ახალი ამბები

“კონსტიტუციის 42-ე მუხლი”: ჩვილის გარდაცვალების ფაქტი უნდა გამოიძიონ

23 მარტი, 2013 • • 983
“კონსტიტუციის 42-ე მუხლი”: ჩვილის გარდაცვალების ფაქტი უნდა გამოიძიონ

“42–ე მუხლს აუცილებლად მიაჩნია გამოძიებული იქნას ჩვილის გარდაცვალების ფაქტი, უპირველეს ყოვლისა კი მიზეზი, თუ რატომ ვერ მოხვდა აბაშიძეების ოჯახი სოციალურად დაუცველთა სიაში. უნდა დადგეს შესაბამისი სოციალური სააგენტოს პასუხისმგებლობის საკითხი და შესწავლილ იქნას მიზეზი და გარემოება, რამაც განაპირობა სამედიცინო დაწესებულებისათის გვიან მიმართვისა. შესაბამისი აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოების პირველი რიგის ღონისძიებათა ნუსხაში უნდა გაიწეროს და გადაიხედოს სოციალურად დაუცველთა ბაზაში მოხვედრის კრიტერიუმები; ასევე ორგანიზაციას აუცილებლად მიაჩნია ჯანდაცვის სამინისტროს ფარგლებში შესაბამისი სამსახურის შექმნა, რომელიც ბავშვთა უფლებებზე და მათ ჯანმრთელობაზე იზრუნებს”.– ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში. 

 

ბათუმის დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის რესპუბლიკურ ცენტრში 23 მარტს,  გვიან ღამით, 2 საათსა და 5 წუთზე ერთი წლის გოგიტა აბაშიძე გარდაიცვალა. 

 

“ბავშვს იმხელა დეფიციტი ჰქონდა მასის, რომ 45%-ზე მეტი მასის დეფიციტი სიცოცხლესთან შეუთავსებელია. 4 კილო და 200 გრამი დაიბადა ბავშვი და ერთი წლის შემდეგ იგივე წონა ჰქონდა, უნდა ყოფილიყო 12 კილო. მასის დეფიციტის ფონზე განვითარდა ფილტვების ანთება, სისხლნაკლულობა, მიკროელემენტების, ცილების უკმარისობა და ინფექციამ უკვე თავისი ცუდი საქმე გააკეთა”– განუცხადა  “ნეტგაზეთს” ექიმმა არჩილ შერვაშიძემ. 

 

ინფორმაცია ერთი წლის გოგიტა აბაშიძის მძიმე მდგომარეობის შესახებ  21 მარტს  გავრცელდა. ერთი წლის ბავშვის შოკური მდგომარეობა შიმშილმა გამოიწვია. აბაშიძეების ხუთსულიან ოჯახს მატერიალურად უჭირს, თუმცა სოციალურად დაუველთა კატეგორიაში ვერ მოხვდნენ. 

 

გოგიტა აბაშიძე ბათუმის დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის რესპუბლიკურ ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს.

 

დღეს, ასევე  ქუთაისში პარლამენტის შენობასთან მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფის წევრებმა ერთი წლის ბავშვის გარდაცვალების გამო აქცია გამართეს. აქციაზე წარმოდგენილი იყო შემდეგ სლოგანები: “ჩვენს გვერდით ბავშვები შიმშილით კვდებიან”, “არ დამალო, თუ შენს გვერდით ვინმე შიმშილობს”.  აქცია დაგეგმილია ხვალაც, ამჯერად თბილისში. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი