ახალი ამბები

სააკაშვილი: ეროსის სიცოცხლის პირობებში “რუსთავი 2”-ის წაღება საკმაოდ გართულდებოდა

20 ივლისი, 2014 • • 824
სააკაშვილი: ეროსის სიცოცხლის პირობებში “რუსთავი 2”-ის წაღება საკმაოდ გართულდებოდა

“მას შემდეგ რაც რამდენიმე ადამიანი დაპატიმრებულია, რაც მე ქვეყნის გარეთ მომიხდა წასვლა, “რუსთავი 2” ერთმნიშვნელოვნად რჩება მთავარი სამიზნე რუსი ოლიგარქის და ასევე იმ ხალხის, ვისგანაც ის იღებს ინსტრუქტაჟს თუ რჩევებს. ის, რომ ეს მისი სამიზნეა, მას ჩემთვის ნათქვამი აქვს რამდენჯერმე, მათ შორის არჩევნების შემდეგ. პირდაპირ თვალებში ყურებით და რამდენჯერმე აქვს დაბეჯითებით ნათქვამი, რომ ის ამ ტელევიზიას წაიღებს. მე არც ვჭორაობ, ეს არის ის, რაც მან თქვა, საჯაროდ თქვა და თქვა არაერთხელ. ის, რომ ეროსი კიწმარიშვილი ამ პროცესს არ ეთანხმებოდა და ის, რომ რეალურად ის იყო “რუსთავი 2”-ის შემქმნელი კოლექტივთან ერთად, მაგრამ ის იყო მთავარი შემქმნელი და ამაზე ძალიან აქტიურად საუბრობდა. ეროსის სიცოცხლის პირობებში “რუსთავი 2″-ის წაღება საკმაოდ გართულდებოდა, შეუძლებელი არ იქნებოდა, მაგრამ გართულდებოდა. მე არ ვამბობ, რომ ეს აუცილებლად ნიშნავს, რომ ის ვიღაცამ მოიშორა, კიდევე ერთხელ ვამბობ, რომ ეს დიდი უპასუხისმგებლობა იქნებოდა ჩემი მხრიდან და არ იქნებოდა სწორი მისი ოჯახის, მისი ხსოვნის წინაშე”.– განაცხადა სააკაშვილმა “რუსთავი 2″–ის ეთერით. 

 

მისივე თქმით, გამოძიებაში ამერიკის ფედერალური დაზვერვის სააგენტო უნდა ჩართულიყო, რათა კითხვები და ეჭვები არ დარჩეს. წამყვანის შეკითხვას, კიწმარიშვილისთვის  ტელეკომპანია “რუსთავი 2″– ის გაყიდვის იძულებასთან დაკავშირებით ყოფილმა პრეზიდენტმა ასე უპასუხა:

 

“ჯერ ერთი ზუსტად მახსოვს, რომ ეროსი კიწმარიშვილმა “რუსთავი 2″ გაყიდა და ამაში დიდი ფული აიღო. სინდისიც ეყო და არც უარყოფდა ამ ფაქტს. საბოლოოდ, ტელეკომპანია აღმოჩნდა იმ მფლობელების ხელში, ვისიც არის, მაგრამ მთავარი ეს არ არის, მთავარია ის, რომ ეს თავისუფალი ტელევიზიაა”.

მასალების გადაბეჭდვის წესი