

“[პირადი განცხადების საფუძვლზე გათავისუფლება] საქართველოში არსებული ეკონომიკური მდგომარეობისა და ქვეყანაში არსებული უმუშევრობის ფონის გათვალისწინებით, ბადებს ლეგიტიმურ კითხვებს მოხელეთა მხრიდან გათავისუფლების შესახებ გამოხატული ნების ნამდვილობისა და, შესაბამისად, გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტების კანონიერების თაობაზე”, – აცხადებს სახალხო დამცველი.

 

სახალხო დამცველის აპარატმა საჩივრები მიიღო იმ მოხელეთა მხრიდანაც, რომლებიც ზეწოლის მიუხედავად უარს აცხადებდნენ საკუთარი ინიციატივით განცხადების დაწერაზე. მსგავსი შინაარსის განცხადებები საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა შემდგომი რეაგირებისათვის გადაუგზავნა საქართველოს მთავარ პროკურატურას, თუმცა, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, მათზე შედეგი ამ დრომდე არ დამდგარა, აცხადებს ომბუდსმენი.

 

სახალხო დამცველის განცხადებით, საკმაოდ მაღალია რეორგანიზაციის/ლიკვიდაციის შედეგად მუნიციპალიტეტებიდან გათავისუფლებულ მოხელეთა რაოდენობა. ოფისის ცნობით, 2014 წლის აგვისტოს მდგომარეობით სხვდასხვა მუნიციპალიტეტიდან 821 ადამიანი გათავისუფლდა.

 

“აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტთა ნაწილში რეორგანიზაციის პროცესი ჯერ არ დასრულებულა, ხოლო ნაწილში ჩატარებული რეორგანიზაციის თაობაზე ინფორმაცია აპარატში სრულად არ არის შემოსული. საქართველოს სახალხო დამცველი აგრძელებს აღნიშნული საკითხის შესწავლას”, – აცხადებს უმბუდსმენი.

 

სახალხო დამცველი აცხადებს, რომ თბილისის მერიაში მიმდინარე ატესტაციის ტესტირების მინიმალური ბარიერის გადალახვა (60 კითხვიდან 45 სწორი პასუხი) მონაწილე 486 თანამშრომლიდან მხოლოდ 196-მა პირმა შეძლო. საქართველოს სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ იმ პირთა რაოდენობა, რომლებმაც ვერ მოახერხეს ტესტირებაზე მინიმალური ბარიერის გადალახვა, არის ძალიან მაღალი, რაც შესაძლოა განპირობებული ყოფილიყო ტესტების  სირთულითა და მაღალი მინიმალური ბარიერის დადგენით.

 

საქართველოს სახალხო დამცველი ავრცელებს ინფორმაციას, რომ თბილისის დიდუბის გამგეობიდან გამოთხოვილი მასალების შესწავლისა და 2014 წლის 17 სექტემბერს და 4 ნოემბერს ადგილზე განხორციელებული ვიზიტის შედეგებით დადგინდა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის ჩატარების შემდგომ დიდუბის რაიონის გამგეობაში ყველდღიურად ცხადდებოდნენ უცხო პირები, რომელთაც არანაირი სტატუსი არ გააჩნდათ, თუმცა ასრულებდნენ გარკვეულ სამსახურებრივ დავალებებს.

 

პირი, რომელიც 2014 წლის 17 სექტემბერს საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენლების მიერ დიდუბის გამგეობაში ვიზიტის დროს ყოველგვარი სტატუსის გარეშე ცხადდებოდა სამსახურში, სოციალურ საკითხთა განყოფილებაში, და ასრულებდა გამგებლის სხვადასხვა სამსახურებრივ დავალებებს, 2014 წლის 5 ნოემბრის ბრძანებით დაინიშნა დიდუბის გამგებლის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლად, რაც კანონის დარღევვაა, აცხადებს ომბუდსმენი.

მასალების გადაბეჭდვის წესი