ახალი ამბები

მღებრიშვილი: სპეციალური საშვების გაცემის დასარეგულირებლად ბრძანების პროექტი მზად გვაქვს

29 სექტემბერი, 2015 • 1340
მღებრიშვილი: სპეციალური საშვების გაცემის დასარეგულირებლად ბრძანების პროექტი მზად გვაქვს

“ეს საშვები გაიცემა 2009 წლის შინაგან საქმეთა სამინისტროს სრულიად საიდუმლო ბრძანების საფუძველზე. ასევე მინდა გითხრათ, რომ მისი გაცემის რეგულაციები ძალიან ბუნდოვანია. ჩვენ უკვე გამზადებული გვაქვს ბრძანების პროექტი, რომელიც ამას დაარეგულირებს და უფრო ადვილი გახდება მისი ადმინისტრირება. ყველას პასუხისმგებლობის საკითხი დადგება, ვინც გასცდება კანონის ჩარჩოებს, ამის პირობას გაძლევთ,”– განაცხადა შს მინისტრმა.

გიორგი მღებრიშვილი. ფოტო – შსს
გიორგი მღებრიშვილი. ფოტო – შსს

მინისტრმა ასევე დააანონსა, რომ სხვა სახის რეგულაციებსაც უნდა ველოდოთ:

 

“აქვე ისიც მინდა გითხრათ, რომ მინების დაბურვის ბრძანება, ციმციმების გამოყენების, სხვადასხვა რეგულაციები, ამის პროექტები გამზადებულია და უახლოეს დღეებში იხილავს დღის სინათლეს,”– განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა. 

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ და პროკურატურამ 28 სექტემბერს განაცხადეს, რომ  “რუსთავი 2″–ის მიერ 27 სექტემბერს გავრცელებულ ვიდეომასალასთან დაკავშრებით, სადაც საუბარია, რომ შსს–ს სპეციალური საშვები სამინისტროს მაღალჩინოსნების ახლობლებს დაურიგეს, სამსახურებრივი შემოწმება და გამოძება დაიწყო. 

 

“რუსთავი 2″–ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შსს–ს სპეციალური საშვები, ე.წ. “ნარუშილოვკები” სამინისტროს მაღალჩინოსნების ახლობლებს აქვთ. კერძოდ, ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ ვიდეომასალაში პოლიციის ყოფილი ლეიტენანტი გიორგი ბაბუნაშვილი აცხადებს, რომ ღერძულა ხაზის გადაკვეთის გამო გააჩერეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის, ლევან იზორიას ძმა, რომელმაც პოლიციელს ე.წ. “ნარუშილოვკა” წარუდგინა. ბაბუნაშვილის განცხადებით, ამის გამო იძულებული გახდა, რომ იზორიას ძმა შემოწმების გარეშე გაეშვა.

 

ჟურნალისტებთან ამ თემაზე ლევან იზორიამ დღეს მხოლოდ ის განაცაცხადა, რომ გამოძიება დაწყებულია და ყველა კითხვას პასუხი გაეცემა. რაც შეეხება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს, ვახტანგ გომელაურის თქმით,  კანონდარღვევის შემთხვევაში ყველა შესაბამისად დაისჯება.

 

“კანონი თუ დაარღვიეს, რა თქმა უნდა, დაისჯება ყველა, ჩემი მოადგილე იქნება თუ დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ყველა დაისჯება შესაბამისად,”– განაცხადა სუს–ის ხელმძღვანელმა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი