ახალი ამბები

ბიბილაშვილი: 6 მილიონი, რომელიც უნდა ჩადებულიყო რუსთავი 2-ში, ვალდებულებას არ წარმოშობდა

1 ოქტომბერი, 2015 • • 1103
ბიბილაშვილი: 6 მილიონი, რომელიც უნდა ჩადებულიყო რუსთავი 2-ში, ვალდებულებას არ წარმოშობდა

“ჩვენ ოფიციალურად პასუხი ახლაც არ მიგვიღია, რაც არის კანონდარღვევა. როგორც ჩვენ საჯარო წყაროებიდან შევიტყვეთ, ქიბარ ხალვაშის წარმომადგენელს, ამ მითიური მოსარჩელის წარმომადგენელს, რეალურად კი სახელმწიფოს და ბიძინა ივანიშვილის წარმომადგენელს განუცხადებია, რომ სასამართლომ ტელეკომპანია “საქართველოს” წილები დააყადაღა. ეს არის კომპანია, რომელიც ფლობს რუსთავი2-ში 51%-იან წილს. ტელეკომპანია “საქართველოს” წილები არანაირ კავშირში არ არის იმ სარჩელთან, რომელიც შეტანილი არის დღეს და რომელიც განიხილება სასამართლოს მიერ”, – განაცხადა ბიბილაშვილმა.

 

როგორც დღეს ქიბარ ხალვაშის ადვოკატისგან, პაატა სალიასგან გახდა ცნობილი, 29 სექტემბერს გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება “საქართველოს” მფლობელ ძმებ ყარამანიშვილებსა და ყოფილი თავდაცვის მინისტრის, დავით კეზერაშვილის ცოლისძმას, დიმიტრი ჩიქოვანს შორის, რომლის მიხედვითაც ჩიქოვანმა 400 ათას აშშ დოლარად იყიდა “საქართველოს” წილები, ხოლო რუსთავი 2-ში 51%-იანი წილისთვის 6 მილიონი აშშ დოლარი უნდა გადაეხადა ეტაპობრივად:

 

“ის 6 მილიონი, რომელიც უნდა ჩადებულიყო კომპანიაში, არანაირ ვალდებულებას არ წარმოშობდა რუსთავი 2-ისთვის. ამ სიტუაციაში, არსებულმა მესაკუთრეებმა გამონახეს კანონიერი გზა, რომ რუსთავი 2-ს გაეგრძელებინა ფუნქციონირება და ამ სიტუაციაში ხელისუფლებამ გააკეთა ის, რომ ორკესტრირებულად, სასამართლო და აღმასრულებელი ხელისუფლების უკანონო თანამშრომლობის გზით, გადაკეტეს ეს ფინანსირების გზაც,” – განაცხადა ზაზა ბიბილაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ქიბარ ხალვაშმა რუსთავი 2-ის წილის დასაბრუნებლად სასამართლოს 2015 წლის 4 აგვისტოს მიმართა და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით მოითხოვა რუსთავი 2-ის პარტნიორთა წილების დაყადაღება, რაც სასამართლომ დააკმაყოფილა. ხალვაშის ადვოკატების თქმით, ქიბარ ხალვაშმა ტელეკომპანია “რუსთავი 2” 2004 წელს დაახლოებით 7 მილიონ აშშ დოლარადა შეიძინა, თუმცა 2006 წელს მაშინდელი პრეზიდენტის მიხეილ საკაშვილის ჩარევით, მას ტელეკომპანია წაართვეს.

ზაზა ბიბილაშვილი
ზაზა ბიბილაშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი