საზოგადოება

რის ხარჯზე იქნება უფასო სასკოლო სახელმძღვანელოები

8 აპრილი, 2013 • 1628
რის ხარჯზე იქნება უფასო სასკოლო სახელმძღვანელოები

უფასოდ სასკოლო სახელმძღვანელოებს მთელი საქართვეოს მასშტაბით 650 ათასი მოსწავლე მიიღებს, რისთვისაც განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, როგორც ამ უწყების პრესსამსახურში აცხადებენ, 12 მილიონ ლარს დახარჯავს.

 

გიორგი მარგველაშვილმა წინა მთავრობის განათლების მინისტრის, დიმიტრი შაშკინის 2011 წლის 25 თებერვლის №30/ნ ბრძანების ის მუხლი აამოქმედა, რომელიც წინა ხელისუფლებას არ გამოუყენებია.

 

ბრძანების ამ მუხლის (მუხლი 10) შესაბამისად, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს უფლება აქვს, “აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებიდან გამომდინარე, საავტორო უფლების მფლობელის მიერ ჩვეულებრივი ლიცენზიის ან განსაკუთრებული ლიცენზიის ხელშეკრულებით გადაცემული გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოს გამოყენების უფლება გადასცეს ჩვეულებრივი ან განსაკუთრებული ლიცენზიის ხელშეკრულებით ნებისმიერ დაინტერესებულ პირს (ჩვეულებრივი ლიცენზიის ხელშეკრულება უნდა ითვალისწინებდეს საავტორო უფლების მფლობელისთვის დაინტერესებული პირის მიერ ჰონორარის სახით გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოს რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხის 10% გადახდას) და მოსთხოვოს საავტორო უფლების მფლობელს სახელმძღვანელოს/სერიის ელექტრონული ვერსიის შესაბამის ფორმაში წარმოდგენა.

 

“დიოგოენე” ერთ-ერთია იმ 20-მდე გამომცემლობას შორის, რომელიც სასკოლო სახელმძღვანელოებს ბეჭდავდა.

 

თამარ ლებანიძე, “დიოგენეს” ხელმძღვანელი ამბობს, რომ შაშკინის ზემოთ აღნიშნული ბრძანების შესაბამისად, მომზადებულ ხელშეკრულებას წინა მთავრობის პირობებში გამომცემლებს იძულებით მოაწერინეს ხელი.

 

“მაშინ იძულებით მოვაწერეთ ხელი ამ დოკუმენტს, თუმცა 2 წლის მანძილზე ის არ ყოფილა გამოყენებული. გვეგონა, გამომცემლობებისთვის პირობების კარნახი დასრულდებოდა, მაგრამ, სამწუხაროდ, სხვა შედეგი მივიღეთ,”- ამბობს ლებანიძე.

 

მისივე თქმით, ბოლო 5 თვის განმავლობაში უშუალოდ განათლების მინისტრს, გიორგი მარგველაშვილს გამომცემლობების წარმომადგენლები ვერ შეხვდნენ.

 

“მინისტრთან შეხვედრის საშუალება არ გვქონია. სხვა პირები იყვნენ ამ დიალოგში ჩართული, თუმცა ეს დიალოგი არც ყოფილა, ეს იყო წესების კარნახი. ჩვენი არგუმენტები იმის შესახებ, რომ სახელმძღვანელოს თვითღირებულება მაღალია, არ გაითვალისწინეს. რა თქმა უნდა, პირობებზე ასე ვერ შევთანხმდებოდით. საბოლოოდ, ჩვენი ცოდნა და გამოცდილება ამ სფეროში იგნორირებულია სამინისტროს მიერ. ბოლშევიკური მეთოდებით ხდება ინტელექტუალური ქონების წართმევა, რაც მატერიალურ ქონებასაც აზარალებს.”

 

“დიოგენეს” შემოსავალი სასკოლო სახელმძღვანელოების გამოცემით მთლიანი შემოსავლების 80-85%-ს შეადგენდა:

 

“მაღალი რისკების მიუხედავად, მთელი ჩვენი რესურსი ამაში დავაბანდეთ.”

 

გიორგი მარგველაშვილის თქმით, სასკოლო სახელმძღვანელოების შესაძენად ერთი შვილის შემთხვევაში მშობლებს 100-დან 160 ლარამდე ხარჯი უნდა გაეწია. აღნიშნული გათვლით, 650 ათასი მოსწავლისთვის სახელმძღვანელოების შესაძენად წელიწადში დაახლოებით 65-დან 95 მილიონ ლარამდე იხარჯებოდა, სამინისტრო კი ბიუჯეტიდან წელს ამისთვის 12 მილიონ ლარს დახარჯავს.

 

“აქედან 10 მილიონი ლარი ის ფულია, რომლითაც სხვადასხვა ჯგუფებისთვის, სოციალურად დაუცველების, მრავალშვილიანი ოჯახების, დევნილებისთვის და ა.შ.  სახელმწიფო სახელმძღვანელოებს ყიდულობდა. წელს ამ ფულს მხოლოდ 2 მილიონი ლარი დაემატება და ეს თანხა საკმარისი იქნება იმისთვის, რომ სასკოლო სახელმძღვანელოები ყველასთვის უფასო იყოს,”- განმარტავენ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პრესსამსახურში.

 

განათლების სამინისტროს გადაწყვეტილების მიუხედავად, გამომცემლობები ბრძოლის გაგრძელებას აპირებენ. “დიოგენეს” ხელმძღვანელის თქმით, გამომცემლობებს ასეთ შემთხვევაში მთავრობისა და საგადასახადო ომბუდსმენის იმედი დარჩათ.

 

გამომცემლობებმა ამ საკითხთან დაკავშირებით უკვე მიმართეს საგადასახადო ომბუდსმენს გიორგი გახარიას. გახარიას თქმით, პრობლემა შედგება რამდენიმე ნაწილისაგან:

 

“ერთი მხრივ, ეს არის გრიფირების, მეორე მხრივ კი, ეს არის სახელმწიფო შესყიდვების პრობლემა. რაც შეეხება გრიფირების პრობლემას, ეს გლობალური პრობლემაა და მოითხოვს გარკვეულ დროს. აშკარად არსებობს გარკვეული ნიუანსები საავტორო უფლებების დარღვევის თაობაზე. მეორე მხრივ, არსებობს სახელმწიფო ორგანოს სურვილი, შეამციროს საბოლოო პროდუქტის, წიგნის თვითღირებულება, რათა ქვეყნის მოქალაქეებმა იაფად მიიღონ ეს პროდუქტი, რაც ლოგიკურად კარგი სურვილია, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს გამომცემლების ან საავტორო უფლებების მქონეთა უფლებების დარღვევის ხარჯზე.”

 

“ძალიან ბევრი ვარიანტი და მოდელი იყო გააზრებული სამინისტროს მიერ. ყველაფერი არის კანონის ფარგლებში, გამომცემლობებს კანონით დადგნილ თანხას ვაძლევთ, რომელიც საკმარისზე ბევრია. ახალი სახელმძღვანელოები დაიბეჭდება ბევრად უფრო ნაკლებად, თუმცა, ამავე დროს, ხარისხზე მუშაობას არ ვწყვეტთ,” – აცხადებს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი მარგველაშვილი.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი