ახალი ამბები

შსს-ს რეფორმა: უწყების მექანიკური გაყოფა, თუ ძალაუფლების დეკონცენტრაცია?

2 ივნისი, 2015 • • 2323
შსს-ს რეფორმა: უწყების მექანიკური გაყოფა, თუ ძალაუფლების დეკონცენტრაცია?

რა იცვლება დღეს არსებულ სისტემაში


მთავრობის მიერ შემოთავაზებული პროექტით, შსს ორ უწყებად იყოფა: 1. შს სამინისტრო- იგივე პოლიცია, რომლის ფუნქციაც დანაშაულთან ბრძოლა და პრევენცია იქნება და 2. უსაფრთხოების სახელმწიფო სამსახური – იგივე უშიშროება, რომელიც ქვეყნის უსაფრთხოების წინაშე მდგარი საფრთხეების შესახებ ინფორმაციის შეგროვებას, დამუშავებას და სპეციფიკური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას შეეცდება. ეს იქნება მთავრობის უშუალო დაქვემდებარებში მყოფი აღმასრულებელი ხელისუფლების სპეციალური დაწესებულება, რომლის ხელმძღვანელსაც პრემიერის წარდგენის შემდეგ პარლამენტი დანიშნავს ექვსწლიანი ვადით.


კანონპროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, მისი ავტორები იმედოვნებენ, რომ ამ ცვლილებების შედეგად შესაძლებელი იქნება სისტემის ფარგლებში მოქცეული ჭარბი ძალაუფლების დეკონცენტრაცია, რაც დადებითად აისახება ადამიანის უფლებების დაცვის ეფექტიანობაზე.

პოლიციის დღე ქუთაისში, 31.05.2015
პოლიციის დღე ქუთაისში, 31.05.2015

რეალური რეფორმა თუ ორი უწყების ტექნიკური გაყოფა?


შინაგან საქმეთა სამინისტროში პოლიციისა და უსაფრთხოების სამინისტროს ფუნქციების განცალკევება დაახლოებით იმ მოდელით, რაც გერმანიაში მუშაობს, კოალიცია “ქართული ოცნების” ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება იყო 2012 წლის არჩევნების წინ, თუმცა მმართველმა გუნდმა რეფორმაზე მუშაობა ხელისუფლებაში ყოფნის მხოლოდ 2,5 წლის თავზე დაიწყო.

 

“უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობა უნდა იყოს საიდუმლო ინფორმაციის მოძიება, ანალიზი, სისტემატიზაცია და მისი რეალიზაცია. სისხლის სამართლებრივი დევნა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფლებამოსილება არ უნდა იყოს”, – ნათქვამია კოალიციის საარჩევნო პროგრამაში.


ეს კონცეფცია თანხვედრაშია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 1999 წლის რეკომენდაციებთან, რომლის მიხედვითაც უშიშროების სამსახურებს, გამომდინარე ადამიანის უფლებების ხელყოფის მაღალი რისკებიდან, არ უნდა ჰქონდეთ გამოძიების წარმოების და პირის დაკავების უფლება და ეს ყველაფერი პოლიციის გამოყენებით უნდა განახორციელონ. ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც სამართალდამცავი სისტემების საკითხებზე მუშაობენ, მიიჩნევენ, რომ წარმოდგენილი კანონპროექტები ამ კონცეფციას [შესაბამისად “ოცნების” დაპირებას] აცდენილია. კანონპროექტის მიხედვით, უსაფრთხოების სამსახური უფლებამოსილია აწარმოოს გამოძიება, ძებნა, დაკავება და ასე შემდეგ.


საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) მიერ ჩატარებული მოკვლევით, ევროპული გამოცდილება ძირითადად სამი ტიპის უსაფრთხოების სამსახურს იცნობს: შსს-გან განცალკევებით მდგარი უშიშროების სამსახური, რომელიც საპოლიციო უფლებამოსილებით აღჭურვილი არ არის და ანალიტიკურ საქმიანობას ახორციელებს (ჰოლანდია, სლოვენია, ჩეხეთი, გერმანია); უსაფრთხოების სამსახური, იგივე უსაფრთხოების პოლიცია, რომელიც, როგორც წესი, არა ცალკე მდგომი, არამედ პოლიციის სპეციალურ დანაყოფია, შესაბამისად, ყველა სახის საპოლიციო უფლებამოსილებას ასრულებს (დანია, ფინეთი, საფრანგეთი, ნორვეგია, შვეიცარია, შვედეთი) და განცალკევებით მდგარი უსაფრთხოების სამსახური, რომელსაც გააჩნია ბრალდებულის დაკავებისა და დაკითხვის უფლებამოსილება (რუსეთი).


საიას ხელმძღვანელი ანა ნაცვლიშვილი “ბათუმელებთან” საუბარში ამბობს, რომ ხელისუფლების მიერ შემოთავაზებული მოდელი სწორედ რუსეთის ეფ-ეს-ბე-ს ჰგავს.


“უსაფრთხოების სამსახურის ძირითადი უფლებამოსილებები საჭიროებს ძირეულ გადახედვას, ნაცვლად განუსაზღვრელი მასშტაბების საპოლიციო უფლებამოსილებების ავტომატურად მინიჭებისა, უნდა გაანალიზდეს საქართველოს საჭიროებები და დეტალურად იქნას შესწავლილი ზემოხსენებული ქვეყნების გამოცდილება. ეს საშუალებას მოგვცემს შეირჩეს ოპტიმალური მოდელი საქართველოსთვის”, – აცხადებენ საიაში.


არასამთავრობო ორგანიზაცია “ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის” იურისტი სოფო ვერძეული კი ამბობს, რომ შემოთავაზებული ცვლილებებით უსაფრთხოების სამსახურს, გარდა გამოძიების წარმოებისა და ადამიანის დაკავებისა, შეეძლება, უსაფრთხოების დასაცავად პოლიციის სპეციალური ტექნიკური საშუალებები გამოიყენოს, მათ შორის: ცრემლსადენი გაზი, წიწაკის გაზი, აკუსტიკური საშუალება, არალეტალური იარაღი (მათ შორის, არალეტალური ჭურვი), ფსიქოლოგიური ზემოქმედების შუქბგერითი მოწყობილობა, ტრანსპორტის იძულებითი გაჩერების საშუალება, დაბრკოლების დამანგრეველი საშუალება, წყალსატყორცნი, ჯავშანმანქანა, სპეციალური საღებავი, სასამსახურო ძაღლი, სასამსახურო ცხენი, ელექტროშოკური მოწყობილობა და შესაბოჭი ბადე.


“რა შემთხვევაში შეიძლება დასჭირდეს უშიშორების სამსახურს, მაგალითად, წყლის ჭავლი? თუ საუბარია იმაზე, რომ უშიშროების ძალებს გამოიყენებენ მანიფესტაციების [დაშლის] დროს, ეს არც ერთ საერთაშორისო სტანდარტს არ შეესაბამება, ამიტომ ამ ნაწილში ეს რეფორმა ფორმალურია, რომელსაც არანაირი არსებითი გავლენა არ ექნება”, – ამბობს ვერძეული.


მისივე თქმით, ცვლილებების შემოთავაზებული ვარიანტი ასევე ვერ პასუხობს ერთ-ერთ უმთავრეს კითხვას, რომელიც უშიშროების სამსახურების კონტექსტში დაისმის საქართველოში: იყენებენ თუ არა ხელისუფლებაში მყოფი ძალები ამ ინსტრუმენტს ფარული თუ არაფორმალური გავლენებისათვის პოლიტიკურ პროცესებზე ქვეყანაში?


“საზოგადოებამ არაფერი იცის უშიშროების სამსახურების საქმიანობაზე, არ ვიცით, რას აკეთებენ ეს ადამიანები, რა კომპეტენცია აქვთ, რამდენი ადამიანი მუშაობს ამ სამსახურში? ეს, რა თქმა უნდა, აძლიერებს ეჭვებს, რომ ინტერესის შემთხვევაში უშიშროების სამსახურები კონკრეტულმა პოლიტიკურმა ჯგუფმა შეიძლება საკუთარი პოლიტიკური სტაბილურობისთვის და ოპოზიციის წინააღმდეგ გამოიყენოს. პოლიტიკურად ნეიტრალიტეტის საკითხი არსებითად არის გადასახედი”, – ამბობს იგი და დასძენს, რომ ამ კუთხით საჭიროა მეტი გამჭვირვალობა.


“უნდა ვიცოდეთ, რამდენი თანამშრომელი ჰყავს, რას აკეთებენ ისინი და უნდა ვიცოდეთ სახელმწიფოს ხედვა უშიშროების სამსახურების ფუნქციონირებასთან დაკავშირებით”.


სამსახურის პოლიტიკური ნეიტრალობის უზრუნველყოფის გზას კანონპროექტის ავტორები ახალი უწყების ხელმძღვანელის დანიშვნის წესის რეგულირებაში ხედავენ, რომლის მიხედვითაც, არ შეიძლება უფროსად აირჩიონ ადამიანი, რომელიც პოლიტიკური პარტიის წევრია. ამასთან, უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებული იქნება პარლამენტის წინაშე, რადგან ყოველწლიურად პარლამენტში მოუწევს გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშის წარდგენა. კანონპროექტში დაკონკრეტებული არ არის, იგი ანგარიშს 150-ვე დეპუტატს წარუდგენს საჯარო ფორმატში, თუ რომელიმე სპეციალურ კომიტეტს ან ნდობის ჯგუფს, ამიტომ სოფო ვერძეული და ანა ნაცვლიშვილი შსს-ს რეკომენდაციით მიმართავენ, ეს საკითხი დაარეგულირონ, რადგან ანგარიშის წარდგენისას შესაძლოა სამსახურის უფროსს გაკრვეული ტიპის საიდუმლო ინფორმაციის გამჟღავნება მოუწიოს.


სოფო ვერძეულის თქმით, მნიშვნელოვანია არა მხოლოდ უსაფრთხოების ახალი სამსახურის რეფორმირება, არამედ პოლიციის სისტემის გარდაქმნაც და მინისტრის და სამინისტროს პოლიტიკური ხელმძღვანელობის პოლიციის დეპარტამენტებისგან დისტანცირება, რათა პოლიციის რეალური დეპოლიტიზაცია იქნას მიღწეული:


“დღეს თუ მინისტრს აქვს უშუალო ზედამხედველობის ფუნქცია და გავლენები პოლიციაზე, ეს აღარ უნდა იყოს შესაძლებელი, პოლიციის დანაყოფები უნდა გამოეყოს ცენტრალურ აპარატს, რა თქმა უნდა, უნდა დარჩეს შსს-ში, თუმცა მისი დამოუკიდებლობა უნდა გაძლიერდეს, უნდა შეიცვალოს პოლიციის უფროსის შერჩევის და დანიშვნის წესი, ეს უნდა იყოს ღია კონკურსით დანიშნული ადამიანი და პოლიტიკურ ფიგურას არ უნდა ჰქონდეს გავლენა პოლიციის მუშაობაზე”.


საია აცხადებს, რომ მიესალმება მთავრობის მზაობას მოახდინოს შსს-ს ხელთ არსებული ჭარბი ძალაუფლების დეკონცენტრაცია და შექმნას ინსტიტუციურად და ფუნქციურად გამიჯნული უშიშროების სამსახური. ორგანიზაციის აზრით, შემოთავაზებული ცვლილებები ფრაგმენტული ხასიათისაა და საჭიროა შემუშავდეს ერთიანი კონცეფცია. იმავე აზრზეა EMC-იც, რომელიც მიიჩნევს, რომ კონცეფცია სისტემასთან დაკავშირებული პრობლემის მასშტაბებს არ შეესაბამება.


მინისტრის პოზიცია

შს მინისტრი ვახტანგ გომელაური სიტყვით გამოსვლის დროს პოლიციის დღესთან დაკავშირებით, ქუთაისი, 31.05.2015
შს მინისტრი ვახტანგ გომელაური სიტყვით გამოსვლის დროს პოლიციის დღესთან დაკავშირებით, ქუთაისი, 31.05.2015

“ბათუმელებმა” შსს-ს პრესსამსახურს სთხოვა დაეკავშირებინა უწყების წარმომადგენელთან, რომელიც სტატიაში დასმულ საკითხებზე შეკითხვებს უპასუხებდა. შსს-სგან პასუხი არ მიგვიღია, თუმცა გთავაზობთ შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის პოზიციას, რომელმაც 7 მაისს მთავრობის საკომიტეტო მოსმენისას დეპუტატების მიერ დასმულ შეკითხვას, – რამდენად არის მზად შსს ძალაუფლების დეკონცენტრაციისთვის? ასე უპასუხა:


“ახლა ხდება მექანიკური გაყოფა, შემდეგ ვფიქრობთ, რომ რეფორმები გატარდეს, როგორც შსს-ში, ასევე უსაფრთხოების კუთხით. რაც ჩვენ გვინდა, ის ყველაფერი ერთი ხელის მოსმით, უცებ ვერ გაკეთდება. ჩვენ რომ ახლა ძირეულად, სიღრმისეულად ჩასვლა დავიწყოთ, შეიძლება არც ერთი და არც ორი წელი არ გვეყოს, ამიტომ, სჯობს [ჯერ] გაიყოს [უწყებები] და შემდეგ უფრო გამოჩნდება, რა იქნება საჭირო და რა დონეზე”.

მასალების გადაბეჭდვის წესი