ეკონომიკა

რატომ ვერ ასრულებს “ოცნების” მთავრობა ბიუჯეტს

29 ივლისი, 2014 • • 1400
რატომ ვერ ასრულებს “ოცნების” მთავრობა ბიუჯეტს

თუკი 2013 წელს ბიუჯეტი საგადასახადო შემოსავლების გეგმის შეუსრულებლობის გამო ვერ შესრულდა, ამჯერად, მიმდინარე წლის 6 თვეში საბიუჯეტო დანაკლისი გრანტებისა და კრედიტების ნაწილშია, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში ინფრასტრუქტურული პროექტები გეგმის მიხედვით ვერ სრულდება.

 

“მთავრობას არ შეუძლია პროექტების სწრაფად და ეფექტურად განხორციელება. ფული არის და ამთვისებელი არა, რაც სახელმწიფო ბიუჯეტში მიმდინარე პროცესებმაც აჩვენა,” – ამბობს ეკონომიკის ცენტრის ხელმძღვანელი რომან გოცირიძე.

 

სახელმწიფო ხაზინის მონაცემებით, მიმდინარე წლის 6 თვის გეგმის მიხედვით, საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის 231 მილიონი ლარი უნდა დახარჯულიყო. ათვისებულია მხოლოდ 217 მილიონი ლარი. მთავრობამ, ასევე, ვერ მოახერხა რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია. პროექტებზე 6 თვის ბიუჯეტში 102,3 მილიონი ლარი გაიწერა, 6 თვეში კი მხოლოდ 42,9 მილიონი ლარია გახარჯული. გარღვევა 58%-ია.

 

ასეთი მონაცემების მიუხედავად, პრობლემას არ აღიარებს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური:

 

“დავაგეთ უფრო მეტი გზა, ვიდრე ოდესმე დაგებულა საქართველოში და ინფრასტრუქტურული პროექტები უფრო მეტად დაფინანსდა, ვიდრე ოდესმე დაფინანსებულა”, – ეს განცხადება ხადურმა  22 ივლისს პარლამენტში 2013 წლის ბიუჯეტის შესრულების განხილვისას განაცხადა.

ნოდარ ხადური
ნოდარ ხადური

 

“საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო” ტენდერების მონიტორინგის პროექტს ახორციელებს, რომლის მიხედვითაც, 2012 წელს საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ და საგზაო დეპარტამენტმა 135 283 270 მლნ ლარის მომსახურება შეისყიდა. 2013 წელს ამ მაჩვენებელმა 110 751 769  ლარი შეადგინა, ხოლო 2014 წლის 7 თვეში 44 095 959 ლარი.

 

ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი არ უარყოფს, რომ ბიუჯეტში არსებული დანაკლისის მიზეზი შეფერხებული ინფრასტრუქტურული პროექტები გახდა, თუმცა ამის მიზეზად ტენდერებთან დაკავშირებულ საკითხებს ასახელებს. კვირიკაშვილის თქმით, კომპანიების, რომლებიც ტენდერებში მონაწილეობენ, ვერ აკმაყოფილებენ იმ კრიტერიუმებს, რომლებიც საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ არის დასმული.

 

“ინფრასტრუტურის პროექტების 80% უცხოური ფულით კეთდება. მსოფლიო ბანკი, აზიის განვითარების ბანკი, თუ სხვა ფონდები არ გაძლევენ ამ ფულს, თუ მის ხარჯავას არ დაასაბუთებ”, – ამბობს ბესიკ ნამჩვაძე “პი–ემ–სი–ჯი” ჯგუფის მთავარი მკვლევარი. ამ ორგანიზაციამ საქართველოში სახელმწიფო შესყიდვების პოლიტიკის 2012–2013 წლების ანალიზი განახორციელა USAID-ის მხარდაჭერით. ნამჩვაძის თქმით, ინფრასტრუქტურის სამინისტრო წინა ხელისუფლების პრაქტიკას აგრძელებს და სახელმწიფო შესყიდვებს, ძირითადად, გამარტივებული ტენდერებით ახორციელებს:

 

“გამარტივებული ტენდერით ერთ პირთან მოლაპარკების წესით შეიძლება კონტრაქტის დადება, რაც კორუფციულ რისკებს ტოვებს. 2013 წელს სახელმწიფო შესყიდვებში გამარტივებული ტენდერების წილმა 40% შეადგინა. “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის პირობებში ეს მაჩვენებელი 45% იყო.”

 

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე არსებული მონაცემებით, 2012 წელს ინფრასტრუქტურის სამინისტრომ გამარტივებული ტენდერით მომწოდებელთან 76 ხელშეკრულება გააფორმა, 2013 წელს – 32 ხელშეკრულება, ხოლო 2014 წლის 7 თვეში  – 14.

 

ბიზნეს კომპანიები, ასევე, პრობლემურად მიიჩნევენ კონსოლიდირებულ ტენდერებს. შპს “ადას” კომპიუტერული მომსახურების ბიზნესში ოპერირებს. კომპანიის მფლობელი გიორგი ღუღუნიშვილი ამბობს, რომ  “IT მომსახურების” ბაზარზე სიტუაცია კონსოლიდირებულმა ტენდერებმა გააუარესa:

 

“კონსოლიდირებული ტენდერების დანერგვამ ბაზარზე სიტუაცია შეცვალა. ოღონდ ტენდერი მოიგონ და კომპანიები 3%–იან მოგების მარჟაზეც მუშაობენ. დაბალი ფასია დადებული. კონსოლიდირებული ტენდერი ჩვენს ბიზნესში კლავს IT მიმართულებას. კომპანიების მოგება 0-ია. ეს ტენდენცია ბიზნესს გაანადგურებს. კომპანიები დაბალ მარჟაზე მუშობენ და ვალდებულებებს ვეღარ ასრულებენ, შემდეგ კი შავ სიაში ხვდებიან.”

 

იმას, რომ სახელმწიფო შესყიდვების კუთხით პრობლემებია, საქართველოს მთავრობაში არ უარყოფენ:

 

“სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობაში სერიოზული პრობლემებია. ელექტრონული ტენდერები არის აფერისტების გამარჯვების მიზეზი. მერე მეორე წრეზე მივდივართ, შემსყიდველი ორგანიზაცია, იკარგება დრო, ვარდება ეფექტურობა,” – ეს საკითხი პრემიერ ღარიბაშვილის წინაშე 25 ივლისს უმრავლესობის დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა დასვა, რაზეც ირაკლი ღარიბაშვილმა უპასუხა, რომ სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობის ცვლილებებზე ეკონომიკური გუნდი მუშაობს:  

 

“სახელმწიფო შესყიდვების კანონზე პრაქტიკულად დავასრულეთ მუშობა. ეკონომიკის სამინისტრო და ეკონომიკის საბჭო, ყველა შესაბამისი უწყება არის ჩართული ამ საკითხში დარეგულირების მიზნით. კანონპროექტს სექტემბრისთვის წარმოვადგენთ პარლამენტში.”

გიორგი კვირიკაშვილი
გიორგი კვირიკაშვილი

 

ეკონომიკის მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის თქმით, არსებულმა კანონმდებლობამ ბევრი პრობლემა გამოიწვია და ამიტომ ის უნდა შეიცვალოს:

 

“ჩვენ ვფიქრობთ, რომ კანონმდებლობა უნდა შეიცვალოს. მაქსიმალუარდ უნდა იყოს დაზღვეული კორუფციის რისკები და ამავე დროს შემოსატანია ახალი კრიტერიუმები, უფრო მაღალი ხარისხის და მაღალი პროფილით, რათა კომპანიებმა მიიღონ მონაწილეობა ამ ტიპის ტენდერებში. ეს არის კომპლექსური საკითხი, რომლის გადაწყვეტაზეც ბევრს ვმუშაობთ”.

 

ფინანსთა მინისტრის თქმით, 2014 წლის ბიუჯეტში პრობლემები არ არის და “ყველა გრანტი პრაქტიკულად მიღებადია”. ეკონომიკის მინისტრის განცხადებით კი, წლის მეორე ნახევარში მნიშვნელოვნად გაზრდის მთავრობა ინფრასტრუქტურული პროექტების სისწრაფეს და ამით საბიუჯეტო პრობლემა მოიხსნება.

 

ეკონომიკის ცენტრის ხელმძღვანელი რომან გოცირიძე მიიჩნევს, რომ ინფრასტრუქტურული პროექტების  განხორციელებაში არსებული ხარვეზი 2013 წლის ბოლოს ლარის კურსის რყევის მიზეზი გახდა, კერძოდ, რეგიონალური მუნიციპალიტეტების ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციაზე 2013 წლის 11 თვეში მთვრობამ 64 592 747 ლარი დახარჯა. თვეში საშუალოდ 5 962 977 ლარი. დეკემბერში კი ამ ნაწილში ხარჯვამ 61 489 310 ლარი შედგინა:

 

“ბაზარზე ჭარბი ლარის მასა გამოვიდა და ინფლაციური პროცესი დაიწყო. თუ მთვრობა ხარჯვის ამ ტენდენციას შეინარჩუნებს, ინფლაცია მიმდინარე წლის ბოლოსაც არის მოსალოდნელი.”

2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის 6 თვის შესრულების მაჩვენებლების თანახმად, [სახელმწიფო ხაზინის მონაცემები] შემოსავლების გეგმა 4,09 მლრდ ლარი იყო, ხოლო შესრულებამ – 3,953 მლრდ ლარი შეადგინა. გეგმა 96,9% -ით შესრულდა და დანაკლისი 126 მლნ ლარია.

მასალების გადაბეჭდვის წესი