ახალი ამბები

“ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს სხდომაში მიხეილ სააკაშვილიც მონაწილეობდა

6 ნოემბერი, 2014 • • 1031
“ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს სხდომაში მიხეილ სააკაშვილიც მონაწილეობდა

“ქვეყანაში შექმნილი მძიმე ვითარება და კრიზისი პრაქტიკულად ყველა სფეროში იყო განხილვის თემა. აქედან გამომდინარე, ერთ-ერთი ყველაზე დიდი საფრთხე რუსეთის მხრიდან მოახლოებული ანექსიაა, ასევე ახალი ტერიტორიების, თრუსოს ხეობის ოკუპაციის საფრთხე და ამ ყველაფრის გასაპროტესტებლად 15 ნოემბრის აქცია განვიხილეთ”,-განაცხადა გია ბარამიძემ. 

 

მისივე თქმით, “ნაციონალური მოძრაობა” მშვიდობიანი აქციის ჩატარებას გეგმავს. 

 

“ამავდროულად, ვგეგმავთ ძალიან მტკიცე პროტესტის გამოხატვას საოკუპაციო რეჟიმის წინააღმდეგ, რომელიც ახლა აფხაზეთისა და ცხინვალის ანექსიას აპირებს. ჩვენი ამოცანაა, არაპარტიულ რეჟიმში, ვისთვისაც ძვირფასია საქართველოს ერთიანობა და მიაჩნია, რომ მნიშვნელოვანია მისი ხმა გაიგონოს მტერმაც და მოყვარემაც,  ორგანიზაბულად, მშვიდობიანად მოვიდნენ 15 ნოემბერს და ყველას დავანახოთ, რა არის ქართული საზოგადოების პოზიცია საქართველოს მოსალოდნელ ანექსიასთან დაკავშირებით”,-ამბობს ბარამიძე.

 

“ნაციონალური მოძრაობის” მიერ დაგეგმილი აქცია თბილისში, რუსთაველის გამზირზე გაიმართება


რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთს შორის ინტეგრაციისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების პროექტი 13 ოქტომბერს გამოქვეყნდა. შეთანხმება სხვადასხვა საკითხთან ერთად ითვალისწინებს აფხაზეთის საზღვრების ერთობლივად დაცვას და ერთობლივი სამხედრო შენაერთების შექმნას. შეიარაღებული აგრესიის შემთხვევაში კი, მხარეები ვალდებული იქნებიან ერთმანეთს სამხედრო დახმარება აღმოუჩინონ.  პროექტში ასევე წერია, რომ საქართველოსთან საზღვარზე კონტროლი  ეტაპობრივად უნდა გამკაცრდეს, რუსეთთან კი პირიქით – ზედმეტი ბარიერები უნდა მოიხსნას.  რუსეთსა და აფხაზეთს შორის მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმების აფხაზეთის ვერსია  30 ოქტომბერს გამოქვეყნდა. აფხაზეთის მიერ მომზადებული დოკუმენტის ცალკეული პუნქტების შინაარსი რუსეთის ვარიანტისგან ბევრად არ განსხვავდება. 

მასალების გადაბეჭდვის წესი